შენიშვნები – ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის პროექტი
რუსთავში „ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმის პროექტი“– ს განხილვა გაიმართა. პროექტი „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ“ წარადგინა. შეხვედრაზე, გაჟღერდა კითხვები და რეკომენდაციები.
რუსთავში მოქმედმა სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება ქალაქისთვის დატვირთვის ნომრის განსაზღვრას. ასევე, იმ გარემოებას, რომ სამოქმედო გეგმაში არ არის შეტანილი საწარმოო ზონაში გზის საფარის გაუმჯობესების საკითხი.
შეხვედრაზე კითხვები და შენიშვნები გააჟღერა „ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge” პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი წერილი გავუგზავნეთ, ასევე, სამინისტროს:
1.რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემების მუშაობასთან ერთად, აუცილებელია მოხდეს მათი დახმარებით მიღებული მონაცემების სრულფასოვანი კვლევა. კერძოდ, ჰაერის ხარისხის დამდგენი სადგურებიდან მიღებული მონაცემები უნდა გახდეს კვლევის საგანი, რომელიც შეძლებს არსებული სურათის ჩვენებას და რეკომენდაციების მომზადებას, ყველა პასუხისმგებელი უწყებისთვის
2. რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ კვლევას, რომელიც შეისწავლის რუსთავში დაბინძურებული ჰაერის გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კვლევითმა ჯგუფმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გაამახვილოს საწარმოო ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაზე (ე.წ ძველი რუსთავი). ასევე პირველ რიგში, იხელმძღვანელოს და კვლევისას გამოიყენოს ატმოსფერო ჰაერის მონიტორინგის საწარმოო ზონებთან ახლოს მომუშავე სადგურების მონაცემებით
3. საწარმოო ზონასთან არსებული გზის საფარის რეაბილიტაციის საკითხში, გამოიკვეთოს საწარმოების როლი და პასუხისმგებლობა. ასევე, საწარმოო ზონაში და მის მიმდებარედ არსებული ქუჩების სველი წესით დასუფთავების საკითხშიც, გამოიკვეთოს ადგილობრივი საწარმოების როლი და პასუხისმგებლობა. რადგან ეს საწარმოები, თავად არიან, მეტ-წილად, აღნიშნული ტერიტორიით მოსარგებლეები და აყენებენ ზიანს ინფრასტრუქტურას, საკითხის მოგვარებისთვის უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ჩვენი მოსაზრებით, შესაბამისი კომუნიკაცია უნდა დაიწყოს მათთან.
4. ტრანსპორტიდან მომავალი გამონაბოლქვის კონტროლისთვის, მიგვაჩნია რომ მხოლოდ ერთი ეკიპაჟის გამოყენება იქნება არა ეფექტური. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის მოსახლეობა სცდება 100 ათასს, მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი ეკიპაჟი მუშაობდეს ამ მიმართულებით.
შენიშვნები უწყებას 27 ივნისს გაეგზავნა. ორგანიზაცია მიადევნებს თვალს პროცესს და ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.
QvemoQartli.ge