50 კილოიან ტომრებს ვეზიდები – ქალები ბოლნისის სურსათის ბაზრიდან

ბოლნისის სურსათის ბაზარში მყიდველზე მეტი მოვაჭრეა. კითხვაზე რა სირთულეები ხვდებათ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, ყველანი ქალბატონ მაგულისთან გვამისამართებენ.

ქალბატონი მაგული, 65 წლის ბაბალე უგრეხელიძეა. იგი აფხაზეთიდანაა და ბოლნისში 1993 წლიდან ცხოვრობს. სოხუმიდან ბოლნისამდე რთული გზა გამოიარა. მას და მის ოჯახს აფხაზეთის დატოვება, სვანეთის უღელტეხილით მოუწიათ. დღეს ქალბატონი მაგული ამბობს, რომ იმ 12 დღის გამო, რომელიც მან ოჯახთან ერთად სვანეთის გზაზე გაატარა – კარგად ესმის, რას ნიშნავს გაჭირვება. ამიტომაც ნისიით, ხშირად გასცემს სურსათს.

„ როგორც ქალს რა სირთულეები მაქვს?! რაც აქეთ გადმოვედით მე კაცად ვიქეცი. იქით ჩემი პატარა შვილები მყავდა მისახედი და აქეთ ჩემი 20 წლის დაქვრივებული რძლისები, ჩემი ძმისშვილები. ძმა ცინკის კუბოთი დავკრძალეთ. ჩემმა რძალმა მითხრა, შენ გარდა არავინ მყავს-ო და როგორ მივატოვებდი?! მადლობელი ვარ ჩემი ჯანმრთელობის, ბევრი შევძელი. აი ასე ამ მხრებით დამაქვს 50 კილო ტვირთი. დილის 05:00 საათზე ვდგები. ვისწავლე აზერბაიჯანული ენა, მაქვს ჩემი სახელი და მენდობიან ადამიანები“, – ბაბალე (მაგული) უგრეხელიძე.

საუბარზე გვთანხმდება, მაგრამ სახელს და გვარს არ გვაწერინებს ქალბატონი, რომელსაც მოხარშული თევზები დააქვს გასაყიდად. მას ბაზარში დახლი არ აქვს და თევზების გასაყიდად სიარული უწევს.

„ უძილობა არის ჩემი პრობლემა. ღამით ვმუშაობ, რომ თევზები მოვამზადო, მოვხარშო – დღისით კი ასე დავდივარ ბევრს, ვყიდი. მერე მივალ სახლში და შვილიშვილები ბებია, ბებიას გაიძახიან და ვარ ასე, სულ საქმეში“,- გვიყვება. ამბობს, რომ ძალიან უკმაყოფილოა ექიმების მუშაობით. არ ენდობა მათ და თვლის, რომ ექიმების ნაწილი ცდილობს წამლების გაყიდვას და ამით სარგებლის მიღებას.

ნინა აქოფაშვილი

თავისი დარდი აქვს, ნინა აქოფაშვილს. ის აქ ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი ქალბატონია. ყიდის მწვანილს. ამბობს, რომ პურის ფულს აკეთებს. „ სამი შვილი მყავდა და არც ერთი დამრჩა. მათ გადასარჩენად სახლიც გავყიდეთ, მაგრამ მაინც ვერ.. ახლა მეზობელთან ვცხოვრობ. არ მაქვს სახლი. ვთხოვ, ვისაც შეუძლია დამეხმაროს ამ საქმეში“,- საუბრობს ნინა აქოფაშვილი.

ბაზარში ვეტერინარული აფთიაქიცაა. აქ, მომუშავე ქალბატონი ისურვებდა, რომ ბაზარში ვიდეო კონტროლი იყოს. საუბრობს, რომ ზოგჯერ კონფლიქტი ხდება მყიდველსა და გამყიდველს შორის და ასეთი კონტროლის არსებობა, ბევრ პრობლემას მოაგვარებდა.

ბოლნისის ბაზარში მომუშავეები, ზოგად პრობლემებზე საუბრისას ამბობენ, რომ ობიექტი არ არის კეთილმოწყობილი. ზამთარში სიცივის, ხოლო ზაფხულში მწველი მზის ატანა უწევთ.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით