„ ჩვენი გუნდის წევრის მშობელს ობიექტი დაუხურეს“- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო გარემოზე
დღეს, რუსთავში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ ხელისშეშლის შესახებ ისაუბრა.
„ ჩვენი გუნდის აქტიური წევრის აქტივისტის, მშობელს ობიექტი დაუხურეს და ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი შვილის პოლიტიკური აქტიურობის გამო მოხდა. ეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ იყო, როდესაც ჩვენ კამპანიას ვიწყებდით.
სამსახურებიდან ადამიანების შევიწროება მათი პოლიტიკური შეხედულების გამო, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რუტინად იქცა. მიუხედავად ამ მცდელობებისა არ ვაპირებთ, რომ რაიმე სახით უკან დავიხიოთ. ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანების მოსყიდვა დაწყებული აქვს „ქართულ ოცნებას,“ თუმცა ეს არ გასვლიათ არასოდეს რუსთავში და არ გაუვათ არც ეხლა“- დავით კირკიტაძე, „ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა.“
დავით კირკიტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია პარტიამ „აირაი“-სა და „ენდიაი“-ს დამკვირვებლებს მიაწოდა. წინასაარჩევნო საქმიანობა კი აცხადებს, რომ კვლავ გრძელდება:
„ ჩვენ კამპანია დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს. დაკომპლექტებული გვაქვს საუბნო საარჩევნო კომისიები, როგორც საჭიროა ისე დანიშნული გვყავს ყველა წარმომადგენელი. რამდენიმე შეხვედრა უკვე გავმართეთ. შაბათიდან „კარდაკარის“ პროგრამა დაიწყება და ჩვენს სააგიტაციო მასალას მივაწვდით რუსთაველებს“ – დავით კირკიტაძე, „ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა.“
კოალიცია ასევე გამოეხმაურა ივანიშვილის დღეს რუსთავში დაგეგმილ შეხვედრას.
„ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ აქ მოსვლა, მე ვიცი, რომ მათ აქ მოსვლა არ უხარიათ. სამარცხვინო ტაში, მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი დღეს აქ, რუსთავში თავისი ხელოვნური, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით“ – დავით კირკიტაძე.