ჯანდარა, ნაგები, ვახტანგისი – გარდაბნის სოფლები მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ქვემო ქართლის, რომელიც თავის არეალში  39 სოფელს აერთიანებს.

ვახტანგისი  გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემავალი საზღვრისპირა სოფელია, სადაც ტრანსპორტის პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას.

მოსახლეობისთვის რთულია ქალაქთან დაკავშირება და ასევე სამსახურის პოვნა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ახალგაზრდებს განვითარებასა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღებაშიც ეშლებათ ხელი.
სოფელი ქალაქ გარდაბნიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. მიუხედავად ამისა, არ არის უზრუნველყოფილი შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით. ერთადერთი ტრანსპორტი,  რომელიც გადაადგილების საშუალებას იძლევა და სოფლამდე მიდის, რუსთავიდან  #13 სამარშრუტო ტაქსია.

მოსახლეობა მუდმივად წუხს იმაზე, რომ ამ ტრანსპორტში არა თუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილებიც კი არაა – აღარაფერს ვამბობთ სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ,აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის განრიგი, რომლის მიხედვითაც სოფლიდან  ბოლო გასვლას 15:00 საათზე აქვთ.

პრობლემაზე საუბრისას რთულია არ შევეხოთ გზის მდგომარეობასაც, რომელიც სავალალოა.

ქალაქ გარდაბნიდან გასულს ვახტანგისის მიმართულებით, გვხვდება სოფლები: ქესალო და ნაზარლო, რომელიც საავტომობილო გზის თვალსაზრისით არც აქამდე იყო კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა – გზა სრულიად ამორტიზებულია.

ქალაქ გარდაბანთან ამ სამი სოფლის დამაკავშირებელი გზა დაზიანებულია. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაობის კვალი ჩანს, მაგრამ ეს სამუშაოები როდის დასრულდება, ადგილობრივებისთვის, არ არის ცნობილი.

საჭიროებისა და აუცილებლობის მიუხედავად, სოფლის მოსახლეობა  ქალაქთან დაკავშირებას მხოლოდ დაქირავებული  ტაქსის საშუალებით ახერხებს.  ფინანსური შესაძლებლობის უქონლობის  შემთხვევაში, ვახტანგისელები იძულებულნი ხდებიან ტრანსპორტით სარგებლობისთვის, რამდენიმე კილომეტრიანი გზა, შემდეგ სოფლამდე ფეხით გაიარონ.

ვახტანგისთან შედარებით ნაკლები რაოდენობის მოსახლეობაა გარდაბნის კიდევ ერთ სოფელ ნაგებში, სადაც ბოლო, 2014 წლის აღწერის მიხედვით  397 მოსახლე ცხოვრობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახტანგისის მსგავსად არც ნაგებში  დადის. აქაც ერთადერთი საშუალება სოფლიდან ქალაქს დაუკავშირდე  ტაქსია.

სოფელი  ნაგები რუსთავიდან  11 კილომეტრითაა დაშორებული, ქალაქ გარდაბნიდან კი 9 კილომეტრით –  ნაგებში მოსახვედრად კი ვერცერთი ამ ქალაქიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით  სარგებლობას ვერ შეძლებთ.

ნაგები და ვახტანგისი  გარდაბნის მუნიციპალიტეტის 39 სოფელს შორის გამონაკლისი, რომ არ არის ამას ისიც ადასტურებს, რომ  აღნიშნული პრობლემა გვხვდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემავალ კიდევ ერთ სოფელში ჯანდარაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 1 500 ადამიანს უტოლდება.

სოფელი ქალაქ გარდაბნიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ტრანსპორტი ქალაქ გარდაბნიდან მხოლოდ 17:00 საათამდე მოძრაობს. აღნიშნულ სამარშრუტოს განრიგი არ აქვს. ტრანსპორტი მაშინ მიდის სოფლის მიმართულებით ან სოფლიდან ქალაქის მიმართულებით, როცა მგზავრებით შეივსება.  მსგავსი განრიგის იმედით ადამიანი ვერც დღეს დაგეგმავს და ვერც ღამეს, ნებისმიერი სახის აქტივობისთვის.

ამ სოფლების მოსახლეობამ არა ერთხელ მიმართა სხვადასხვა უწყებას, თუმცა მათი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.

მუნიციპალურ შიდა ტრანსპორტთან დაკავშირებით, კითხვებით გარდაბნის მერიას, ოფიციალური წერილის სახით მივმართეთ.გარდაბნის მერიიდან მიღებულ საპასუხო წერილში ვკითხულობთ:

„ ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია მუნიციპალური სატრანსპორტო სამსახური და შესაბამისად არ ჰყავს რაიმე სახის ტრანსპორტი.

აქვე გაცნობებთ, რომ დასმული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგას მისი განხილვა და შესაძლებლობის ფარგლებში, მხედველობაში იქნება მიღებული მომავალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისას“- გარდაბნის მერია.

QvemoQartli.ge