სწავლება და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა – ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოება ქალებისთვის
დონარა ჯეირანაშვილი, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის, ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. ცენტრს, მან საკუთარი ბიზნეს იდეის განვითარების მიზნით მიმართა.
სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ქვემო ქართლის ოფისი, ბოლნისში გასული წლის ზაფხულში გაიხსნა. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითლების ცენტრის მხარდაჭერით, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფუნქციონირებს.
ეს არ არის ერთადერთი სერვისი, რომელიც კარიერული და პერსონალური განვითარების მსურველებს, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, შეუძლიათ მიიღონ.
ცენტრის ბენეფიციარი ყველა ასაკის და სქესის ადამიანს შეუძლია გახდეს. აქ, ისინი ათობით დასახელების კურსს, მათ შორის: ბუღალტერიას, ხელსაქმეს, მანიკიურს და სხვა სპეციალობებს ეუფლებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის ცენტრი არსებობის ერთ წელს ითვლის, მას გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხშირად სტუმრობენ უცხოელები.
ერთ-ერთი ბოლო ასეთი სტუმრობის ფარგლებში, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, ტაჯიკი კოლეგები ეწვივნენ.
ბოლნისის სამოქალაქო საზოგადოებას აქტივობებით არ ჩამორჩებიან მარნეულშიც.
ქალთა უფლებების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი თემაა „ახალი აზროვნების ინსტიტუტისთვის“, რომელიც ქალებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და თვითგანვითარების ხელშეწყობაში ეხმარება.
ორგანიზაციის მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად ჩამოყალიბდა ქალთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ ქალთა საჭიროებების საპასუხოდ.
ორგანიზაცია ცდილობს ქალების ეკონომიკურად გაძლიერებისა და სოციალიზაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ქვემო ქართლში ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე კიდევ ერთი ორგანიზაცია „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ მუშაობს.
ორგანიზაციის დამფუძნებელი ხაზს უსვამს გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ განხორციელებულ პროექტებს და აღნიშნავს, რომ ქალთა უფლებების დარღვევები, მათ შორის ფემიციდის უმძიმესი შემთხვევები, ხშირად, სწორედ ფესვგადგმული სტერეოტიპებიდან არის ნაკარნახევი.
„ განვახორციელეთ პროექტი: „საქართველოს მულტიკულტურულ ქალთა გაერთიანება კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ“, რაც გულისხმობდა სწორედ გოგონათა გაძლიერებას და გადამზადებას ნარჩენების მენეჯმენტის საკითხში.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ალგეთის, კულიკამის და საჩხერეს ახალგაზრდულ ცენტრებთან თანამშრომლობით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი აზერბაიჯანელი და სომეხი გოგონები. პროექტის შედეგად დამეგობრდნენ, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი გოგონები და ერთად განახორციელეს კამპანია ნარჩენების მართვის პოპულარიზაციის მიზნით“, – ამბობს გვანცა თვალიაშვილი.
სამივე ზემოხსენებული ორგანიზაცია იმ შვიდი ორგანიზაციიდანაა, რომელიც CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში შეირჩა, ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში და ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება.
ავტორი: ნინო გელაშვილი
QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.