ქალების „უხილავი“ და აუნაზღაურებელი შრომა
,, თქვენ სად მუშაობთ? არსად, მე დიასახლისი ვარ. ანუ, თქვენ ყველაზე რთული სამსახური გქონიათ. ჩემს ყოველდღიურ უხილავ შრომაზე ამ დიალოგის შემდეგ დავფიქრდი. სამწუხაროდ ქალები ყველაზე მეტს ვშრომობთ, რომელსაც ხშირად ვერ ხედავენ“ – იხსენებს, ჩვენი რესპონდენტი 37 წლის ნათია.
ის ორი შვილის დედაა. პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ვალდებულებების გამო საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა მოუწია და მთელ დროს შვილებს, მეუღლეს და საოჯახო საქმეებს უთმობს.
„ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი როდესაც გავთხოვდი. მსურდა იურისტად მუშაობა დამეწყო, როდესაც სწავლას მოვრჩებოდი. თუმცა, მალევე დავორსულდი და პატარა ბავშვთან ერთად რთულია კარიერაზე იფიქრო. გარდა ამისა სახლშიც უამრავი საქმე მქონდა და წარმოუდგენელი იყო იმ დროს ჩემთვის სამსახურზე ფიქრიც კი. შემდეგ მეორე გაჩნდა, რასაც კიდევ დამატებითი ენერგია და დრო სჭირდებოდა. ისე ჩავები საოჯახო საქმეებში და ბავშვების მოვლაში. საკუთარი თავი ხშირად არც მახსენდებოდა. ახლა, ვგრძნობ რომ ასეც არ შეიძლება და ქალმა აუცილებლად უნდა იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამას მაშინ მივხვდი როდესაც ბავშვები ცოტა მოიზარდნენ და მეც შედარებით თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაგრამ ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან რთულია, ვის უნდა გამოუცდელი 37 წლის კადრი სამსახურში?! წარმოუდგენლად მიმაჩნია ახლა ჩემი მუშაობა. საბედნიეროდ ჩემი მეუღლე მუშაობს და ის ფარავს ყველა ხარჯს“ – ნათია.
მთელს მსოფლიოში ქალები მინიმუმ ორჯერ და მაქსიმუმ ათჯერ მეტ დროს ატარებენ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში, ვიდრე კაცები. თუმცა, სუბიექტურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ საქართველოში არსებული პატრიარქალური აზროვნების პირობებში, საშინაო საქმეების თითქმის უმრავლესობა ქალებზეა. არ აქვს მნიშვნელობა ქალი დასაქმებულია თუ არა. ხშირია შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ქალს, საშინაო საქმეების შესრულება უწევს, როდესაც კაცების ამ დროის უბრალოდ ისვენებენ.
საოჯახო საქმეებში კაცების არათანაბარი ჩართულობა, შრომის სქესობრივ დაყოფასთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჰორიზონტალურ სეგრეგაციასთან, რის შედეგადაც სოციუმში არსებობს ტერმინები “კაცის საქმე” და “ქალის საქმე”.
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა (Unpaid care work) – არის „ყველა აუნაზღაურებელი მომსახურება, ადამიანებზე ზრუნვისა და საშინაო შრომის ჩათვლით, რომელსაც ეწევა ინდივიდი შინამეურნეობაში ან თემში, ამ შინამეურნეობის თუ თემის წევრების სასარგებლოდ. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გავრცელებული მაგალითებია საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, წყლისა და საწვავის მომარაგება, ბავშვებსა და ხანდაზმულებზე, ავადმყოფ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე ზრუნვა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შეფასებით, 606 მილიონი ქალი, ანუ ამჟამად ეკონომიკურად არააქტიურ ქალთა 41% სწორედ აუნაზღაურებელი ზრუნვის ვალდებულებების გამო რჩება შრომის ბაზრის მიღმა, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაზე.
„ ქალებსა და კაცებს შორის აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო განაწილება ქალების ადამიანთა უფლებების განხორციელებასაც უშლის ხელს და ზოგადად ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს“ – ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში.
იმავე პუბლიკაციაში საუბარია, უხილავი აუნაზღაურებელი შრომის ღირებულებაზე, რაც შეფასებულია როგორც ქალების მხრიდან, სახელმწიფოში არასათანადო სოციალური სერვისების სუბსიდირება.
„ ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომა ახდენს იმ ზრუნვის სუბსიდირებას, რომელიც ეხმარება ოჯახებს და ეკონომიკას და ხშირად ავსებს სოციალური მომსახურებების დეფიციტს. თუმცა, ის იშვიათადაა აღიარებული როგორც შრომა. აუნაზღაურებელი ზრუნვის და საოჯახო შრომა მთლიანი შიდა პროდუქტის 10-39 %-ს შეადგენს და ქვეყნების ეკონომიკაში უფრო დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ვიდრე წარმოების, ვაჭრობის და ტრასნპორტირების სექტორებს“ – გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
„საქართველოში დროის გამოყენების კვლევის“ (GTUS) შედეგების უფრო სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ – ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე მთელი რიგი ფაქტორები ზემოქმედებს. მაგალითად, ისინი კვირაში საშუალოდ 4.7 საათით მეტს ატარებენ აუნაზღაურებელ შრომაში, თუ ქორწინებაში იმყოფებიან, 2.8 საათით მეტს – თუ მათი მეუღლე დასაქმებულია და 11.2 საათით მეტს – თუ მათთან ერთად შინამეურნეობაში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ.
ამასთან, ზრუნვის სხვა ისეთი საჭიროებები, როგორებიცაა 10-17 წლის ბავშვებისა და ფუნქციური სირთულეების მქონე პირების საჭიროებები, მხოლოდ ქალების და არა – კაცების, ყოველკვირეულ აუნაზღაურებელ შრომას ზრდის საშუალოდ 2.2 და 2.8 საათით. ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში შინამეურნეობაში ზრუნვის პასუხისმგებლობები, უმეტესწილად, ქალებს აწევთ მხრებზე.
„ზრუნვის პასუხისმგებლობების ასეთი უთანასწორო განაწილება, ინსტიტუციურ და სტრუქტურულ ბარიერებთან ერთად, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებს უკავშირდება და დასაქმების უთანასწორო შესაძლებლობებამდე და ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ, რომლებიც მთელ მსოფლიოში ქალებისა და კაცების სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე, ხელფასებსა და სამუშაოს ხარისხზე აისახება.
ბაზისურ ინფრასტრუქტურასა და საჯარო სერვისებზე შეზღუდული წვდომისა და იმის გამო, რომ კაცები ნაკლებად კავდებიან აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომით, განვითარებადი ქვეყნები განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. გარდა იმისა, რომ აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის უთანასწორო გენდერული განაწილება ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი უფრო აქტიურად და ფართოდ ჩართვის არსებითი ბარიერია, ის მთლიანად საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის წამყვან დამაბრკოლებელ ფაქტორსაც წარმოადგენს,“ – გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
ქალთა აუნაზღაურებელი შრომა ცალკე კატეგორიად არის მოხსენიებული მდგრადი განვითარების მიზნებშიც. კერძოდ მე-5 მიზანში, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალების და გოგოების გაძლიერების მიღწევას მოიაზრებს. რაც ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის.
ილუსტრაციის წყარო: მედია აპრილი, ნატალია ავალიანი
სტატიის ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.