„შენ გაჰყვები გადასატან ყუთს, ყავასაც მომიდუღებ“ – დაპირისპირების შესახებ რუსთავის მე-17 საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

8 სექტემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ეკატერინე ისახანაშვილმა, მე-17 საარჩევნო უბანზე, მისი ინფორმაციით, არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა. ისახანაშვილის თქმით, უბნის თავმჯდომარემ წინასწარ განსაზღვრა, რომელი კომისიის წევრი რა სამუშაოს შეასრულებს. შედეგად მასსა და უბანზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ რუსთავის მე-17 საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრს განუცხადა,  არჩევნების დღეს შენ გაჰყვები გადასატან ყუთსო – წინასწარ ქონდა ფუნქცია განსაზღვრული. მერე ეტყობა შელაპარაკდნენ და ყავასაც მოადუღებ და ამითი დაკავდები-ო. შეკამათების შედეგად,  თავმჯდომარეს განუცხადებია პატრულს გამოვიძახებო.

თავმჯდომარე არის ოლქის დანიშნული. საერთოდ თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი ირჩევა ოლქიდან დანიშნული წევრებიდან..“- რუსთავის  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ევროპული საქართველოდან“ ეკატერინე ისახანაშვილი.

სხდომაზე პრობლემის დასახელებას, იუმორით შეხვდა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური. საუბრის დასასრულს კი დაჰპირდა კომისიის წევრს, რომ საკითხში გაერკვევა.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით