ქვემო ქართლის ტელევიზიის აქციების 51%-ს გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფლობს

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ტელე-რადიო კომპანიების მესაკუთრეთა სია გამოაქვეყნა. ქვეყნის ყველა ტელემაუწყებლის მესაკუთრეების გვერდით, ქვემო ქართლის ტელევიზიის აქციების მფლობელებიც გამოჩნდნენ.

ირკვევა, რომ ს/ს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის აქციების 51%-ს ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ხამაშურიძე ფლობს. აქციების 34%-ს როლანდ მგალობლიშვილი, ხოლო 15%-ს მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი).

შეცდომის თავიდან აცილების მიზნით რამდენჯერმე ვცადეთ, კვლავ, გადაგვემოწმებინა ხამაშურიძის ამჟამინდელი თანამდებობა.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ვებგვერდზე დავით ხამაშურიძე მოხსენიებულია, როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მსგავს ინფორმაციას ვისმენთ კირკიტაძის თანამშრომლებისგანაც. მათთან საუბარში არ ვამბობთ, თუ რატომ ვინტერესებით ხამაშურიძეთი.

,, დიახ, ბატონი დავით ხამაშურიძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, მაგრამ თუ საქმე გაქვთ დაცდა მოგიწევთ. ახლა სამსახურში არ არის და არ ვიცი ზუსტად, როდის მოვა” – გვპასუხობს გუბერნატორის მოადგილის თანაშემწე, რამილია ალაჰიაროვა.

ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ინტერესი ადგილობრივი ტელევიზიის მიმართ ყოველთვის გამოკვეთილი იყო. გასულ წელს ტელევიზიის დირექტორად მისი პრესმდივანი – ხათუნა მამარდაშვილი დაინიშნა. მამარდაშვილი დღეის მდგომარეობითაც ტელევიზიის ხელმძღვანელია, თუმცა ამ თანამდებობასთან ერთად ის, დროდადრო, გუბერნატორის პრესმდივნობასაც ითავსებს.

რუსთავში სააკაშვილის ბოლო ვიზიტისას დაცვის სამსახური პრეზიდენტთან შეხვედრაზე შესასვლელად ჟურნალისტებს ნებართვის აღებას, სწორედ, მამარდაშვილისგან სთხოვდა.

ტელე-მაუწყებლების სამართლებრივ ურთიერთობებს – ,, საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ” არეგულირებს. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის თანახმად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ უნდა იყოს ,, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, ან თანამშრომელი”, ასევე მფლობელი არ უნდა იყოს ,, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი”.


მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=108