ხელისუფლებამ მიხედოს ოკუპანტების მხრიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს – „სალამ“-ი „რუსული კანონის“ შესახებ
მოქალაქეების აქტიური პროტესტის და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.
როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.
კანონის მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებსა და საფრთხეებზე არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ. მათ შორისაა ორგანიზაცია „სალამ“
„სალამ“ – 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ქვემო ქართლში აქტიურად მუშაობს.
როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი რაბილ ისმაილი ამბობს, „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ მათი საქმიანობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუმცა „ბოლო წუთამდე“ იმუშავებენ:
„ საქართველოში მომუშავე ორგანიზაციების 99%-ი გამჭვირვალედ მუშაობს პირველივე დღიდან. დეკლარაციები, საფინანსო დოკუმენტები და საიტზე განთავსებული ანგარიშები ამის დასტურია. ასევე აღსანიშნავია, რომ დონორების ანგარიშებშიც გაზიარებულია საჯაროდ თუ რომელი ორგანიზაცია რამდენით და რატომ არის დაფინანსებული. უკეთესი იქნება, რომ ხელისუფლებამ მიხედოს ოკუპანტების მხრიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, ბიზნესებს და პოლიტიკურ ჯგუფებს. უკეთესი იქნება, რომ ეს კანონი ემსახურებოდეს საქართველოს და არა ჩრდილოელ მეზობელს. ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას ღირსების შემლახველ კანონის რეესტრში და არ ვაპირებთ თანამშრომლობას ამგვარ პოლიტიკასთან. რაც ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ დაგვაჯარიმებენ და ვერ შევძლებთ მუშაობას. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო საათამდე, სანამ შევძლებთ, თუმცა, არც ერთ ღირსების შემლახველ და ანტისახელმწიფოებრივ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით“, – რაბილ ისმაილი, „სალამ“.
რაბილ ისმაილი ასევე ასევე ხაზს უსვამს ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხესაც:
„ რუსული კანონი ემსახურება ავტორიტარიზმს და მიზანია არის ამ შემთხვევაში დიქტატურის გაძლიერება საქართველოში. დემოკრატიული და ევროპული წინსვლის შეჩერება და საქართველოს იზოლაციაში ყოფნა. გავიდა სულ ცოტა ორ თვეზე მეტი და უკვე ეკონომიკაზე მოქმედებს უარყოფითად. პირველ დღეებში ზოგი პროპაგანდისტი ამბობდა რომ ეს მხოლოდ ორგანიზაციებსა და მედიებს შეეხება. თუმცა რეალობა სხვაგვარია და ეს მოქმედებს ყველაზე, ყველა მოქალაქეზე. ბავშვზეც, მოხუცზეც, ქალზეც, კაცზეც, სტუდენტზეც, მშრომელზეც. მხოლოდ ლარის კურსის შენარჩუნებისთვის უკვე დაიხარჯა 168 მილიონი დოლარი, დაიკარგა პირდაპირი და ირიბი ინვესტიციები, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და გაუქმებულია ჯავშნების 50%-ზე მეტი. ეს არის დიდი სიგნალი წინასაარჩევნო ხელისუფლებისთვის. და, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში გაიზრდება სანქცირებულთა სია და ეს დამატებით დარტყმას მიაყენებს ჩვენს ეკონომიკას და პოლიტიკურ სოციალურ ინტეგრაციას ევრო ატლანტიკურ სივრცეში. რომ შევაჯამოთ ეს კანონი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მომავალს„ – რაბილ ისმაილი, „სალამ“.
ორგანიზაცია „სალამ“-ის თანამშრომლები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე წლებია მუშაობენ. მათ სახელს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება უკავშირდება:
„ ჩვენმა ორგანიზაციამ 5 წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა. ჩვენ დავაორგანიზეთ ადვოკატირების პროცესები, სადაც 40 000-მდე მოქალაქემ ხელი მოაწერა და მიმართა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას სასმელი წყლის, გაზიფიცირების, გზის, საბავშვო ბაღის, სკოლის, შშმ პირის სტატუსის ან გარემოს დაცვის მოთხოვნით. ჩვენი საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში 1000-მდე ბავშვმა მიიღო წიგნები, 250-მდე ბავშვმა მიიღო სასკოლო ნივთებით სავსე ჩანთები. 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ცოდნის გაძლიერების ტრენინგ-სკოლები. 400-მდე მოქალაქემ მიიღო კომპენსაცია კოვიდპანდემიის დროს. და ბოლოს ვიტყოდი იმას, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხმა საჯარო სივრცეში გაძლიერდა იმდენად, რომ “რუსული კანონის” მიმღები პოლიტიკური ტიტანიკი შეწუხდა“,- რაბილ ისმაილი, „სალამ“.
ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
QvemoQartli.ge