ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, 18-22 ივლისს, ბაკურიანში ჩატარდა ტრენინგი “თანასწორობა, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების მონიტორინგი და პოლიტიკის შეფასება გენდერული და ინკლუზიური მიმართულებით ადგილობრივი განვითარებისა და ბიუჯეტირების კონტექსტში”.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებასა და უნარების გაუმჯობესებას თანასწორობის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის საკითხებში, ადგილობრივი პოლიტიკისა და ბიუჯეტირების შეფასების პროცესში გენდერული და ინკლუზიური მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა მონაწილეების გაძლიერებაზე ადვოკატირების კამპანიების განხორციელების სფეროში.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და აქტივისტთა ჯგუფების 60 წარმომადგენელი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ესწრებოდნენ სესიებს თემებზე: ადამიანის უფლებები და მათი დაცვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისად, გენდერული თანასწორობა, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ჩართულობითი გადაწყვეტილებების მიღებაში და მუნიციპალური პოლიტიკის შეფასება გენდერულ და ადამიანის უფლებების ჭრილში.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გაეცნოთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესები და დაეგეგმათ აქტივობები მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობისა და ადვოკატირებისთვის.

თემატური სესიები მონაწილეებს დაეხმარა, გამოეკვეთათ რეგიონებში არსებული პრობლემები, ემსჯელათ მათი გადაჭრისა და ადვოკატირების პოლიტიკის შემუშავებაზე. ტრენერებთან ერთად მონაწილეებმა დასახეს რამდენიმე კონკრეტული პროექტის გეგმაც.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF – სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

QvemoQartli.ge