320 000 ევრო, 200 000 ევრო – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტში
QvemoQartli.ge-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან 2021-2024 წლებში, ევროკავშირის დაფინანსებით“ განხორციელებულ პროექტებზე გამოითხოვა ინფორმაცია.
უწყების მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2018-2021 წლებში ევროკავშირის გრანტი მიიღო პროექტის ფარგლებში: “ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება.“
„ პროექტის ფარგლებში: განხორციელდა თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მოეწყო კანალიზაცია, ქვაფენილი, გარე განათება დატურისტული მარკირების ნიშნები); მოეწყო აგროცენტრი (შეიქმნა სივრცე, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით); შემუშავდა „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას მუნიციპალიტეტში; ფერმერებისა და ტურიზმის სფეროში ჩართული მეწარმეებისთვის ჩატარდა ტრენინგები“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.
ევროკავშირმა პროექტისთვის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 320,000 ევრო გამოყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების შემდეგ კი პროექტის მთლიანმა ბიუჯეტმა 380,000 ევრო შეადგინა.
მეორე პროექტი კი რომლის შესახებაც ბოლნისის მერიამ მოგვაწოდა ინფორმაცია გახლავთ: „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ .
მისი განხორციელება ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის პირველი თებერვლიდან პარტნიორ ორგანიზაცია CURSUS-თან ერთად დაიწყო.
პროექტის მიზნები შემდეგი იყო:
- სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და ღვინის ხარისხის კონტროლის მეშვეობით ადგილობრივი ბიზნესის წარმოების გაუმჯობესება;
- ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესის ეკონომიკური აქტივობისა და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება ტექნიკური ინსტრუმენტების, უნარ-ჩვევების, ცოდნისა და შესაძლებლობების შექმნის მეშვეობით, რომლებიც ჩართულნი არიან სოფლის მეურნეობის წარმოების ღირებულების ჯაჭვსა და ტურიზმში;
- მუნიციპალიტეტების გაძლიერება ბიზნესის სტიმულირების ინოვაციური აქტივობების შემუშავებისა და განხორციელების, კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელების დანერგვისა და მონიტორინგისთვის;
- სხვა მუნიციპალიტეტების ცნობიერების ამაღლება, ეკონომიკურ განვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის შესახებ;
- ქალაქ ბოლნისის მიმზიდველ საცხოვრებელ და ტურისტულ ადგილად ქცევა
„ ბოლნისის აგროცენტრში დაინერგა ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებას, როგორებიცაა: მარცვლეული, რძე და ღვინო; შეიქმნა ონლაინ – პლატფორმა www.bolnisiagrocenter.ge, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის ციფრულ არხებში განთავსებისა და გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობა მისცა; მოეწყო აგრო-მეტეოსადგური, ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აგრო-მეტეოსადგურიდან მიღებული მონაცემებით შესაძლებელია განისაზღვროს მოსალოდნელი ნალექის რაოდენობა, ქარის მიმართულება, ქარის მოვარდნის სიჩქარე, ჰაერის ტენიანობა, ბარომეტრული წნევა და სხვა; პროექტის დასასრულს მოეწყო ფორუმი, სადაც განხორციელდა შედეგების შეჯამება და ახალი მიზნების დასახვა“- ბოლნისის მერია.
პროექტის ბიუჯეტმა 250 000 ევრო შეადგინა. აქედან, 200 000 ევრო ევროკავშირის გრანტია, ხოლო 50 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებას წარმოადგენს. პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
QvemoQartli.ge