წინწყარო წყაროს იმედად რჩება

„ონკანი?! ეგ რისთვისაა?!“ –  ასე ჟღერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს მოზარდების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობა. სოფელს უკვე წლებია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვს. წინწყაროში ამბობენ, რომ წყალი ოთხ დღეში ერთხელ აქვთ, ისიც ერთი საათით და არის ზაფხულის თვეები, როდესაც კვირობით ელიან მას.

სოფელი წყალს ყიდულობს, ან ეზიდება წყაროებიდან. ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი პროექტი განხორციელდა სოფლის წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაზე, რომ ზოგადად სოფელს წყლის საკმარისი რაოდენობა არ მიეწოდება და პრობლემა მილების გაუმართაობაში არ არის. თუმცა ისმის მოსაზრებები წყლის „მოპარვაზე“, მეცხვარეების მიერ მილების დაზიანებაზე. რეალურად კი მაინც არავინ იცის, რასთან აქვთ საქმე.

წინწყაროს მთავარ პრობლემაზე ადგილობრივები ჯემალ და ზაურ ფუტკარეძეები საუბრობენ. მათ მოსაზრებას ადგილობრივი ჯამბულ აბაშიძეც იზიარებს და გვიხსნის, რომ „საშველი არ დაადგათ.“ მათ წინწყაროს ერთ-ერთ წყაროზე ვხვდებით. როგორც ვატყობთ წყარო, აქაურების თავშეყრის ადგილია.

საკითხში გასარკვევათ თეთრიწყაროს თვითმმართველობას მივმართავთ. კითხვებს თეთრიწყაროს მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ნატო ალთუნაშვილი პასუხობს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, როდის  და რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავს სოფელ წინწყაროში სასმელი და სარწყავი წყალის პრობლემის გადასაჭრელად?

მიმდინარე წელს მერიის მიერ გამოცხადდება ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენაზე, რომლის თანახმად მოხდება მდ.ხრამის შენაკადის ე.წ. „ყარასოს წყლის“ ამოტუმბვა, ცენტრალური მაგისტრალის, წყალშემკრები რეზერვუარის და შიდა ქსელების მოწყობა, პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის მიწოდება სოფელ წინწყაროსა და მიმდებარე სოფლებში. შესაბამის სპეციალისტებთან ერთად უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, რის შედეგადაც მოხდა წყლის დებეტის, პროექტის განხორციელების სავრაუდო გრაფიკისა და ღირებულების დათვლა (დაახლოებით 3 მლნ ლარი). წყლის ლაბორატორიული შემოწმებით დადგენილია, რომ ის სასმელად ვარგისი და უსაფრთხოა. პროექტის მომზადების შემდგომ, მისი განხორციელების დაფინანსების თაობაზე მერია მიმართავს სახელმწიფო უწყებებს.

ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თქვენი მუნიციპალიტეტის სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სოფელ წინწყაროში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა პროექტები შესრულდა, თუმცა არსებითი შედეგი ვერცერთმა ვერ გამოიღო.

გთხოვთ, განმარტოთ დღემდე რა პროექტები განხორციელდა სოფელ წინწყაროში წყლის საკითხის მოსაგვარებლად?

სოფელი წინწყარო სასმელი წყლით მარაგდება სოფლიდან 14 კმ დაშორებული წყაროს წყლებით (ე.წ. ქსოვრეთის ტყიდან), აღნიშნულ 14 კმ სიგრძის მაგისტრალურ ტრასაზე ხშირია ფიზიკური დაზიანებები, ან/და მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობის მიერ წყლის თვითნებური მიერთება/მიტაცება. ქსელის მოვლა-პატრონობას და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ა(ა)იპ „თეთრიწყარო-წყალი“. ამასთან, სათავეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ წყლის რესურსმა წლების განმავლობაში იკლო, შესაბამისად დღეს არსებული დებეტი ვერ უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით სრულფასოვნად დაკმაყოფილებას, აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა ზემოხსენებული ალტერნატიული პროექტის განხორციელების აუცილებლობა.

რა თანხები დაიხარჯა მათზე და რა შედეგი მიიღეთ?

გასულ 2014-2017 წლებში, სოფელ წინწყაროში არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, სრული სტანდარტების დაცვით მოეწყო 800 მ3 მოცულობის სასმელი წყლის რეზერვუარი და ცენტრალური მაგისტრალი.  

სახელმწიფო ბიუჯეტით (ღირებულებით 17 000 ლარი) მოხდა დაზიანებული გამანაწილებელი და სოფლის შიდა ქსელის აღდგენა-რეაბილიტაცია, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა სოფელში წყლის დანაკარგი. ხოლო, მოსახლეობაში თანაბარი დიამეტრის მილებით წყლის შეყვანამ დააბალანსა და თანაბრად გადაანაწილა წყლის არსებული რესურსი.

ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით (ღირებულებით 25 000 ლარი) ე.წ. ქსოვრეთის სათავეზე მოხდა დაზიანებული სათავე ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია, მოეწყო საფილტრი ნაგებობა.

რა არის ობიექტური (ან სუბიექტური) მიზეზი, რის გამოც სოფელი კვლავ დგას ამ პრობლემის წინაშე?

ერთის მხრივ წყლის არსებული დებეტის წლების მანძილზე შემცირება და გაუმართავი ინფრასტრუქტურა ასევე გაზრდილი მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ წყლის არარაციონალური და არამიზნობრივი გამოყენება არის ის ობიექტური და ამავდროულად სუბიექტური მიზეზები, რის გამოც სოფელი წინწყარო კვლავ არასაკმარისი სასმელი წყლის პრობლების წინაშე დგას. ვიმედოვნებ, სახელმწიფო, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის აქტიურობითა და ურთიერთანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, სოფელს ექნება ღირსეული საცხოვრებელი  და ის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით.