სოციალური პროგრამები მარნეულში – გამოწვევები და ახალი მიდგომების დანერგვის მცდელობა

სოციალური პროგრამების შემუშავებისას მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური  პოლიტიკის გატარება. რის მიხედვითაც, სოციალური მომსახურება ადამიანის უფლებად განიხილება და არა „მოწყალებად”. ამისთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა ეყრდნობოდნენ ადამიანის ისეთ უფლებრივ პრინციპებს, როგორიცაა – სამართლიანობა, პატივისცემა, თანასწორობა და ღირსება.

მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის შექმნისთვის, ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონზე, აქცენტი შესაძლებლობების განვითარებაზე უნდა გაკეთდეს და არა ერთჯერად დახმარებებზე, ან საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია, სოციალური პროგრამების შედგენისას, სერვისის მიმღები პირების ჩართულობა. ვინაიდან, პროცესში მათი მონაწილეობა, პროგრამების ეფექტურობის განმსაზღვრელია.

ორგანიზაცია CENN-ი ორ სამიზნე რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამოქალაქო სექტორთან მუშაობს.

მიზანი, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული მდგრადი სოციალური სერვისების შექმნაა. რამაც, საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.

პროექტის ფარგლებში შექმნილმა მრავალაქტორულმა ჯგუფმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე გამართა სამუშაო შეხვედრები.

ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა –  ახალი პროგრამების საჭიროება; პრიორიტეტების განსაზღვრა; პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ა.შ.

შეხვედრებზე, იმსჯელეს ახალი ინიციატივების შესახებ, რაც მომავალი წლის სოციალური პროგრამების შედგენისას პრიორიტეტული იქნება.

მარნეულის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს 8 სოციალური პროგრამა აქვს, რომლის შესასრულებლადაც ბიუჯეტიდან 2 705 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამები, ძირითადად, მოიცავს სამედიცინო მომსახურებებს, ერთჯერად ფულად დახმარებებს და მოქალაქეების საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილებას.

მარნეულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო დეკანოიძე ამბობს, რომ პროგრამები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე იქმნება.

„ პროგრამების შედგენა საჭიროებიდან  და ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე ხდება. ასევე, ვახორციელებთ მოსახლეობისთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებით.

სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის ვმუშაობთ. CENN- ის სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა პირველი შეხვედრა, სადაც მიღებული იქნა რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში” – ნინო დეკანოიძე, მარნეულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი.

მარნეული, მრავალაქტორული ჯგუფის სამუშაო პროცესი

შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ოქროპირიძეც, CENN-ის მრავალაქტორული ჯგუფის წევრია. საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური სერვისები კარგად მუშაობს, თუმცა არის საკითხები, რომელიც შესწავლილი არ არის და დღემდე, მუნიციპალიტეტში პრობლემად რჩება.

ამბობს, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელია ისეთი სოციალური სერვისების შექმნა, რაც საზოგადოების ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

„ შინ მოვლის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი ხანდაზმულია, რომელთა ცხოვრების გახანგრძლივებაც შეგვიძლია. ხშირად იმის გამო, რომ ისინი მარტო ცხოვრობენ, ძალიან მარტივი დაავადების გამო შეიძლება დაიღუპონ. საჭიროა დღის ცენტრების შექმნა. გვქონდა კონსულტაციები სოციალურ სამსახურთან და იმედია ეს სერვისი მუნიციპალიტეტში მალე შეიქმნება.

ასევე, დევნილებთან მიმართებაში ძალიან ბევრი სამუშაოა მარნეულში, რადგან, ფაქტობრივად არცერთი სოციალური სერვისი არ არის მათთვის. ამ მოწყვლად ჯგუფზე აქცენტი გაკეთებული არ არის.

