ხიდი რუსთავიდან ევროპაში – „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის”
რუსთავი, ბათუმის ქუჩა #22 – ადგილი, სადაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული მოხალისეები ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისთვის იკრიბებიან. აქ, ისინი ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ.
იდეა, რომლის გარშემოც ეს ადამიანები ერთიანდებიან ევროპული ღირებულებები და განვითარებაა. ამ ყველაფრის სათავეში კი ორგანიზაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის” დგას.
ორგანიზაცია 2007 წელს დაფუძნდა.
ევროკომისიის და ევროსაბჭოს ახალგაზრდული პროგრამების დახმარებით ისინი, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. ამ წლების განმავლობაში, მათ შეძლეს 220-მდე გრძელვადიანი და მოკლევადიანი მოხალისეების მასპინძლობა.
ბაქარ გელაშვილი დღეს ორგანიზაციის მოხალისეების კოორდინატორია. თავდაპირველად იგი პოლონეთში, 10 თვის განმავლობაში, მოხალისეების გრძელვადიანი პროგრამის მონაწილე იყო.
„ ეს ორგანიზაცია დამეხმარა, რომ მიმეღო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. იქ ყოფნამ, ბევრი რამ შეცვალა ჩემში და უფრო მეტად განვვითარდი. ბევრი რამ სხვა კუთხით დავინახე.
ისეთ ქალაქში ვიყავი, რომელიც რუსთავზე პატარაა. მქონდა პოლონელ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, საინტერესო იყო მათთან კომუნიკაცია და კულტურის გაცნობა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა ბევრ საინტერესო აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა.
პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, გამოჩნდა ვაკანსია ამ ორგანიზაციაში – მოხალისეების კოორდინატორი. დღეს შვიდი მოხალისე გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან და მე მათი დამაკავშირებელი რგოლი ვარ”, – ბაქარ გელაშვილი, გრძელვადიანი მოხალისეების კოორდინატორი.
„ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის”, მიმდინარე საერთაშორისო პროექტების პარალელურად, ახორციელებს ადგილობრივი დონის ინიციატივებსაც – ქმნის სხვადასხვა კლუბებს და აწყობს არაფორმალური განათლების აქტივობებს.
ევროპის სოლიდარობის პროგრამა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც 18-30 წლამდე ახალგაზრდებს უფინანსებს ყველა საჭირო ხარჯებს, რათა შეძლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წასვლა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა.
აღსანიშნავია, რომ მოხალისეობრივი მიმართულებები მრავალფეროვანია და მონაწილეები თავად ირჩევენ, თუ რა საქმიანობა სურთ.
მიმდინარე პროგრამების შესახებ, ორგანიზაციის დამფუძნებელი გვიყვება.
ალექსი მეტრეველი აღნიშნავს, რომ ბევრმა ახალგაზრდამ მათი პროექტების დახმარებით, შეძლო საკუთარი თავის აღმოჩენა და სრულიად ახალი პროფესიის დაუფლება.
„ ვცდილობთ, ბევრი ახალგაზრდა იყოს ჩართული პროგრამებში – გაეცნონ ევროპულ ღირებულებებს, ნახონ რეალურად, ევროპა კარგია თუ ცუდია. შეიძინონ მეგობრები.
აქ, სულ სხვა სახის ურთიერთობაა. ყველაზე მთავარი რაც ამ პროგრამებს აქვთ არის ის რომ, ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის გაიხსნა სხვა შესაძლებლობა. ბევრმა საერთოდ ახალ სფეროს მიაგნო.
აქტივობების 99%-ი არის საერთაშორისო დონის. ათასობით ახალგაზრდას, არა მარტო რუსთაველებს, ჰქონდა ამ წლების განმავლობაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ორგანიზაცია სამი მიმართულებით მუშაობს. პირველი: მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, 13-30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა. მეორე: ტრენინგები, სემინარები, სასწავლო ვიზიტები, სადაც ახალგაზრდებს უსასყიდლოდ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მესამე: ევროპის მოხალისეთა სერვისი – ვგზავნით და ვიღებთ მოხალისეებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აპლიკანტი ორგანიზაცია ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ, მაგრამ გვყავს პარტნიორები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთაც შეაქვთ განაცხადი, უფინანსდებათ პროგრამა და შემდეგ უკვე ვმასპინძლობთ აქ”, – ალექს მეტრეველი ორგანიზაციის დამფუძნებელი.
იგი საუბრობს მუნიციპალიტეტის დონეზე, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. მეტრეველი, ამბობს რომ საბიუჯეტო დაფინანსების ადმინისტრირება ეფექტურად უნდა ხდებოდეს, რათა სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეეძლოთ, კონკურსის მეშვეობით, დაფინანსების მოპოვება. მისი თქმით, ეს ახალგაზრდული სერვისების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.
„ ჩვენ ვართ აპოლიტიკური ორგანიზაცია რაც, გულისხმობს იმას რომ ყველა მთავრობის ოპოზიცია ვიყავით. სამწუხაროდ, არანაირი საბიუჯეტო დაფინანსებით არ გვისარგებლია. იმედია, რომ სამომავლოდ ეს შეიცვლება და მუნიციპალური სერვისები უფრო დაუკავშირდება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ვინც რეალურად ახორციელებს ახალგაზრდულ პოლიტიკას და ქალაქის, სოფლის თუ თემის დონეზე არ იქნება ჩაკეტილი სივრცე.
რუსთავიდან 5-6 ორგანიზაცია ვიყავით აქტიურად ჩართული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც მომზადდა და სამწუხაროდ, განხორციელება არ ეღირსა. არის ბიუჯეტი რომელიც ახალგაზრდებისთვისაა გამოყოფილი და შეიძლება, რომ წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას – კონკურსის საფუძველზე შეიტანოს განაცხადი და არ მოხდეს ისე, რომ ადმინისტრირება ხდებოდეს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ.
რუსთავში არის რამდენიმე ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია იგივე სერვისი უფრო ხარისხიანად და უფრო გამჭვირვალედ შესთავაზოს ახალგაზრდებს. ჩართულობაც გაცილებით მეტი იქნება”, – ალექს მეტრეველი ორგანიზაციის დამფუძნებელი.
ჩვენი საუბრის ბოლოს, ვეკითხებით ე.წ „რუსული კანონის“ შესახებაც.
მეტრეველი იხსენებს, ბელარუსის მაგალითს, როდესაც არასამთავრობოების მუშაობა ქვეყანაში, სწორედ, მსგავსი კანონის მიღების შემდეგ შეუძლებელი გახდა.
„ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ამ კანონის, რადგან არ იყო ამის საჭიროება – ჩვენი სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შესაბამისად, დამატებითი ბერკეტი არანაირად არ იყო საჭირო.
ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი ბელარუსიდან, რომლებიც ამ წუთას მუშაობენ საქართველოდან. ზუსტად 7-8 წლის წინ, მოხდა იგივე კანონის ინიცირება იქ. მას შემდეგ ბელორუსში აღარ დაედგომებოდათ. ახლა მუშაობენ ონლაინ საქართველოდან.
იმის საშიშროებაა, რომ თუ სამომავლოდ ეს თემა განივრცობა და ისევ მოინდომებენ ამ კანონის მიღებას, დიდი ალბათობით ევროკავშირი შეზღუდავს პროგრამების განხორციელებას საქართველოში, ისევე როგორც ეს ბელორუსის შემთხვევაში მოხდა“, – საუბრობს ალექს მეტრეველი.
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.