ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოება რეგიონის ახალგაზრდებისთვის

ნატალი, იაკო, ნინო და ნინი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სოფლის, მარტყოფის საჯარო სკოლებში სწავლობენ. დედაქალაქთან სიახლოვის მიუხედავად, აქაური ცხოვრება სხვა სოფლებისგან დიდად არ განსხვავდება. ახალგაზრდები აქაც უჩივიან გართობისა და განვითარების შესაძლებლობების სიმცირეს.

უკვე წელიწადზე მეტია მათი ცხოვრების დიდი ნაწილი მარტოფის ახალგაზრდულ ცენტრს უკავია. ერთმანეთიც სწორედ აქ გაიცნეს. ამ დროის განმავლობაში მათ იმაზე მეტი გამოცდილება მიიღეს, ვიდრე თავად მოელოდნენ. დარწმუნებულები არიან, რომ არაფორმალურ გარემოში თამაშითა და პრაქტიკით გამომუშავებული უნარ-ჩვევები მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

ორი წლის წინ ორი ახალგაზრდის წამოწყებული საქმე ახლა 13-დან 30 წლამდე 60-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. ცენტრის მისიაა ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერება და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რითაც ისინი განვითარდებიან და თავად შეძლებენ, გადაჭრან სოფლის პრობლემები ადვოკატირების გზით იმისათვის, რომ ის გარემო, სადაც ცხოვრობენ, გახადონ უკეთესი ვიდრე არის.

“კომპეტენციებს ვანვითარებთ არაფორმალური განათლების მეთოდებით, რაც დაფუძნებულია სწავლა კეთებაზე.  ვატარებთ ტრენინგებს ისეთ თემებზე როგორიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრება. ახალგაზრდები ჩართულები არიან გარემოს დაცვის აქტივობებში, ვახარისხებთ ნარჩენებს, გვაქვს მოლაშქრეთა კლუბი, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და გარემოს დაცვა”, – ამბობს გვანცა თვალიაშვილი, რომელიც ცენტრის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა.

გარემოს დაცვასთან ერთად, ორგანიზაციის პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. ცენტრი ხშირად არის ვორქშოფებისა და გამოფენების ორგანიზატორი. მისი ინიციატივით, სოფლის სკვერში მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა.

მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი ერთ-ერთია იმ 7 შვიდი ორგანიზაციიდან, რომელიც CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში შეირჩა, ქვემო ქართლის რეგიონში.

პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში და ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარებათ.

“ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ პროექტში ჩართული ერთ-ერთი ორგანიზაცია. ეს არის დიდი მხარდაჭერა. ახალგაზრდა ორგანიზაციებს, რომლებიც ძირითადად მოხალისეობასა და ენთუზიაზმზე ვართ დაფუძნებული, გვჭირდება მხარდაჭერა ძლიერი ორგანიზაციებისგან – იქნება ეს ფინანსური თუ არამატერიალური. ამიტომ ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა. ვგეგმავთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში განვავითაროთ ორგანიზაცია. ასევე დავნერგოთ სოციალური სერვისი და ახალგაზრდების გარდა, სხვა კატეგორიაზეც გავიდეთ”, – ამბობს გვანცა თვალიაშვილი.

ორგანიზაციას ევროკავშირის პროექტებთან თანამშრომლობის გამოცდილება ამ დრომდეც ჰქონდა. მცირე პროექტებთან ერთად, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროექტებში, ხდებიან ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეები.

მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრთან ერთად, ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფიც (წალკა LAG) ისარგებლებს. მისი ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე აუდიტორიაც ახალგაზრდები არიან.

ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს “წალკის ახალგაზრდული კლუბი”, სადაც გაერთიანებულია 60-მდე აქტიური ახალგაზრდა. მათ ლაგი მხარს უჭერს როგორც ფინანსურად, ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სივრცით, სადაც  შეუძლიათ სხვადასხვა შეხვედრის ორგანიზება და მასპინძლობა.

წალკა LAG პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში ჩამოყალიბდა, რომელიც, თავის მხრივ, ENPARD პროექტის ნაწილია და CENN-ის მიერ განხორციელდა. CENN კვლავ განაგრძობს წალკა LAG-თან თანამშრომლობას. ორგანიზაცია ახალგაზრდებზე მორგებული ასობით ღონისძიების ორგანიზატორია. მისი მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა.

„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში, ამ ზაფხულს წალკაში მასშტაბური ფესტივალი “ამო წალკაში” გაიმართა. მისი მიზანი მოსახლეობისთვის წალკის მუნიციპალიტეტის გაცნობა იყო.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგრანტო კონკურსებია. ის ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაძლიერების მიმართულებით მუშაობას.

„ეს წალკაა“ პროექტის თანამშრომელი თამთა გვიჩიანი იხსენებს, რომ მუშაობის დაწყებისას აუდიტორიის ჩართულობა ნაკლები იყო, მაგრამ ორგანიზაციის აქტივობებთან ერთად, მოსახლეობის და განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა ღონისძიების მიმართ დაინტერესებაც გაიზარდა.

ავტორი: ნინო გელაშვილი

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.