უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების შესრულება და მოლაპარაკებების დაწყება არ მოხდა. შედეგად  ოპოზიციამ  ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა და განაცხადა, რომ არავის მისცემდა შენობაში  შესვლის ან გამოსვლის უფლებას.

ოპოზიციის ლიდერებზე ადრე, ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების ნაწილი მივიდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ცესკოსთან დაიწყო დაპირისპირებები, რომელსაც დღეს ოპოზიცია და მთავრობა სხვადასხვაგვარად აფასებს.

QvemoQartli.ge დაინტერესდა, როგორ აფასებს მომხდარს, პროცესების ნეიტრალური დამკვირვებელი მხარე, სამოქალაქო სექტორი.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადგილზე აკვირდებოდა მიმდინარე პროცესებს. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი შეფასებები საზოგადოებას გააცნო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები 2020 წლის 8 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს პარლამენტის და შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მოქალაქეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სრულ მიმდინარეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათი დაშლის მიზნით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი და უცნობი სახის (სავარაუდოდ – ცრემლსადენი) აირი“- ადამიანის უფლებათა ცენტრი.

პროცესები სახალხო დამცველმაც, მსგავსი აცენტებით შეაფასა და განაცხადა, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

“უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ”- აცხადებს სახალხო დამცველი.

აქციის მონაწილეთა ძალისმიერ დაშლას ესხმაურება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებულ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა:

“მით უფრო, ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზით. აგრეთვე არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს”, – EMC

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით ცესკოსთან პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს. TI-ს განცხადებით, პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მათივე თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

“ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად”, – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ფოტოს წყარო: ფოტოკადრი „ფორმულას“ პირდაპირი ეთერიდან.

QvemoQartli.ge