ყველაფერი ვაჟს – მემკვიდრეობის უსამართლო განაწილება
საქართველოს კანონმდებლობით, შვილებს მშობლების ქონებაზე, თანაბარი უფლებები აქვთ. თუმცა ამის მიუხედავად, არსებული მანკიერი ტრადიციების და შეხედულებების გამო, უმეტეს-წილად, მემკვიდრეობა ვაჟ შვილებს რჩებათ.
უამრავი შემთხვევაა, როდესაც გოგონებს მშობლებისგან, მხოლოდ, ე.წ სამზითვო ნივთები ერგოთ, უძრავი ქონება კი ვაჟებს გაუნაწილეს. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად უძრავი ქონების უქონლობა, მეტად დაუცველს ხდის ქალს და მოწყვლადს ოჯახში ძალადობისგან.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმეტესად, ძალადობის მსხვერპლი ქალები, მოძალადე ქმრებისგან/პარტნიორებისგან სწორედ, ეკონომიკური დამოუკიდებლობის უქონლობის გამო, ვერ აღწევენ თავს. ეს, მხოლოდ ერთი ასპექტია, თუმცა ქალების ფინანსურ არამდგრადობას, სხვა რიგი საკითხების წამოჭრაც შეუძლია.
ჩვენ, შემთხვევითობის პრინციპით, რამდენიმე რუსთაველი ქალი გამოვკითხეთ. გვაინტერესებდა, მათი დამოკიდებულება მემკვიდრეობის გადანაწილების საკითხის მიმართ. რესპონდენტების უმეტესობამ აღნიშნა, რომ მშობლების ქონება, და-ძმებს შორის თანაბრად უნდა გაიყოს. ნაწილის თქმით, ასევე გააჩნია იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რაშიც დედმამიშვილები, ქონების გაყოფის მომენტში, იმყოფებიან.
„ გოგოც და ბიჭიც, ორივე შვილია და შესაბამისად, თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველაფერი. მათი უფლება-მოვალეობებიც თანაბარი უნდა იყოს, თუნცად მშობლების მოვლის მიმართ და მემკვიდრეობის თვალსაზრისითაც. მყავს ძმა, ჯერ არ გაყოფილა ოფიციალურად არაფერი, მაგრამ როგორც მიღებულია ზოგადად, ჩვენთანაც მასე მოხდება, ალბათ. საქართელოს მასშტაბით ასეა მიჩნეული, რომ უპირატესობა ბიჭს გააჩნია, თუმცა ეს არ არის სამართლიანი, რა თქმა უნდა.
მე ორი ბიჭი მყავს, მესამე გოგოა, მაგრამ სამივე შვილს თანაბრად გავუნაწილებ ყველაფერს, რაც მექნება. გოგონებს, ოჯახის შექმნის შემდგომ, ხშირად უწევთ, ისეთი რაღაცეების ატანა, რაც წესით არ უნდა აიტანონ. როდესაც აქვს თავისი თავშესაფარი, თუნდაც ერთი ოთახი, უფრო მყარად დგას ის ოჯახის შექმნის მომენტში და მისი დანგრევის დროსაც, თუ ასე მოხდება“, – გვაიმბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
„მემკვიდრეობა ქალსაც ისევე უნდა ეკუთვნოდეს, როგორც მამაკაცს. მემგონი ეს განსხვავება აღარ არის, ისე როგორც ადრე იყო. არ შეიძლება ასე დაყოფა შვილების.
რაც ხდება პრობლემები, თუნდაც ოჯახის შექმნის შემდეგ, გამომდინარეა იქიდან, რომ ქალს წასასვლელი არ აქვს, თავის შემოსავალი არ გააჩნია და დამოკიდებულია კაცზე, ეს ბევრ დაბრკოლებას ქმნის ქალის ცხოვრებაში“, – აღნიშნავს კიდევ ერთმა რუსთაველი რესპონდენტმა.
„უფრო მეტად უპირატესობა ვაჟებს ენიჭებათ, მაგრამ ქალს თუ თავისი ოჯახი აქვს შექმნილი და აქვს შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, გამართლებულია ეს მიდგომა. მაგრამ, თუ გასათხოვარია, ის რაც არის დედმამისეული, ერთსაც ეკუთვნის და მეორესაც. ჩვენ, ორი დანი ვართ და ვინაიდან მთლიანად ჩემი და უვლის დედას, მემკვიდრეობაც მისია, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო“, – გვიამბობს 58 წლის ცირა ჯგერენაია.
