„უახლოეს მომავალში შვილის გაჩენას გეგმავთ?“ – დისკრიმინაცია დასაქმებისას

სამსახურის მაძიებელი ქალები, ხშირად პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები ხდებიან. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი, ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება ხორციელდება.  ნაწილი კი ფაქტზე რეაგირებას, გარკვეული მიზეზების გამო არ ახდენს.

„ხართ თუ არა დაოჯახებული?!“ ან „აპირებთ თუ არა შვილის გაჩენას?!“ თითქოსდა, ერთი შეხედვით უწყინარი და ინფორმაციული კითხვებია გასაუბრებისას, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხდებით რომ ამის უკან, კლასიკური დისკრიმინაცია იმალება.

დისკრიმინაცია გახლავთ იმ ტიპის მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს, არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს გვიყვება, რომ გენდერული დისკრიმინაცია დასაქმებისას ხშირია და ეს როგორც თავად, ასევე მის მეგობრებსაც გამოუცდიათ.

„ ჰგონიათ რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იყოს და ოჯახს მიხედოს. რატომღაც ჯერ კიდევ ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სრულფასოვანი წევრები ვიყოთ დასაქმების სფეროში.

მქონია შემთხვევა, როცა ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, ერთ-ერთ კომპანიაში წავედი გასაუბრებაზე, რომ შევედი სამი შუახნის მამაკაცი იჯდა ოთახში. თითქოს, ყველაფერზე კარგად ვუპასუხე და მეგონა, რომ აუცილებლად ამიყვანდნენ. ბოლოს ერთ-ერთი მამაკაცი მეკითხება, – ახლო მომავალში დაოჯახებას გეგმავ თუ არა-ო, მაშინვე ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ მტკიცებით ფორმაში უარი უნდა მეთქვა დაოჯახებაზე და მას შემდეგ ამიყვანდნენ, ალბათ.

სამწუხაროდ, მე არ ვარ ერთადერთი ვისაც, მსგავსი კითხვები შეხვდა გასაუბრებისას, ჩემს ერთ მეგობარსაც ზუსტად იგივე კითხვა დაუსვეს, ოღონდ სხვა კომპანიაში. მეორე მეგობარს კი პირდაპირ უთხრეს – რადგან ბავშვი გყავს ეს, ალბათ, დამაბრკოლებელი იქნება-ო“ – ამბობს ის.

მომდევნო რესპონდენტი 30 წლის თამთაა. ის დასაქმებისას არსებულ დისკრიმინაციულ ქმედებებსა და საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.

„ იყო პერიოდი, როცა გასაუბრებებზე სიარული ხშირად მიწევდა. შეიძლება ითქვას, რომ 5 დან 4 გასაუბრებაზე, ჟღერდებოდა შეკითხვა – ვარ თუ არა დაოჯახებული, მყავს თუ არა შვილი, თუ კი, რა ასაკისაა ბავშვი და ა.შ.

რა თქმა უნდა, დისკრიმინაციაა როცა აპლიკანტის შეფასება ხდება არა მხოლოდ ცოდნითა და გამოცდილებით, არამედ მისი პირადი ცხოვრებით. ძალიან არასასიამოვნოა, როცა საუბრობ საქმეზე  და საპასუხოდ იღებ, ისეთ ვიტყოდი უტაქტო შეკითხვას, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება. საპასუხოდ მითქვამს, რომ რადგან ახლა გასაუბრებაზე ვარ  ე.ი. დაკისრებულ საქმეს, საჭიროების მიხედვით შევასრულებ და ოჯახისა და შვილის ყოლა, საქმესთან არანაირ კავშირში არ არის მეთქი.

მსგავს შეკითხვებს, დაკვირვებული ვარ, მხოლოდ ქალებს უსვამენ, ესეც ალბათ ქვეყნის მენტალობიდან მოდის. ქალისთვის ოჯახი შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, კაცისთვის კი რატომღაც არა.

პროტესტის ნიშნად, არ ვავსებ ისეთ სააპლიკაციო დოკუმენტს, სადაც არის მოთხოვნა, რომ მივუთითო ინფორმაცია იმის შესახებ, ვარ თუ არა დაოჯახებული. რა თქმა უნდა, არც რეზიუმეში მაქვს მსგავსი ინფორმაცია მითითებული“, – ამბობს იგი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნათია ქოქიაშვილი აცხადებს, რომ დასაქმებისას დისკრიმინაციის შემთხვევები ნამდვილად არსებობს, თუმცა ფაქტებზე რეაგირება, მომართვიანობის სიმწირის გამო, პრაქტიკულად არ ხდება. საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობაც და საერთაშორისო კონვენციაც, ნებისმიერი სახით დისკრიმინაციას კრძალავს.

„ ვხდებით დისკრიმინაციის ფაქტებს, როგორც სახელშეკრულებო, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში.

ჩვენთან პრაქტიკა საკმაოდ მწირია, ფაქტობრივად მსგავს საქმეზე ჩვენ რეაგირებები არ განგვიხორციელებია, რადგანაც მომართვიანობა საკმაოდ ნაკლებია. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია, იმით რომ დასაქმებულებმა წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას, თუნდაც გასაუბრებაზე ან  ვაკანსიის გაცნობის ეტაპზე, არ იციან საერთოდ დისკრიმინაციის შესახებ. ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და ისინი ვერც ფიქრფობენ, რომ გარკვეული უფლება მათი დარღვეულია, თუნდაც წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამ კუთხით.

„სასიამოვნო გარეგნობა“ „ვიწვევთ მხოლოდ მამაკაცებს“ ან „მხოლოდ ქალბატონებს“ ამ შინაარსის განაცხადები, ვაკანსიის გამოცხადებისას, ნამდვილად არის დისკრიმინაციული. ხშირად, არის ხოლმე რომ გოგონებს ეკითხებიან, დაოჯახებული არის თუ არა და აპირებს თუ არა, უმოკლეს პერიოდში დაოჯახებას და შვილის ყოლას, ეს რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის შემცველია, რადგან ისევე როგორც ქალბატონი, მამაკაციც უნდა იყოს ჩართული საოჯახო ურთიერთობებში და ასევე შვილის გაზრდის პროცესში, მითუმეტეს შრომის კოდექსმა უკვე მამაკაცებისთვის დეკრეტული შვებულების საკითხი განსაზღვრულია. აქედან გამომდინარე რატომ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონისთვის ეს კითხვა. რა თქმა უნდა, ეს დისკრიმინაციულია და  შესაბამისად თუ ამ ფაქტებზე რეაგირება არ იქნება, ეს მუდმივად იქნება პრობლემა“ – აღნიშნავს საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნათია ქოქიაშვილი.

„ ტრადიციულ გენდერულ როლებზე დაფუძნებულმა სექსისტურმა ვარაუდებმა, შესაძლოა წარმოშვას მოსაზრება, რომ ქალები, როგორც დედები ან მომავალი დედები თუ მზრუნველები, ნაკლებად სანდო კოლეგები და თანამშრომლები არიან“ – ამის შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, „სექსიზმთან ბრძოლა და მისი პრევენცია“ ვკითხულობთ, რომელიც 2019 წლით თარიღდება.

დოკუმენტში ასევე საუბარია, იმ მანკიერ დამოკიდებულებაზე, რომელსაც დასაქმებული ქალები სამსახურში, არც თუ ისე იშვიათად განიცდიან.

„ შეიძლება არსებობდეს მტრული დამოკიდებულება იმ დედებისადმი, რომლებიც შინ არ რჩებიან, ან ისინი გამოირიცხონ კარიერული წინსვლის და, შედეგად, პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი შესაძლებლობებიდან.  ეს ხელს უწყობს „შუშის ჭერის“ არსებობას, რომელიც ზღუდავს ქალთა დაწინაურების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გენდერულ დისბალანსზეა ასევე საუბარი, საქართველოს სახალხო დამცველის „სპეციალურ ანგარიში შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ“ სადაც, 4 ძირითადი მიმართულება გვხვდება. ესენია:

  • ქალთა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე;
  • სხვაობა მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებას შორის, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი გამოვლინება შრომით ურთიერთობაში;
  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში (როდესაც ქორწინების სტატუსის მიხედვით, შესაძლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულებისგან თავის ასარიდებლად ქალს უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ან ათავისუფლებენ სამსახურიდან).
  • დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერული წინსვლისას.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში“  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით