ქალთა მიმართ ძალადობის ციფრული განზომილება
უკვე მრავალი წელია, გოგონებისა და ქალების მიმართ სხვადასხვა გარემოში გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობა გამარტივდა ან გახშირდა ტექნოლოგიებით, უფრო კონკრეტულად კი, მათი გამოყენებით ონლაინ და ციფრულ სივრცეში.
ქალთა მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის ციფრული ფორმები განსაკუთრებით აშკარაა იმ ქალებისა და გოგონების შემთხვევაში, რომლებიც რისკის ქვეშ არიან ან უკვე ექვემდებარებიან დისკრიმინაციის სხვა ფორმას. ის შეიძლება გამწვავდეს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობა, პოლიტიკური კუთვნილება, სოციალური წარმომავლობა, მიგრაციის სტატუსი ან ცნობადობა. ციფრულ სფეროში ქალთა მიმართ ჩადენილ გენდერულ ძალადობას სერიოზული გავლენა აქვს ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, საარსებო საშუალებებზე, ფიზიკურ უსაფრთხოებასა და რეპუტაციაზე (ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი. GREVIO)
ქალთა მიმართ ძალადობის ციფრული განზომილება მოიცავს ონლაინ და ტექნოლოგიის გამოყენებით ჩადენილ ქმედებათა ფართო სპექტრს, რომელიც გოგონათა და ქალთა მიმართ გენდერის გამო ჩადენილი უწყვეტი ძალადობის ნაწილია. მათ შორისაა ოჯახში ძალადობაც – გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის ლეგიტიმური და თანაბრად საზიანო პრაქტიკა, რომელსაც ქალები და გოგონები ფიზიკურად განიცდიან.
ქალთა მიმართ ძალადობის ციფრული განზომილების კონცეფცია, GREVIO-ს გაგებით, მოიცავს როგორც ონლაინ ასპექტებს (ხილულ თუ ბნელ ინტერნეტგვერდებზე ხელმისაწვდომ მონაცემებს და ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის, ინტერნეტშუამავლების მეშვეობით), ასევე, საზიანო ქცევას ქალთა და გოგონათა მიმართ ტექნოლოგიის გამოყენებით (ტექნოლოგიისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების, მათ შორის, კომპიუტერული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ჩადენილ ქმედებებს). ინტერნეტშუამავლები არიან სუბიექტები, რომლებიც ხელს უწყობენ ინტერნეტში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობას, სხვადასხვა ფუნქციისა თუ სერვისის შეთავაზებითა და მიწოდებით და მოიცავენ ინტერნეტ სერვისპროვაიდერებს, საძიებო სისტემებს და სოციალური მედიის პლატფორმებს. ტექნოლოგიური ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება ბოროტად გამოიყენონ მოძალადეებმა მსხვერპლთა თვალთვალის, შევიწროების, მეთვალყურეობისა და კონტროლის მიზნით, შეიძლება იყოს სმარტფონი, კამერა და სხვა ჩამწერი მოწყობილობები, გლობალური პოზიციონირების სისტემები (GPS) ან სატელიტური ნავიგატორები. ასევე, ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ძალადობას. ასეთებია: ჭკვიანი საათები, ფიტნესაქტივობის აღმრიცხველები და სახლის ჭკვიანი მოწყობილობები, როგორიცაა სფაივეარი და სხვა აპლიკაციები.
ტერმინი „ქალთა მიმართ ძალადობის ციფრული განზომილება“ გამოიყენება იმის ხაზგასასმელად, რომ ეს საზიანო ქმედება არაპროპორციულად ეხება გოგონებსა და ქალებს, ამასთან, არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობისას მათ გამოცდილებათა ცენტრალური ელემენტი. ამ ტიპის ძალადობა ეფუძნება ქალთა უთანასწორობისა და კაცთა უფლებამოსილების იმავე კონტექსტს, რასაც რეალურ ცხოვრებაში გოგონებისა და ქალების ფსიქოლოგიური, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამოცდილება.