რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და ხელს უწყობენ ამ პროცესს.

ამაზე მეტად, რომ მინდოდა ის ოცნებები არ ამიხდა, მაგრამ ეს კი ბატონო!

8 დეკემბერს, მთელი 14 ადამიანი დავესწრებოდით საჯარო ონლაინ განხილვას, სადაც  „რუსთავის ფოლადმა“ არასახიფათო ნარჩენების აღდგენის საწარმოს, წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქროს, ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართა. საქმე, არსებული საამქროს, გაფართოებას ეხება. ეს ობიექტი  ახლა რუსთავთან ახლოს მდებარე სოფელ თაზაქენდის მეზობლადაა. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით, ცალკე სამძიმრის წერილია სოფელ თაზაქენდში გასაგზავნი.

საწარმომ, ეს განხილვის პროცესი მისი დაქირავებული კომპანიის, შპს „გამა კონსალტინგის“ დახმარებით წარმართა. ანუ ნარჩენების მართვის გეგმა, საწარმოს ამ კომპანიამ მოუმზადა. ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუ რა თქმა უნდა, საქმეს კომპანია არა დამკვეთის ინტერესების მიხედვით, არამედ გარემოს დაცვის სარკმლიდან შეხედავს. ჩემი პირადი, ძალიან სუბიექტური აზრით, ჩვენ არ გაგვიმართლა! ვფიქრობ, „გამა კონსალტინგს“ ამ სარკმლის ძებნისთვის თავი არ შეუწუხებია.

ძალიან მიჭირს ამ მასალის ისე მომზადება, როგორც საჭიროა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით. ანუ ამან ის თქვა, იმან კიდე ეს და მორჩა  – აბა კარგად იყავით! ამჯერად, ასე ვერ დავწერ, მაგრამ არც შეცდომაში შეგიყვანთ, ყველაფერი რაც ჩემი შეფასება იქნება და არა ფაქტი, ვიტყვი რომ ჩემი აზრია და თან არც ისე მოკრძალებული.

ახლა, რაშია საქმე?

შპს „რუსთავის ფოლადი“-ს  არასახიფათო ნარჩენების აღდგენა, წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქროს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ვკითხულობთ:

„ შპს „რუსთავის ფოლადი“ ფოლადსადნობ საამქროში დაგეგმილი ახალი 35 ტ/სთ წარმადობის ფოლადსადნობი ღუმელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მეტალურგიულ საწარმოში ადგილი ექნება ტექნოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი წიდების რაოდენობის გაზრდას. ამასთან, არსებული წიდასაყარის ტერიტორიაზე დაგეგმილია არა მხოლოდ შპს ,,რუსთავის ფოლადის’’ მეტალურგიული საწარმოს ნარჩენების, არამედ, სხვა იურიდიული პირების საწარმოებში წარმოქმნილი ანალოგიური საწარმოების ნარჩენების (წიდები, ხენჯი, მტვერდამჭერი სისტემებიდან მიღებული მტვერი) და სამშენებლო ნარჩენების მიღებაგანთავსება, რომელიც დამუშავდება წიდასაყარზე არსებულ და დაგეგმილ სამსხვრევდამხარისხებელ დანადგარებზე. დაგეგმილი საქმიანობა არ ითვალისწინებს წიდასაყარზე მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების ცვლილებას და ადგილი ექნება, საწარმოშო დამუშავების მიზნით შემოტანილი ნარჩენების რაოდენობის გაზრდას. საწარმოში, დღე-ღამეში შემოტანილი ნარჩენების რაოდენობა შეადგებს დაახლოებით 800 ტ/დღღ. ამასთანავე ახალი დამხარსხებელი დანადგარის ამოქმედებასთან დაკავშირებით გაიზრდება გადამშავებული წიდის რაოდენობა და დღეს არსებული 4000 ტ/დღღ-ის ნაცვლად იქნება 8000 ტ/დღღ.“

ეს დოკუმენტი შპს „გამა კონსალტინგმა“ მოუმზადა კომპანიას. შპს-ს წარმომადგენელი და როგორც მივხვდი ანგარიშის ავტორი, თამარ ნასუაშვილი – საჯარო განხილვის დროს, აცხადებდა რომ ამ გაზრდილი მონაცმების მიუხედავად, არც ჰაერი დაბინძურდებოდა და ობიექტთან სიახლოვეს მცხოვრებ სოფელ თაზაქენდის მოსახლეობასაც,  ხმაური არ შეაწუხებდა. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვა, ქალბატონი თამარი გვიხსნიდა, რომ ჰაერში ემისების გაფრქვევა და ხმაურიც, არ გასცდებოდა დასაშვებ ზღვარს.

აქვე, მინდა ვთქვა, რომ გარემოს დაცვით ახალ კანონს, საშველი რომ არ დაადგეს და არ მიიღეს, იმ კანონშემოქმედებს, მოვიკითხავ „დიდი სიყვარულით.“

ვაგრძელებთ თხრობას.

ამ ონლაინ შეხვედრას, ესწრებოდნენ როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო აქტივისტები, ცნობილი მებრძოლები ჯგუფიდან „გავიგუდეთ“, ასევე გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ და „რუსთავის ფოლადის“ ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ ოთარაშვილი.

აქ, უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვასილი, როგორც გვითხრა ბაკურიანიდან მოემართებოდა, ამიტომ შიგადაშიგ მოძრავი ავტომობილად გვერთვებდა. მაგრამ ეგ აქ რა მოსატანია.

კარგით, ვერაფრით ვერევი ბრაზს, მაგრამ ვუბრუნდები ამ საჯარო განხილვას. აქ ცოტა კი მრცხვენია სიტყვა საჯაროს, რომ ვამბობ, მაგრამ ყველაფერი ჩვენი “საუკეთესო” კანონების სრული დაცვით წარიმართა და აბა, მე რა ქნა?!

შეხვედრაზე, რამდენიმე საინტერესო მომენტი ვიხილეთ. საწარმოს წარმომადგენელი ვასილ ოთარაშვილი ცდილობდა მსმენელების დარწმუნებას, რომ რუსთავის ჰაერი მეტ-წილად არა საწარმოების, არამედ თბილისიდან წამოსილი ავტობილების და სხვა დამაბინძურებლების შედეგად ზიანდება. როდესაც კონკრეტული კვლევები სთხოვეს, განაცხადა, რომ ეს ტელევიზიით მოისმინა, არსებობს შესაბამისი კვლევებიც, მაგრამ ახლა აბა როგორ მოგვაწვდის?!

ვუბრუნდებით შეხვედრის სხვა მონაწილეებს.

„მწვანე ალტერნატივა“ კი როგორც გავიგეთ, რამდენიმე დღის წინ, სტუმრობდა სოფელ თაზაქენდს, რომელსაც სხვა საწარმოებიც აწუხებენ და შეხვედრაზე კითხულობდა, რა სასწაული ძალით ხდება ის, რომ ანგარიშის თანახმად, არ იზრდება არსებითად არც ემისიები და არც ხმაური, როდესაც ერთი თაზაქანდში გარემოს დაცვითი კუთხით, ისედაც რთული ვითარებაა და მეორე, “რუსთავის ფოლადის” ადგილზე არსებული საამქრო ფართოვდება და ზრდის გადასამუშავებელი მასალის მოცულობას?! ორგანიზაციამ და „გავიგუდეს“ წარმომადგენელმა თინათინ მაღედანმა ასევე იკითხეს, ანგარისში რომ გიწერიათ გამწვანება-ო, მაინც რამდენი ხე დაირგვება, რატომ არ მიუთითეთ-ო.

მოკლედ, ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც „რუსთავის ფოლადი“, ასევე შპს „გამა კონსალტინგი“ სარგებლობენ იმით, რომ ჩვენ არც ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის საკმარისი სადგურები გვაქვს და არც ადეკვატური კანონმდებლობა. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილეება მისაღები არავის აინტერესებს ის რეალური სურათი, რომელსაც ჩვენ საკუთარი თვალით, ყოველდღე ვხედავთ.

გიზიარებთ, შეხვედრის ვიდეო ჩანაწერებს. აქვე, ბოდიშს გიხდით მათი მსგავსი ფორმით წარმოდგენისთვის.

[ეკრანის ჩამწერმა პროგრამამ გვიღალატა, ამიტომ როგორც შევძელით ისე გადავიღეთ]

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ფოტოს წყარო: კადრი, შპს “გამა კონსალტინგი”-ს პრეზენტაციიდან.

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით