ქვემო ქართლში ჟურნალისტების ნაწილს, უცნობი პირები, ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ

9 მაისს, ქვემო ქართლში მედია მენეჯერების და ჟურნალისტების პირად ნომრებზე, შეურაცხმყოფელი ზარები განხორციელდა. უცნობი მოქალაქე, მათ და ოჯახის წევრებს ურეკავდა. ჟურნალისტებს მოიხსენიებდა, როგორც სამშობლოს მოღალატეებს.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტია. ასეთი ზარი მასთანაც განხორციელდა.

“ გუშინ საღამოს ორჯერ დამირეკეს ამ ნომრიდან +995551157315. პირველ ზარს ვერ ვუპასუხე, მეორეჯერ კი, როდესაც ავიღე ყურმილი ქალმა მომმართა სახელით და მეკითხებოდა რატომ ვარ ქვეყნის მოღალატე, მეუბნებოდა რომ ღალატი არავის შერჩება და ა.შ.

მე პირადად ველოდებოდი ამ შინაარსის ზარს და სიმართლე გითხრათ ცოტა ვიხალისე კიდეც. რეალურად, ეს ზარები ხორციელდება აქტივისტებისა და ჟურნალისტების დასაშინებლად, რათა ჩვენ აღარ გავაპროტესტოთ რუსული კანონო, მაგრამ ამ ზარებით და იმ ძალადობით, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, მოქალაქეებს უფრო მეტად უჩნდებათ პროტესტის განცდა. ხვალ მივდივარ აქციაზე, შევასრულებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას და გავაპროტესტებ რუსულ კანონს, რომლის იმპლემენტაციაც მთავრობამ კანონის მიღებამდე უკვე დაიწყო” – ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სათემო რადიო „მარნეული.“

მსგავსი შინაარსის ზარი განხორციელდა რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტ თიკო დავაძესთანაც.

“ 19:49 წუთზე შემოვიდა ჩემს მობილურზე ზარი ამ უცხო ნომრიდან (+995551157315) მაშინ, როდესაც რესპონდენტისგან მნიშვნელოვან ზარს ველოდი და დაუფიქრებლად ავიღე. ზუსტად ასე დაიწყო ვიღაც ქალმა ჩემთან ლაპარაკი: “თეა, გამარჯობა, იცით რომ ქვეყნის მოღალატე ხართ? “ – თან თეათი მომმართა, ამ სახელით თითქმის არავინ მიცნობს და მაშინვე ვკითხე, საიდან გაქვთ ჩემი პერსონალურ მონაცემზე წვდომა, მხოლოდ ეს ამიხსენით თქო და მითხრა, რომ ეგ ჩემი საქმე არ იყო.

ამავე ნომრიდან ბევრ აქტიურ მოქალაქეს დაურეკეს გუშინ. მათი მთავარი მიზანი აქტივისტების და ჟურნალისტების დაშინებაა და რა სასაცილოა ჩემს გაშუქებულ მასალებს მოღალატეობრივს რომ ეძახიან. ამით ვერ შეგვაშინებენ და ყველგან ვიტყვი – არა რუსულ კანონს!”- თიკო დავაძე, სათემო რადიო „მარნეული.“

ორივე ჟურნალისტი დასძენს, რომ მათ მიმართ ზარი იყო მუქარის შემცველიც და უცხო პირი ეუბნებოდათ, რომ ამისთვის „აუცილებლად მოეკითხებოდათ.“

იგივე ნომრიდან, შეურაცხმყოფელი ზარი განხორციელდა „ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელთან, მანონ ბოკუჩავასთან.

„ 9 მაისს ჩემს კუთვნილ სატელეფონო ნომერზე დამირეკა უცნობმა პირმა, ნომრიდან 551 157 315. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – მომმართავდა სახელით და ამბობდა, რომ მე ვარ „სამშობლოს მოღალატე.“

ეს არის ძალადობა, რომელიც ამ ეტაპზე სიტყვებით და მუქარით არის გამოხატული, თუმცა სამწუხაროდ უარესის მოლოდინი მაქვს. პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება და რაც უკავშირდება „რუსული კანონის“ მიღების მცდელობას, უკვე სერიოზულ საფრთხეს ქმნის, დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. ცხადია, მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობასაც არ ეხება ეს. ყოველ დღე ვხედავთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და როგორ ვემსგავსებით, პოლიტიკური გარემოთი რუსეთსს და ბელარუსს. მე პირადად ბევრ დევნილობაში მყოფ ჟურნალისტთან მქონია შეხება, ამ ქვეყნებიდან და გზა რომელსაც ახლა გავდივართ ჩვენ, მათაც გაიარეს. სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ქვეყნის მომავლის დაცვა“- მანონ ბოკუჩავა, „ქვემო ქართლის მედია“ QvemoQartli.ge.

ასეთ ზარებზე მოუწია პასუხის გაცემა, ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ს დამფუძნებლის მარიკო წიქორიძის ოჯახის წევრსაც.

„ ესაა უტიფრობის პიკი, ესაა ქმედება, რომელიც გასულია კანონის ყველა ჩარჩოდან. კიდევ უფრო აღვივებს მთავრობის მიმართ უნდობლობას და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძაფრებს აზრს, რომ მთავრობა მობილიზებულია ტოტალურ ძალადობაზე. საშინელი კომენტარი მოვისმინე პარლამენტის წევრებისგან, რომ საზოგადოებამ დაიწყო ეს დაპირისპირება და რომ ისინი იყვნენ პირველები ვინც მათი ნომრები გამოდეს საჯაროდ. ამაზე აპელირებენ საჯარო მოხელეები -სრული მარაზმი. მთავრობას დაავიწყდა, რომ მას აქვს ძალაუფლება, რაც ავალდებულებს ორმაგ პასუხისმგებლობას, შესაბამისად ამაზე დიდი უტიფრობა შეეჯიბრო საკუთარ საზოგადოებას, რომელიც მიმაჩნია რომ სამართლიანადაა გაბრაზებული, არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. იმის ნაცვლად რომ მართო სამართლიანად.

ჩვენ შემთხვევაში, სატელეფონო ზარის დროს კანონზე აქცენტი არ გაუკეთებიათ. იგინებოდნენ და დედამ უთხრა: რა ოჯახში გაიზარდეთ შვილო ან დედა არ გყავთო? და ამაზე უპასუხეს შენ შვილს მიხედე მოღალატე რომ გაზარდეო “ – მარიკო წიქორიძე, ქალთა სათემო რადიო WW.

განხორციელებული სატელეფონო ზარების გამო „ქვემო ქართლის მედია”-მ უკვე მიმართ სახალხო დამცველის აპარატს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს.

QvemoQartli.ge