“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები
რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო.
მაგრამ მაინც, მოდით დავფიქრდეთ, რამდენმა კამათმა ჩაიარა, მანამ სანამ ისეთები გავხდით, როგორებიც ახლა ვართ?! ვინ, ან რამ იმოქმედა ჩვენ საზოგადოებრივ შეხედულებებზე?!
ეს უკანასკნელი ყველას სხვადასხვა აქვს, მაგრამ მაინც არსებობს ერთი, ან რამდენიმე „წმინდა“ ადგილი, სადაც ყველანი „ვხვდებით“ და ვთანხმდებით.
ასეთი ადგილი, სამწუხაროდ, ფემინიზმი არ არის, მაგრამ მე ამაზე უკეთესი გადასვლა ვერ მოვუფიქრე, ჩემს გა-ბლოგებულ სტატიას.
როგორც მიხვდით, გავაგრძელე “პირველი” ფემინისტების ძებნა – გადავეშვი წყაროებში და ნადავლს გიზიარებთ.
ამბები ნინო ანთაძე-ნაკაშიძეზე
დაიბადა თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ. ასწავლიდა საკვირაო სკოლებში, იყო სახალხო თეატრის გამგეობის წევრი, ასრულებდა სხვადასხვა როლებს ამავე თეატრში, თარგმნიდა რუსულიდან ქართულად მოთხრობებსა და ზღაპრებს.
იზიარებდა და ავრცელებდა იმ დროინდელი რეჟიმისთვის, მიუღებელ იდეებს.
ის და მისი მეუღლე, ილია ნაკაშიძე, ლევ ტოლსტოის აზრების გავრცელებისა და რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის გამო კავკასიიდან გადაასახლეს. ტოლსტოის დახმარებით 1898 წელს ნაკაშიძეები პატარა ბავშვით მოსკოვში დასახლდნენ. მოსკოვში ყოფნისას სწავლობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო.
მოსკოვიდან აგზავნიდა მასალებს „კვალსა“ და „სახალხო გაზეთში.“ გამოაქვეყნა ნაწარმოებები „შობა“, „დამნაშავე“, მათ შორის პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა „ძიძა“. 1903 წელს ოჯახი დაბრუნდა თბილისში. ნინო, მალევე გახდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი. ამავე წელს, თანამოაზრეებთან ერთად საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა დაიწყეს და გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა.
1905 წლის რევოლუციის დროს „სახალხო გაზეთმა“ გააგზავნა კორესპონდენტად გურიის გლეხთა მოძრაობის გასაშუქებლად, საიდანაც აქვეყნებდა წერილებს „დამსწრეს“ ფსევდონიმით. მონაწილეობდა ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებლების აღწერასა და ქალაქის რევოლუციური გამგეობის არჩევნებში. არჩეული იყო ამ გამგეობის წევრად.
მან დაწერა პიესა „ვინ არის დამნაშავე?“ და იმავე წელს დაიჭირეს – ერთი წლით გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. დაბრუნებისთანავე გახსნა ქართული საბავშვო ბაღი და ამავე წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ნაკადულს“. 1914 წელს, აირჩიეს კავკასიელ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ. ეს საზოგადოება მოღვაწეობდა ქალების ემანსიპაციისთვის, საზოგადოებას ჰქონდა ქალთა კლუბი, ასწავლიდა წერა-კითხვას, ხელობას, ჰქონდა სასადილო.
1914-1918 წლებში, ნაკაშიძის თაოსნობით, მოქმედებდა პირველი მსოფლიო ომის გამო ლტოლვილი 500 ბავშვისთვის განკუთვნილი, სამი სასადილო. 1918 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. არჩეული იყო საქართველოს წითელი ჯვრის გამგეობის წევრად. აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად, ხელმძღვანელობდა საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობას. ექვსი თვით ასრულებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობას.
ნინო ნაკაშიძის მთელი შემოქმედება დაფუძნებულია სამართლიანობასა და უსამართობაზე, თანასწორობასა და უთანასწორობაზე, ქალების როლსა და ადგილზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რეჟიმის მანკიერი მხარეების მხილებაზე.
ჩემი მეორე გმირი, ასევე „პირველი“ფემინისტი – ბაბილინა ხოსიტაშვილია. ისიც, თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ დაიბადა ჩვენ ქვეყანაში. ბაბილინა ფემინისტი მწერალი და მკვლევარი იყო.
მუშაობდა ბიბლიოთეკაში, რედაქციაში, ასევე კონსპირაციულ სტამბაში და წერდა ლექსებს. პირველი ლექსებში, მუშათა მდგომარეობას და მათ ბრძოლას აღწერდა, მოგვიანებით, სიყვარულის თემას და ქალების პრობლემებს [„ქალებს“, „დედა სამუშაოზე“ და სხვა].
როგორც თვითონ წერდა, მისი ლექსების მთავარი მოტივი, ქალის მისწრაფება ინტელექტუალური ამაღლებისაკენ და საკაცობრიო იდეები იყო. ლექსების წერის პარალელურად, თარგმნიდა პოეზიას, პიესებს და პროზაულ ნაწარმოებებს.
1931–1932 წლებში, ბაბილინა ხოსიტაშვილმა ქართულ ლიტერატურაზე ორი კვლევა ჩაატარა, რითაც იგი მომავალში ანტირელიგიური და ანტიშოვინისტური საკითხების დამუშავებას გეგმავდა. თუმცა, უნივერსიტეტმა და სახელმწიფო გამომცემლობამ მრავალჯერ უთხრეს უარი ხსენებული კვლევის გამოქვეყნებაზე. მისი აზრით, რელიგიის და წარსულის შესწავლის დროს, საჭირო იყო უფრო ზუსტი ანალიზი, რადგან ბევრი რამ წარსულში გაყალბებული იყო. ასევე საუბრობდა არმენოფობიის, შოვინიზმის და რელიგიური ფანატიზმის პრობლემებზე.
დიდ ყურადღებას უთმობდა, ფემინიზმს. ცდილობდა, ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მოეძებნა ამოხსნა „კაცის გაბატონებული პოზიციისათვის“. სწავლობდა ძველ ბერძნულ და სპარსულ წყაროებს, სადაც ქალის და კაცის ერთნაირ, საბრძოლო პირობებში აღზრდაა აღწერილი. წერდა, რომ ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანდა – თანაბარი ფიზიკური სიძლიერის მიღწევა, შესაძლებელია თანაბარი წვრთნის პირობებში. მისი აზრით, ქალის დაქვემდებარებული ყოფა, ბუნებრივი მდგომარეობით და ფიზიოლოგიით განპირობებული არ არის.
ბაბილინას ხელნაწერებიდან ჩანს, რომ იგი აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს — ფემინისტურ მოძრაობას, სუფრაჟისტებს და ზოგად ტენდენციებს, რომელიც ქალთა გაძლიერებას უკავშირდებოდა. ცდილობდა, პარალელი გაევლო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან.
ხოსიტაშვილი საუბრობდა უსამართლო რეალობაზე და წერდა:
„დედაკაცის გონებას არა ნაკლებ მამაკაცისაზე სწყურიან აზროვნება! დედაკაცს, ესტეტიური შეგრძნება არა ნაკლებ აანთებდა შემოქმედებითი გახელებისთვის! დედაკაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს: ბრძოლას კაცის კვლით, სისხლიან ომებით, შესცვლიდა აზროვნებით კამათზე; პროსტიტუციას მოსპობდა თავისუფალი სიყვარულით“.
მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
QvemoQartli.ge