ჩვენ, მრავალაქტორული ჯგუფი, CENN-ის პროექტის ფარგლებში უკვე შევიკრიბეთ და განვიხილეთ არსებული სოციალური სერვისები და ვცდილობთ ახალი პროგრამების შემუშავებას, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარებათ” – ნათია ოქროპირიძე, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი.

თემაზე მეტი სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად, ვსაუბრობთ სოციალური სერვისების კონსულტანტთან.

სოციალურ საკითხებში კონსულტანტი ამირან დათეშიძე საუბრობს, მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, სერვისების შექმნის მნიშვნელობაზე. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ხელისუფლების როლზე და რესურსების სამართლიან გადანაწილებაზე.

„ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მსგავსია. არსებობს მცდელობები, რომ დაინერგოს გრძელვადიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სოციალური სერვისები. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობაა ისეთ მუნიციპალიტეტებში რომლებსაც აქვთ მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი.

ამასთან, ბევრ მუნიციპალიტეტში ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სერვისები, როგორიცაა – ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურება, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, შშმ პირთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამები, თუმცა აუცილებელია, რომ გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლების როლი და რესურსები ამ მიმართულებით.

ამ კუთხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ცენტრალურ დონეზე მოხდეს სერვისების ე.წ. სტანდარტიზება, მოდელის შემუშავება და შემდგომ ეტაპობრივად მოხდეს განსახორციელებლად ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის გადაცემა. შესაბამისად, უკვე არსებული ასეთი სოციალური სერვისები და მომავალში დასანერგი სერვისები (როგორიცაა მაგ, შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურება, შინ მოვლის მომსახურება) უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სახელმწიფო სტანდარტს.

სხვა თემაა ამ სტანდარტების შესრულება, ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგის სისტემის არსებობა. ამჟამად ასეთი გამართული სისტემის არარსებობა  იწვევს იმას, რომ არსებული სოციალური მომსახურებები ხშირად არადამაკმაყოფილებელი ხარისხით ხორციელდება.

მეორე საკითხია მოქალაქეებისთვის საჭირო სოციალური სერვისების სიმწირე. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, მოქალაქეთა ცნობიერების გაზრდის საჭიროება, რადგან ხშირად მათ არ აქვთ ინფორმაცია, ცოდნა თუ რა სერვისი/პროგრამაა საჭირო მათთვის/მათი შვილებისთვის. ასევე შშმ ბავშვების შემთხვევაში, ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა და მშობლები იმის ნაცვლად, რომ ითხოვდნენ ჯანმრთელობის, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების ან შშმ ბავშვებისთვის საჭირო მომსახურებებს- სამწუხაროდ თავად უწყობენ ხელს მათ იზოლაციას” –  ამირან დათეშიძე.

დათეშიძე, ასევე საუბრობს ადგილობრივ დონეზე საუკეთესო პრაქტიკების შექმნის მცდელობაზე. აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების შექმნა, რომელიც შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

„ წლების განმავლობაში, ადგილობრივ დონეზე იმდენად მწირი იყო სოციალური სერვისები და სოციალური დაცვის ერთადერთ საშუალებას ფინანსური დახმარებები წარმოადგენდა, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის სოციალური მომსახურებების განვითარებას უკავშირდება, კარგი პრაქტიკის მაგალითად უნდა განვიხილოთ.

ასეთი მაგალითების სახით გვაქვს სხვადასხვა უცხოური დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით დანერგილი ისეთი სოციალური მომსახურებები როგორიცაა: შინ მოვლა, ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება, ადრეული ინტერვენციისა და სხვადასხვა ტიპის რეაბილიტაციის პროგრამები, დღის ცენტრები, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და ინკლუზიის ხელშემწყობი პროგრამები და სხვა”-ამირან დათეშიძე, კონსულტანტი სოციალურ საკითხებში.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მრავალაქტორული ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას. ცდილობენ, არსებული სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ახალი ინიციატივების განხორციელებას.

თითოეული აღნიშნული საქმიანობა არის მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომელსაც  CENN-ი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში. სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.

 ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.