უსაფრთხოების წესები მედიისთვის – აქციამდე და აქციაზე
მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებს აქტიურად აშუქებენ. საფრთხისშემცველ თუ მტრულ გარემოში ჟურნალისტების, ოპერატორების მუშაობა სხვადასხვა რისკებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ასეთ ვითარებაში უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა და დაცვა მნიშვნელოვანესია.
უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა აუცილებელია საპროტესტო აქციის ლოკაციამდე მისვლამდეც. მედიაჩეკერის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ის კონკრეტული წესებია ჩამოთვლილი, რაც მედიის წარმომადგენლებმა გადაღებამდე უნდა გაითვალისწინონ:
- სანამ გადასაღებად წახვალთ წინასწარ დაგეგმეთ რას მოიმოქმედებთ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. კარგად შეისწავლეთ ტერიტორია და რუკის დახმარებით გაარკვიეთ ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილები და გასასვლელები.
- წაიღეთ პატარა ზურგჩანთა, რომელშიც დამცავ საშუალებებთან ერთად წყალი და საკვები გექნებათ. კარგია თუ თან გექნებათ ტკბილეული.
- ზურგჩანთა შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის ტყვიებისგან, ქვებისა და წყლის ჭავლისგან დამცავ “ფარად”. სასურველია ზურგჩანთას ჰქონდეს წინა შესაკრავები, რომლითაც ჩანთას წელსა და გულმკერდის არეზე კარგად დაიმაგრებთ, რაც სირბილის დროს პრაქტიკული იქნება.
- თან იქონიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი.
- წაიღეთ თვალების დამცავი საშუალებები, თუნდაც ცურვისთვის განკუთვნილი სათვალე ან სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დამცავი სათვალე, ასევე სახის დამცავი ფარი ან აირწინაღი.
- ჩაიცვით თავისუფალი, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი. ასეთი ტანსაცმელი ისე სწრაფად არ დაიწვება, როგორც სინთეტიკა. გახსოვდეთ, ყოველთვის არსებობს გაზის ყუმბარის აფეთქების რისკი.
- ნუ ჩაიცვამთ პოლიციისა და სამხედროების ფორმის მსგავს ტანსაცმელს. სასურველია გეცვათ, როგორც სამართალდამცველების ისე მომიტინგეების ტანსაცმლისგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი. მოერიდეთ შავის, ასევე ჭრელი ფერების ჩაცმას.
- ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც პრაქტიკულია და რომელსაც თასმები მჭიდროდ ეკვრება.
- თან იქონიეთ საჭირო წამლები, თავისი შეფუთვით.
- არ შეიკრათ თმა ე.წ ცხენის კუდით და არ გაიკეთოთ საყურეები, რათა არ ჩაგეჭიდოთ ვინმე ან რამეს არ გამოედოთ.
- ტელეფონში პროდიუსერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკონტაქტო პირების ნომრები გამოყავით ცალკე ( შეგიძლიათ თითოეულს წინ მიაწეროთ ანბანის პირველი ასო A, რაც მათ მოძებნას გაგიადვილებთ ან ეს ნომრები გადაიყვანეთ მნიშვნელოვანი კონტაქტების სიაში). ასე დაზოგავთ დროს და ოფისსა და კოლეგებთან კომუნიკაციას გაამარტივებთ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2023 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ზიანის ანაზღაურების საკითხები „ ხაზგასმულია მედიის წარმომადგენლების პროფესიული აღჭურვილობის დაცვის საკითხიც:
„ მედიის წარმომადგენლების პროფესიული აღჭურვილობის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ამ ნივთების (კამერების ან ჩამწერი აპარატების) ჩამორთმევა ან ჩანაწერების წაშლა არაკანონიერია. თუ სამართალდამცავი ორგანოები განზრახ ამტვრევენ აღჭურვილობას, ეს დანაშაულად უნდა იყოს მიჩნეული და შესაბამისმა პირებმა ამ ქმედებისთვის პასუხი უნდა აგონ“.
დოკუმენტში ასევე საუბარია ჟურნალისტების განმასხვავებელი ნიშნების მნიშვნელობაზე:
„ ჟურნალისტები უნდა გამოირჩეოდნენ აქციის მონაწილეებისგან, მაგალითად, ტანსაცმელზე მკაფიო ემბლემებისა ან სიტყვის („პრესა“) გამოსახვით. მიზანშეწონილია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარ იყოს შეთანხმებული ასეთი განმასხვავებელი ნიშნები, რათა სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება“.
საყურადღებოა დოკუმენტში „ ჟურნალისტების უსაფრთხოება-სახელმძღვანელო წესები“ წარმოდგენილი წესებიც. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საქართველოში და Thomson Reuters-ის ფონდის თანამშრომლობის და ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.
- გამოიყენეთ სათანადო დამცავი აღჭურვილობა. დაცვის საშუალებები უნდა იყოს მოხერხებული და არ იქცევდეს ზედმეტ ყურადღებას.
- ნასროლი საგნებისგან (ქვა, ბოთლი, რეზინის ტყვია და სხვ.) თავის დასაცავად დაიხურეთ ე.წ. მყარი კეპი, იგივე ნაჭრის კეპი, შიგნიდან პლასტმასისა და სქელი რეზინის ფენებით. შეიძლება სპორტული ჩაფხუტის გამოყენებაც.
- თვალების დასაცავად გამოიყენეთ სათვალე, რომელიც აკმაყოფილებს MIL-PRF-32432(GL) და ANSI Z87.1-2010 სტანდარტებს. შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ვიზუალურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი მზის სათვალისგან. უფრთხილდით ყალბ და იაფფასიან მოდელებს, რადგან ასეთი სათვალე, შესაძლოა, ტრავმის მიზეზი გახდეს.
- სხეულის დასაცავად უმჯობესია მსუბუქი ჯავშანჟილეტი – Level II, სასურველია მჭრელი და მჩხვლეტავი საგნებისგან დამცავი შრით – Spike and Edge protection. თუ ჯავშანჟილეტი არ გაქვთ, ალტერნატივად გამოდგება სქელი ქურთუკი, ტყავის ქურთუკი, ზურგჩანთა სქელი გვერდებით.
- დამატებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სპორტული აქსესუარები: საიდაყვეები, სამუხლეები, წვივების დამცავები.
უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნაც, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც ცრემლსადენი აირის ზემოქმედების ქვეშ მოხვდებით:
ცრემლსადენი აირის ზემოქმედების შედეგად ადამიანს ეწყება თვალების, ცხვირის, პირის ღრუს, კანის წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ჭარბი ცრემლდენა, ჭარბი გამონადენი ცხვირიდან და პირიდან, ხველა. შესაძლებელია ქიმიური დამწვრობა და ალერგიული რეაქცია კანზე.
- აირს აფრქვევენ სპეციალური ყუმბარიდან, რომელსაც, როგორც წესი, თოფიდან გაისვრიან. ამიტომ, შეიძლება, გაიგონოთ გასროლის ხმაც.
- აირის გაფრქვევისას ყუმბარა ცხელია, არ მოკიდოთ ხელი. ცრემლსადენი აირისგან დასაცავად გამოიყენეთ აირწინაღი.
უსაფრთხოების საკითხები მედიისთვის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია. მასზე ბევრადაა დამოკიდებული რამდენად სრულყოფილად გაშუქდება საპროტესტო აქცია და დაცული იქნება მედიის წარმომადგენელთა ჯანმრთელობა.