24 წლის თეონას ინიციატივა დაბა მანგლისის განვითარებისთვის

თეონა ბადუაშვილი დაბა მანგლისში ცხოვრობს. 24 წლისაა, პროფესიით ბუღალტერი გახლავთ. ამბობს, რომ განათლება მიიღო, მაგრამ დაბაში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ ახდენს. მას და მის თანატოლებს იდეების ნაკლებობა არ აქვთ, თუმცა მხარდაჭერის გარეშე მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება რთულია.

თეონა ყურადღებას დასაქმების პრობლემაზე ამახვილებს. ამბობს, რომ დაბაში არა ერთი მოქალაქეა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც სათანადო კონსულტაციის შემთხვევაში „თავის საქმეს“, ოჯახისთვის შემოსავლის  წყაროდ აქცევს.

„ ზოგი თაფლს აწარმოებს, ზოგი ტორტებს აცხობს, ზოგს კი სხვადასხვა ხელობა აქვს შესწავლილი. საქონელიც ჰყავს მოსახლეობის ნაწილს, მაგრამ წარმოებული რძის პროდუქტის რეალიზებისთვის ტრანსპორტირების შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ეს ადამიანები საჭიროებენ კონსულტაციას, ინფორმაციის მიწოდებაზე იმაზე, თუ სად და როგორ შეუძლიათ წარმატებულად საკუთარი ნაწარმის რეალიზება. ეს ნაწარმი ნატურალური და ბევრი კომპანიისთვის სასურველია. საჭიროა ამ ადამიანების დაკავშირება სათანადო კომპანიებთან და ამ კავშირების შექმნაში/ მხარდაჭერაში ვხედავ ჩემს როლსაც“- საუბრობს, დაბა მანგლისში მცხოვრები თეონა ბადუაშვილი.

თეონა ამბობს, რომ თვითმმართველობის მხრიდან ასეთი საკონსულტაციო ცენტრის შექმნისთვის ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდებათ, თუნდაც  მხოლოდ ლეპტოპის და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფით. ამბობს, რომ მზად არის თანამოაზრეებთან ერთად, დასაქმების პრობლემის დასაძლევად ძალები არ დაიშუროს. გვიყვება, რომ ნამუშევარი აქვს მომსახურების სფეროში და არა ერთი იმედგაცრუება და არასათანადო დამოკიდებულება იგრძნო, ამ პოზიციაზე ყოფნისას. საუბრობს, რომ რეალურად სხვაზე მუშაობის ნაცვლად, დაბაში არა ერთ ადამიანს აქვს პოტენციალი იყოს თვითდასაქმებული და გაიუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა.

„ მაქვს სურვილი ჩემი იდეები მივაწოდო ადგილობრივ თვითმმართველობასაც. ასევე, სურვილი მექნება ვიყო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრიც, სადაც ჩემი დაბის საჭიროებებზე გავამახვილებ ყურადღებას“- საუბრობს, თეონა ბადუაშვილი.

QvemoQartli.ge

ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით