რუსთაველების ნაწილი არ ადასტურებს „ოცნების“ მიერ ნობათის დარიგებას, თუმცა ელის

პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ, 27 აგვისტოს სოციალური ქსელის facebook-ის, პირად გვერდზე აღნიშნული ფოტო, შემდეგი ტექსტით გაავრცელა:

„  რუსთავში ყვარყვარე დალაქიშვილმა და ძმანი მათმა დაიწყეს საარჩევნოდ ნობათის დარიგება. თქვენ ამ ნობათს გაძლევენ, ისაც მხოლოდ საარჩევნოდ და თვითონ მილიონებს იდებენ.. ხალხო, ერთჯერად სიამოვნებაზე ნუ ცვლით ქვეყნის კეთილდღეობას.“

QvemoQartli.ge საკითხზე კობაიძეს დაუკავშირდა. ინფორმაციის სანდოობის გადასამოწმებლად, ჩვენს კონკრეტულ კითხვებს მან უპასუხა:

„ გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორი დღით ადრე მივიღე წყაროსგან ეს ინფორმაცია. როგორც მე მეუბნებიან ეს არის გადაღებული, „ქართული ოცნების“ რუსთავის შარტავას გამზირზე არსებულ ოფისში. ვინ გადაიღებდა, ამ პროცესს მე და თქვენ ხომ არ დაგვასწრებდნენ?!

რუსთავის ინტერნატების დასახლებაში დარიგდა და მე-19 მიკრო რაიონში, სხვაგან არ ვიცი. რა გაუკვირდათ პირველად დაარიგეს?! დიახ, ჩემს პოსტში ვახსენე პარლამენტის წევრი დალაქიშვილი. მას აქვს ჩაბარებული პარტიული თემები. მამა მარჩენალი, არქიპო რუსთავის ეგ არის“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

QvemoQartli.ge-მ თავისი მწირი რესურსებიდან გამომდინარე, ჟურნალისტური სამუშაო დასახელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მხოლოდ, რუსთავის ინტერნატების დასახლებაში ჩაატარა. მოსახლეობის ნაწილმა, ასევე ჩვენთვის ცნობილმა ოპოზიციური განწყობების მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ წელს წინასაარჩევნო ნობათი მმართველი პარტიისგან არ მიუღიათ. პირად საუბარში კი მოქალაქეების ნაწილმა განაცხადა, რომ გასული არჩევნების გამოცდილებით, ასეთი ნობათის მიღებას, უფრო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელიან.

საკითხზე განცხადება, ჩვენს კოლეგებთან, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

„ სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პარტიები ცდილობენ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს და არ აძლევენ უბრალოდ მოქალაქეებს საშუალებას, რომ გაეცნონ ყოველი პარტიის ხედვას, გეგმებს და ამის მიხედვით მათ გააკეთონ ღირსეული გადაწყვეტილება, როდესაც მივლენ საარჩევნო ყუთთან“, – აღნიშნავდა ნინო ლაცაბიძე.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით