ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო წყლის უფლება ეზღუდება

საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ¼ იყენებს. მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 20%-ს უსაფრთხო სასმელ წყალთან წვდომის უფლება ეზღუდება. ამ მონაცემებით საქართველოს წინ უსწრებს
მეზობელი სომხეთი, უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი.

მსოფლიოს 160 ქვეყანა და მათ შორის საქართველოც მიიჩნევს, რომ უსაფრთხო სასმელი წყლისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით, წყლის საშუალო რაოდენობად თითოეულ ადამიანზე 50-100 ლიტრი წყალია მიჩნეული. ხოლო 20-25 ლიტრი წყალი ის მინიმუმია, რომელიც თითეოულ ადამიანს უნდა მიეწოდებოდეს. წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უფლების დარღვევით ირღვევა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებებიც, როგორებიცაა: განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება. ამავდროულად, წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების ხელყოფა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნევა.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის ⅓ ზე მეტი წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის. კანალიზაციის ქსელზე მიერთებული არ არის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ხოლო კანალიზაციიდან ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული არ არის მოსახლეობის ⅔ ზე მეტი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით მიხედვით, საქართველოში უსაფრთხო სანიტარულ სერვისებს მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყენებს. ქვეყნის მოსახლეობის 73%-ს უსაფრთხო სანიტარიულ სერვისებზე ხელი არ მიუწვდება. არსებული მონაცემებით, უსაფრთხო სანიტარიული სერვისების
კუთხით, საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს.

გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2017 წელს, წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის კუთხით, საქართველოს სკოლებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველოს სკოლებში არსებული წყლის, სანიტარიისა და ჰიეგიენის კუთხით
საგანგაშო მდგომარეობაა. ქვეყანაში ყოველ მეოთხე სკოლას წყალი ან საერთოდ არ მიეწოდება, ან მიეწოდება თუმცაღა, მოსწავლეები აღნიშნულ წყალს ვერ იყენებენ. სკოლების მეოთხედს საერთოდ არ აქვს საპირფარეშო, ხოლო კიდევ 14%-ში აღნიშნული საპირფარეშოს გამოყენება შეზღუდულია.
სკოლების 27%-ში საერთოდ არ არსებობს ხელსაბანი, სადაც ბავშვები ტუალეტის შემდეგ ჰიგიენის დაცვას შეძლებდნენ.

საქართველოს სკოლებში სასმელი წყლის მიწოდება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შეისწავალა სახალხო დამცველმაც. მის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქყვეყნის ტერიტორიაზე 94 სკოლას საერთოდ არ აქვს წვდომა წყალთან. 881 სკოლის შემთხვევაში, ცენტრალური წყალმომარაგება მხოლოდ ეზოში ფუნქციონირებს. ამასთან ხელსაბანი ნიჟარები უფრო მეტად ხელმისაწვდომია ქალაქის ტიპის დასახლების სკოლებისათვის (90.9%), ვიდრე სოფლის ტიპის დასახლებული სკოლებისათვის (69.8%). “მიუხედავად იმისა, რომ როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო რეგულაციები ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს წყლისა და სანიტარიის უფლებების თანაბარ ხელმისაწვდომობას, საქართველოს საჯარო სკოლებში ამ უფლებების დაცვა და განმტკიცება დღემდე უმწვავეს პრობლემად რჩება” – ნათქვამია ანგარიშში.
ქვეყნის მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებითაც აიღო. 98/83/EC დირექტივის მიხედვით, საკმარისი რაოდენობით უსაფრთხო სასმელი წყალი მოსახლეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბრად უნდა მიეწოდებოდეს. ამას გარდა, საქართველოს გარემოსა და ჯანმრთელობის 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმით გაწერილია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სანიტარიულ ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების ვალდებულებებიც.

მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”

ნინო მელიქიშვილი

QvemoQartli.ge