„ქალებსაც ისევე უნდა დარჩეთ ქონება, როგორც მამაკაცებს. თუ კი ქალს, ყველაფრის გაკეთება უწევს და თავისი წვლილი შეაქვს, ყველა მნიშნველოვან საქმეში, რატომ უნდა რჩებოდეს ყველაფერი მამაკაცს?! არ არის სწორი მიდგომა! მე, დედისერთა ვარ და ყველაფერი ჩემია, მაგრამ რომ მყავდეს დედმამიშვილი, აუცილებლად გავუნაწილებდი მასაც“ – 47 წლის ლეილა.
საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსს, ანა ფაშალიშვილს ვთხოვეთ. როგორც ანამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მშობლების მემკვიდრეობის არათანაბარი განაწილება, მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის სათავე შეიძლება გახდეს.
„ფაქტობრივად კანონმდებლობაში არ გვაქს არანაირი პრობლემა, პირიქით კანონმდებლობა გამართულია და პრაქტიკაში ჩვეულებითი სამართალი გვაქვს პრობლემატური. როგორც წესი, ბიჭს რჩება ბინა და გოგოს არ რჩება. ეს მემკვიდრეობის უფლება ისეთი საკითხია, ქალები ნებაყოფლობით თმობენ თავის უფლებას. ბავშვობიდან ვიცით, რომ ეს სახლი ეკუთვნის ბიჭს და იმას უნდა დარჩეს.
ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლების სათავეა ეს სინამდვილეში, არ არის მარტივი საკითხი. ის, რომ გოგოს ბინას არ უტოვებენ, ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს. თუნდაც ის რომ გათხოვდება და „პატრონს ჩაბარდება“. თავისთავად ეს დამოკიდებულება, იწვევს იმას, რომ ნაკლები განათლება არის ჩადებული გოგოში, ვიდრე ბიჭებში. ძალიან ხშირად არის, თუ შეზღუდული რესურსი აქვს ოჯახს, არ ვამბობ მდიდარ ოჯახებზე, ფოკუსი კეთდება უფრო ბიჭის განათლებაზე, როგორც ოჯახის მარჩენალზე“ – ანა ფაშალიშვილი.
აგრეთვე, საუბრობს ქალის ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებზე, სადაც ერთ-ერთ მთავარი პრობლემა – სასტარტო კაპიტალის უქონლობაა.
„ ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ძალიან მნიშნველოვანია მემკვიდრეობის როლი. მაგალითად, თუ კრედიტის აღება უნდა ქალს, სახლისთვის ან ბიზნესისთვის, ბანკს ყოველთვის სჭირდება ქონებით უზრუნველყოფა. ცხადია, უმეტესად ეს არის უძრავი ქონება. ის, რომ ქალს არ აქვს უძრავი ქონება, თავისთავად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს. არ აქვს სასტარტო კაპიტალი, იმისთვის რომ დაიწყოს ბიზნესი, ან თუნდაც განავითაროს არსებული ბიზნესი. არის ხოლმე ძალიან ხშირად აქცენტირება, იმაზე რომ აი, ქალი გათხოვდა და ქმარს ბინა ექნება და ეგეც ხომ მაგისია?!
სტატისტიკურადაც, ნაკლებია იმის შანსიც, რომ თუ ქალი გათხოვილია, ოჯახმა ჩაუდოს ბინა კრედიტისთვის. განსაკურებით ბიზნესის დასაწყებად, იმიტომ რომ სტერეოტიპია ესეც, რომ ქალებს ნაკლებად შეუძლიათ ბიზნესის კეთება. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა.. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რომლის გამოც დღეს, კაცებთან შედარებით, ბიზნესს ნაკლებად მართავს ქალი“ – აღნიშნა „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ პროგრამის ანალიტიკოსმა ანა ფაშალიშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“ საუბარია, გენდერული ნიშნით აქტივების ფლობის (სიმდიდრის) შეფასებაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მონაცემების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ დღეს ქვეყანაში, მეტ-წილად სწორედ კაცები ფლობენ და განკარგავენ თითქმის ყველა ტიპის აქტივს, როგორიცაა უძრავი ქონება, მიწა და მსხვილი ტექნიკა.
ნინო ბერიძე
მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით