რუსთავში ოპოზიცია საარჩევნო უბნებში კომისიის „დამოუკიდებელ“ წევრებად მმართველი პარტიის აგიტატორების დანიშნვაზე საუბრობს

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა ჩატარდა. განხილვისთვის სამი საკითხი წარადგინეს: რუსთავის 45-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის არჩევა; #21, #81, #1, #12 და #17 საარჩევნო უბნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება.

პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 45-ე უბანზე კომისიის წევრის არჩევას უკავშირდებოდა, აღმოჩნდა რომ სულ ორი განაცხადია შემოსული კონკურსანტებისგან რუსუდან ფრუიძისა და ნათელა მეტრეველისგან.

პირველი კენჭისყრის შედეგად ერთ-ერთმა კანდიდატმა 11 ხმა მიიღო, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე – ჩატარდა მეორე კენჭისყრა. აღნიშნული პროცესის დროს, ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, მიუხედავად იმისა რომ კონკურსი ერთი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად იყო გამოცხადებული, ხმა ორივე კანდიდატს მისცა. შეცდომაზე მითითების შემდეგ, ერთი კანდიდატის არჩევით შემოიფარგლა.

სხდომაზე რამდენიმე კომისიის წევრმა კერჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მათ შორის იყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ევროპული საქართველოდან“ ეკატერინე ისახანაშვილი.

ისახანაშვილმა აღნიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ხდება მმართველი პარტიის აქტივის არჩევა, რის გამოც იგი არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. აცხადებს, რომ ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და აღნიშნული, კონკრეტული ფაქტებითაც შეუძლია დაადასტუროს. კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით კი აცხადებს:

„ კონკურსანტებს განაცხადში პირდაპირ უწერიათ, რომ არიან მმართველი პარტიის კოორდინატორები და აგიტატორები“,- საუბრობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ევროპული საქართველოდან.“

ისახანაშვილი დასძენს, რომ იგი გაეცნო არა ერთ განაცხადს, რომელიც ეხებოდა ვაკანტური პოზიციების დაკავებას, რუსთავის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში და შენიშნა, რომ თითქმის ყველა განაცხადი ერთი ხელით და მესამე პირშია დაწერილი, რაც მისი თქმით, მიუთითებს რომ განაცხადები არ არის კანდიდატების მიერ მომზადებული და საქმე მართულ პროცესთან გვაქვს.

სხდომის განსახილველ საკითხებზე და ქალბატონი ეკატერინეს დასახელებულ გარემოებაზე, ვესაუბრეთ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, ხათუნა გოშაძეს.

გოშაძე აცხადებს, რომ არც ერთ კონკურსანტს არ ჰქონდა განაცხადში მითითებული, რომ ისინი პარტიის კოორდინატორები და აგიტატორები არიან. გვიხსნის, რომ ერთ-ერთ კონკურსანტს, რუსუდან ფრუიძეს საერთოდ ერთი წინადადება ეწერა განაცხადში, რომლის თანახმადაც იგი იყო კომისიის წევრი, თუმცა რომელ კომისიაზე იყო საუბარი არ მიუთითებია.

„ არჩევანი გავაკეთეთ ნათელა მეტრეველის სასარგებლოდ, რომელიც 2012-2018 წლებში მუშაობდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად. მას ასევე გავლილი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის კურსები.

გეტყვით, რომ ყველა კონკურსანტის მონაცემი პროგრამულად მუშავდება და თვითონ სისტემა არ მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ კონკურსანტი, რომელიც გასულ არჩევნებზე რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დანიშნული კომისიის წევრი იყო“,- აცხადებს ხათუნა გოშაძე.

რუსთავის 21-ე, 81-ე საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების არჩევის საჭიროებაზე კი გვიხსნის, რომ აღნიშნულ უბნებზე უფლებამოსილების შეწყვეტა ორმა კომისიის წევრმა „ოჯახური პირობების“ გამო ითხოვა.

ხოლო სხვა უბნებთან დაკავშირებით:

„ #1 საარჩევნო უბანზე კი დარჩა ერთი ვაკანტური ადგილი, რადგან „საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა“ არ დანიშნეს კომისიის წევრი, ხოლო #12 და #17 უბნების შემთხვევაში,  „ევროპელმა სოციალისტებმა“ ვერ აითვისეს ვაკანტური ადგილები“,- #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ხათუნა გოშაძე.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით