ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია „ნეკერი” – ერთად ბავშვების მხარეს

„ ერთად ბავშვების მხარეს ” – ამ იდეის გარშემო,  დედები და ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის” გაერთიანდნენ  – შექმნეს სივრცე, სადაც ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ.

ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია „ნეკერი” 2022 წლის აგვისტოდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

გუნდის წევრებს სჯერათ, რომ ბავშვების ინტერესების დაცვას, შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საზოგადოების განვითარებაში.

ამის მიღწევას „ნეკერი” მხარეებს შორის თანამშრომლობით და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებით ცდილობს.

ორგანიზაციის მთავარი მისიაც, სწორედ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერა და ბავშვების ინტერესების დაცვაა.

„ნეკერის“ თანადამფუძნებელი ხატია რაზმაძე გვიყვება იმ საწყისებზე, რამაც ნეკერის ჩამოყალიბება განაპირობა.

„ თითოეული ჩვენგანი ვართ მშობელი და ყველა ჩვენგანი აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ბავშვების განვითარებაში მშობელთა ჩართულობას აქვს.

მშობლობა არის ერთგვარი პროფესია და მოგეხსენებათ დედებს, მშობლებს, არავინ გვასწავლის ამას. ძირითადად, ინსტინქტების საშუალებით ვახერხებთ ამ ცოდნის მიღებას. ჩვენ ქვეყანაში არ არის სერვისი, სადაც ვისწავლით მშობლობას. შესაბამისად, ძალიან გვინდოდა ჩვენი გამოცდილება და ასევე, ის გამოწვევები რაც ეტაპობრივად გადავლახეთ, ან ვართ გადალახვის პროცესში, გაგვეზიარებინა სხვებისთვისაც.

ჩვენი მიზანია, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების და მშობლების თანამშრომლობის გაზრდა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე”- ხატია რაზმაძე, ორგანიზაცია „ნეკერი“-ს თანადამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე.

ხატია ამბობს, რომ ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ესაუბრნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე, სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერებს, სკოლის ხელმძღვანელებს და მშობლებს.

გარდა ამისა,  ჩაატარეს კვლევა რომელმაც აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობის პრობლემაა, როგორც სკოლებში ასევე საბავშვო ბაღებში.

„ ვიცით რომ არსებობს ბარიერი მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მშობელი თავის ინტერესებს იცავს, სკოლა თავისს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი საქმიანობით, პატარა წვლილს მაინც შევიტანთ იმ კულტურის ჩამოყალიბებაში რასაც, ბავშვის ინტერესის წინ წამოწევა ჰქვია.

ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, ბაღების და სკოლების წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ, რომ მშობელთა ჩართულობა უნდა იყოს სისტემატური და ეს, არ უნდა იყოს შაბლონური და ერთჯერადი”, – ამბობს ხატია რაზმაძე.

„ნეკერის” გუნდის წევრების ძალისხმევით, დაარსებიდან სულ მცირე დროში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

ეს იყო კამპანია „მეტი სათამაშო და წიგნი ბავშვებს” რომელიც სახალხო დაფინანსების (crowdfunding) პრინციპით განხორციელდა. კამპანიის ფარგლებშიც 8 000 -მდე ლარი შეგროვდა და ბოლნისის N1 და N5 სააღმზრდელო დაწესებულებებს,  სათამაშოები და თანამედროვე, ილუსტრირებული საბავშვო წიგნები გადასცეს.

„ ბაღებში სათამაშოების და წიგნების დეფიციტია. არის რამდენიმე ბაღი, სადაც ეს ვითარება არ გვხდება, თუმცა მაინც გამოიკვეთა რამდენიმე დაწესებულება, სადაც ძალიან მოძველებული სათამაშოები აქვთ.

გამოვიყენეთ თანადაფინანსების პრინციპი და გვინდოდა გაგვეერთიანებინა არა მარტო „ნეკერი” და დაწესებულებები, არამედ ყველა ადამიანი ვინც თვლის, რომ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი ნამდვილად საჭიროა. გვინდოდა ყველა მოქალაქეს ეგრძნო რაღაც პასუხისმგებლობა ადგილობრივ დონეზეც და ისეც.

ეს კამპანია მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მასში ჩაერთნენ ისეთი ადამიანები და ორგანიზაციებიც, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ჩვენი რეგიონიდან. მოლოდინები უფრო მეტი იყო, გვინდოდა ყველა ბაღი დაგვეკმაყოფილებინა, თუმცა მხოლოდ ორი ბაღის დაკმაყოფილება შევძელით. გადავეცით სათამაშოები, წიგნები, ინვენტარი, რომლითაც გაამრავალფეროვნებენ ბავშვები ყოველდღიურობას.

ამ ბაღების შერჩევაც მოხდა იმის მიხედვით, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება”- „ნეკერი“.

ორგანიზაცია აგრძელებს თავის საქმიანობას, არ ღალატობს მისიას და სულ უფრო მეტ თანამოაზრეს იკრებს ახალი ინიციატივების განხორციელებისთვის.

 

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით