28 ნოემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შედის
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
- 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
- მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
- რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway; „დელივერი“; „დრაივი“
- ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
- ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
- სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში – და სათხილამურო კურორტებზე- ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
- თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტებზე:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
- ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქდება და ქვეყნის მასშტაბით:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
- ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
- აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
- არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი – 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
- და სხვა.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.