სოციალურ საწარმოს „ორბის ბუდე“ მეგობრები აძლიერებენ
ქვემო ქართლის პირველი ეკოტურისტული სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ განაგრძობს განვითარებას.
„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“- ს დამფუძნებელი, ლუსინე (ლუსო) დოსტიბეგიანი ამბობს, რომ სოციალური საწარმო – ბევრისთვის ცნობილი კონცეფციაა, თუმცა, ცოტამ თუ იცის, თუ რამდენად ღირებული ცვლილებების შესაძლებლობა მისცა ამ ფორმატმა სათემო ორგანიზაციებს.
„ ჩვენი პროექტის – ორბის ბუდის მაგალითზე, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაციისთვის – რაც თავის მხრივ, ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ეკონომიკას აძლიერებს.
თეთრიწყაროში, ორბის ბუდის შექმნაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, საქართველოს მეგობრებთან და მხარდამჭერებთან – მათ შორის, მერსი ქორფსთან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, გაეროს განვითარების ფონდთან და სხვა მხარდაჭერებთან ერთად. თავის მხრივ, ესტონეთის საელჩოს დაფინანსებით კი, ვიყიდეთ სალაშქრო აღჭურვილობა გიდებისთვის და ვიზიტორებისთვის, ასევე სამშვილდის კანიონში არსებული საფეხმავლო ბილიკის გაწმენდისთვის საჭირო ხელსაწყოები“- საუბრობს ლუსინე (ლუსო) დოსტიბეგიანი.
პროექტის ფარგლებში შესყიდული მასალების და განხორციელებული საქმიანობების გასაცნობად „ორბის ბუდეს“ ესტონეთის ელჩი ესტუმრა, რომელსაც ადგილზე გააცნეს თეთრიწყაროს კულტურული მემკვიდრეობა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლიც.
„ ძალიან მადლიერები ვართ ყველა პარტნიორის, ვინც ორბის ბუდის შექმნაში მხარი დაგვიჭირა და მათ შორის – დიდი მადლობა ესტონეთის საელჩოს, იმისთვის რომ მოგვცა შესაძლებლობა გაგვეუმჯობესებინა ჩვენი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა“,- ლუსინე დოსტიბეგიანი.
„ორბის ბუდე“ სოციალური საწარმოა, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდეში, რომელიც თბილისიდან, 65 კილომეტრში მდებარეობს.
საუკუნეების განმავლობაში აქ ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი სამშვილდე მდებარეობდა.
დღეს ციხე-ქალაქის, მრავალი საკულტო თუ სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია შემორჩენილი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, სამშვილდის სიონი და სხვა საინტერესო სანახაობა. დღევანდელი სამშვილდე ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებით, მრავალფეროვანი ბუნებითა და საუცხოო პეიზაჟებით გამოირჩევა. მათ შორისაა მდინარე ხრამისა და მდინარე ჭივჭავის კანიონები.
„ორბის ბუდე“ ამ გამორჩეულ ადგილებში დასვენებისა და მოგზაურობისთვის ტურისტულ მარშრუტებსა და მეგზურობას, დასასვენებელ სივრცეს სოფელ სამშვილდეში, შემეცნებით აქტივობებსა და ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასებს სთავაზობს საზოგადოებას.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge