შეთანხმება – გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისთვის
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
განცხადებაში, ხაზგასმულია ადგილობრივი თვითმმართველობების უმნიშვნელოვანესი როლი, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ეფექტიან განხორციელებაში და გამოკვეთილია ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც დემოკრატიის, მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის მისაღწევად, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
ხელმოწერით, მუნიციპალიტეტები, ადასტურებენ მზაობას, რომ გააძლიერონ გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიმუშავონ და დაამტკიცონ საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისი და სათანადო რესურსებით აღჭურვილი გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები და უზრუნველყონ მათი ეფექტიანი შესრულება, მონიტორინგი და შეფასება.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართული კონფერენციის – ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ ფარგლებში გაიმართა.
წყარო: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)