ყველა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი 16 ნოემბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია აღიარებს. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ. მოითხოვენ შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
არჩევნების შედეგები და შეფასებები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებზე მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60%-მა (2 111 834 ამომრჩეველმა) მიიღო, ხოლო ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.
საარჩევნო სუბიექტების ხმებისა და მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ,,ქართულმა ოცნება“ 53.93% – 89 მანდატი, ,,კოალიცია ცვლილებებისთვის’’ 11.03% – 19 მანდატი, ,,ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10.17% – 16 მანდატი, ,,ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი და ,,გახარია საქართველოსთვის“ 7.78% – 12 მანდატი.
ოპოზიციური პარტიები საკუთარ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტიც. ,,არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას,” – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დავა დემოკრატიული პროცესებისთვის
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გახსნილი უბნების ნაწილში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაწილი კი, ტრადიციული მეთოდით ჩატარდა. ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი ტექნოლოგიურ უბნებზე დარღვეული იყო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შეფასების დოკუმენტში წერს: ,,საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს.”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შემაჯამებელი ოქმები ხმის ფარულობის დარღვევისთვის ჯერ ოლქებში, შემდეგ კი რაიონულ სასამართლოებსა და სააპელაციო სასამართლოებში იდავა. მხოლოდ ერთმა რაიონულმა სასამართლომ დაადასტურა ხმის ფარულობის დარღვევა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოებმა ეს გადაწყვეტილება არ გაიზიარეს.
გარდა ამისა, ,,სამართლიანი არჩევნების’’ განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა ბიულეტენების ჩაყრის, ხმის მრავალჯერადი მიცემის, ამომრჩევლის მოსყიდვის, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევების, უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები.
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია ,,ჩემი ხმა” წერს, რომ მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, მარკირების პროცესის დარღვევითა და შეცვლილი საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესების ერთობლიობით გაყალბების სქემა განახორციელა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებები
,,კენჭისყრის დღის ადმინისტრირებამ ზოგადად მოწესრიგებულად ჩაიარა, მაგრამ კენჭისყრის დღე დაძაბულობთი, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა სიჭარბით და ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების რამდენიმე ინციდენტით ხასიათდებოდა,’’ – აცხადებს ეუთო-ოდირის დამკვირვებლო მისია. მათივე განცხადებით, ,,საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ, რასაც დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას. საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ, საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები.’’
ეუთო-ოდირის მისია პირველად შეფასებაში ასევე აღნიშნავს, რომ არ ხდებოდა მარკირების რეგულარულად შემოწმება და საარჩევნო უბნების 54 პროცენტში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის მოთავსებაც. სწორედ ბიულეტენის აპარატში მოთავსების პროცესში გასაჯაროვებულ ნებასა და ხმის ფარულობის დარღვევაზე დაობენ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებიც. ისინი აცხადებენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ის არის დემოკრატიული პროცესების საფუძველიც.
რა მოხდება შემდეგ
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის არაღაირებისა და არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვისნიშნის ქვეშ დაყენებისა, საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება.
ამ ეტაპზე ხალხი პროტესტს ქუჩაში აგრძელებს. უკვე ადგილი ჰქონდა, უფლებადამცველთა განცხადებით, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვასაც.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვს არ მოხდეს არჩევნების შედეგების აღიარება.
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით