ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმები
ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, დუბრავკა სიმონოვიჩმა 2015 წელს სახელმწიფოებს მოუწოდა, მიზანმიმართულად ემუშავათ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების თავიდან ასაცილებლად, დაენერგათ ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოედგინათ შემთხვევათა დეტალური ანალიზი.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წელს გამოთქვა მზაობა, შეექმნა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მინიჭებული მანდატის საშუალებით, სახალხო დამცველი ყოველწლიურად ახდენს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეების ანალიზს, რათა იდენტიფიცირებულ იქნას ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის მექანიზმის ხარვეზები და უწყებებისთვის გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შემუშავდა სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც სახალხო დამცველი აფასებს ამ სფეროში არსებულ ტენდენციებს. ასევე, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ფემიციდის მონიტორინგის მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობებს. ამასთან, სახალხო დამცველი ყოველწლიურად მართავს კონფერენციას, რომელიც პლატფორმაა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.
ფემიციდი წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ექსტრემალურ ფორმას, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები განსხვავდებიან ცალკეულ სოციალურ და კულტურულ რეალობაში, ფემიციდი გლობალური მოვლენაა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინსტიტუციური და საკანონმდებლო მოწესრიგებიდან, აღსანიშნავია 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება; ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელსაც ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის განხორციელება დაევალა.