ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ
„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი მიზანია სოციალური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და პარტნიორობის პროცესის წახალისება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს მოქალაქეების ჩართულობის გზების დახვეწა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაში..
აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ფატი შავაძეა.
ფატი უკვე შვიდი წელია მუშაობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. გვიხსნის, რომ პროექტში ჩაერთო, რადგან სურდა მონაწილეობა მიეღო პროცესში, რომლის მიზანიც „მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და თანასწორი ცხოვრების უზრუნველყოფაა.“
ფატი შავაძე: „ ამ ეტაპზე ჩართული ვარ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, პროექტში „ჩემი ხელის-უფლება“ მიღებული გამოცდილება, ასევე ინიციატივით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მოქალაქეებს, მათ შორის ახალგაზრდებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის – მონაწილეობის მექანიზმის გაძლიერების გზით, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის მუნიციპალური სოციალური (თუ სხვა სახის) პოლიტიკა დაეფუძნოს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.“
შავაძე ამბობს, რომ არსებობს ხუთი გარემოება, რაც განაპირობებს მოქალაქეთა რეალურ და წარმატებულ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ესენია: როცა მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა მათ ეძახიან და როცა მათ პასუხობენ.
„ჩემი ხედვა, რომელიც მიემართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების გაუმჯობესების საკითხს, ეხება მეტი გამჭვირვალობისა და ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულების ასახვას, ასევე უფლებების, მოვალეობების და ანგარიშვალდებულების საკითხების მკაფიოდ განსაზღვრას, ორმხრივად“- ფატი შავაძე, პროექტის „ჩემი ხელის უფლება“ სამუშაო ჯგუფის წევრი.
მას უკვე ნაფიქრი აქვს იმ კონკრეტულ ცვლილებებზე, რომელსაც წარუდგენს საბჭოს სხვა წევრებს.
„ მაგალითად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების მე-2 მუხლში მიზანი შესაძლებელია განისაზღვროს მეტად მკაფიოდ – პირობითად „საბჭოს მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით“.
აუცილებელია დებულებაში გაჩნდეს მუხლი ან ჩანაწერი საბჭოს გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
საბჭოს გადაწყვეტილება/რეკომენდაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ წარმოშობს შესასრულებლად აუცილებელ შედეგს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოდან უნდა მოხდეს შესრულებული ან შეუსრულებელი რეკომენდაციის/წინადადების შესახებ არგუმენტირებული უკუკავშირის დაბრუნება. საბჭოს წევრებმა უნდა მიიღონ უკუკავშირი და დეტალური განმარტება, თუ რატომ არის ამა თუ იმ რეკომენდაციის თუ წინადადების გათვალისწინება შეუძლებელი ან მიზანშეუწონელი.
ასევე, ჩემი აზრით, აუცილებელია ჩანაწერის გაჩენა თვითმმართველობის მხრიდან, საბჭოს მუშაობის ხელშეწყობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე“- ფატი შავაძე.
QvemoQartli.ge
ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“ არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.