ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს  აფასებს.  ინდექსის კვლევა 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და  სამ  ძირითად ბლოკს მოიცავს: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და  მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

ამ სტატიაში, სწორედ  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა მონაწილეობისა და  ანგარიშვალდებულების 2021 წლის შედეგებს განვიხილავთ.

რუსთავი 2021 წლის თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის   66%-იანი შედეგით ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, 0 %-იანი მაჩვენებელი აქვთ  შემდეგ კრიტერიუმებში:

  • მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა;
  • მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება;
  • მერის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
  • საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.

რუსთავის მერიასა და საკრებულოს 2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში – საერთო ჯამში: 61% ჰქონდა, 2019 წელს – 79%, ხოლო 2021 წელს 47%-ი.   რაც ნიშნავს იმას რომ  მუნიციპალიტეტის შედეგი 2017-21 წლებში 14%-ით გაუარესდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კვლევის მიხედვით, რეგიონში ყველაზე დაბალი 13%-იანი მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ არც მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში ექნება მაღალი შედეგი.  2021 წელს აღნიშნული მიმართულებით  ბოლნისის ქულა  3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება გასული 3 წლის დინამიკას, ბოლნისის შემთხვევაშიც შედეგები გაუარესებულია და მაჩვენებელი 2017-21 წლებში 35%-ით შემცირდა.

2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების  ბლოკში ბოლნისის მერიასა და საკრებულოს 38%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 2019 წელს- 15%, ხოლო 2021 წელს შედეგი 3 %-მდე შემცირდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ბლოკში, ჯამში 12%-იანი მაჩვენებელი აქვს.  ბოლნისის მსგავსად  გარდაბანსაც თითქმის ყველა მნიშვნელოვან კრიტერიუმში 0%-იანი  მაჩვენებელი აქვს .

  • მოქალაქეთა მონაწილეობა – 6%:
  • ანგარიშვალდებულება – 27%.

2019-21 წლების შედეგების მიხედვით გარდაბანში 19%-იანი ნეგატიური დინამიკა შეინიშნება.  ჩატარებული 3 კვლევის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში გარდაბანს 31% ჰქონდა, 2019 წელს-18%, ხოლო 2021 წელს-12%.

რაც შეეხება წალკისა და დმანისის 2021 წლის შედეგებს. თვითმმართველობის ინდექსის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ბლოკის მიხედვით, ამ მიმართულებით წალკასა და დმანისს თანაბარი, 18-18%-იანი მაჩვენებელი აქვს.

2017-2021 წლებში წალკაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 3%-ით, ხოლო დმანისის მაჩვენებელი 9%-ით გაუარესდა.

წალკისა და დმანისის  მუნიციპალიტეტების მერიასა და საკრებულოს 0%-იანი შედეგები აქვს შემდეგ კრიტერიუმებში:

  • მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა;
  • მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება;
  • მერის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
  • საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.

რაც შეეხება მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს, ინდექსის მიხედვით 2021 წელს, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში მარნეულს 25%, ხოლო თეთრიწყაროს 14% აქვს.

მოქალაქეთა მონაწილეობის კრიტერიუმში მარნეულს 24% , თეთრიწყაროს 5% , ხოლო ანგარიშვალდებულების კრიტერიუმში მარნეულს 28%, ხოლო თეთრიწყაროს 39% აქვს.

ინდექსის გასული 3 წლის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი 8%-ით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შედეგი 2%-ით გაუარესდა.

ამრიგად, ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევის მესამე, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ბლოკის ნაწილში, შვიდივე მუნიციპალიტეტის შედეგი გასული 3 წლის მანძილზე გაუარესდა.

 

ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით