სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტებში – CENN პროექტის დასკვნითი ფაზისთვის ემზადება
თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია მონაწილეობით დემოკრატიას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. თვითმმართველობის ექსპერტები მუდმივად ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ თითოეული თემის, მუნიციპალიტეტის, რეგიონის განვითარებისა და პროგრესის გზა – სწორედ, მონაწილეობით დემოკრატიაზე გადის.
„მოქალაქეთა უფლებაა მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“,- აღნიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაში.
სწორედ მონაწილეობითი დემოკრატიის პრაქტიკების, ადგილობრივ დონეზე, გაძლიერებაა CENN-ის ერთ-ერთი მიზანი.
ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ახალი ინიციატივების განხორციელებაზე მუშაობას, ევროკავშირს მხარდაჭერით აგრძელებს.
პროექტის სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, ქვემო ქართლში, მრავალაქტორული ჯგუფები განსაზღვრული პერიოდულობით იკრიბებიან და მუშაობენ. ინიციატივა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გამოვლენას და მასზე მორგებული სერვისების შემუშავებას ისახავს მიზნად.
CENN-ის პროექტის კოორდინატორი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მარიკო წიქორიძე, მრავალაქტორული ჯგუფების დანიშნულებაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ მათი მუშაობის შედეგად შერჩეული სოციალური სერვისის დიზაინი ისეთი იქნება, როგორიც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადგილობრივებს.
„ პროექტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თითქმის ერთი წელია ხორციელდება. ახალი სოციალური სერვისების შემუშავებაზე და არსებულის გაუმჯობესებაზე, მრავალაქტორული, იგივე პარტნიორთა ჯგუფები შექმნის დღიდანვე მუშაობენ. ამ მიმართულებით, გვინდოდა არ ემუშავათ მხოლოდ მუნიციპალიტეტებში მომუშავე ადამიანებს. გვსურდა, გაგვეერთიანებინა სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო აქტივისტები.
ამ ჯგუფებში შეხვდებით სერვისის მიმწოდებლებს, შშმ პირებს – მათ ყველაზე კარგად იციან რა იქნებოდა უკეთესი. წელს, ყველაზე აქტიური ფაზა გვაქვს. შერჩეული სოციალური სერვისის დიზაინი, შემდგომში მერიას წარედგინება და დასტურის შემდეგ, დაინერგება“- მარიკო წიქორიძე.
წარმატებული სოციალურ სერვისებსა შექმნისას, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებში დანერგილი პრაქტიკის გაზიარებაც.
ევროკავშირში მოქმედებს სოციალური ქარტია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. მასში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დისკრიმინაციის აკრძალვის გზით. ასევე, დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული პოლიტიკის გატარების მეთოდები, ტექნიკური და ფინანსური დახმარებით.
ქარტია ითვალისწინებს ინკლუზიური ზომების შემუშავებას კომუნიკაციის, ტრანსპორტირების, განსახლების, კულტურულ საქმიანობებში ჩართვისა და დასვენების – თანასწორი უფლების უზრუნველსაყოფად.
ევროპულ ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკა სოციალური საჭიროებების და ინოვაციების უფრო მაღალ დონეზე დაფინანსებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მაღალია კეთილდღეობის ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ხელფასი, პენსია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური პროგრესის და ადამიანური განვითარების ინდექსები.
ამ მიმართულებით საყურადღებოა დანიის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ დანია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით ჩამორჩება მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კეთილდღეობის მაჩვენებლებით საგრძნობლად უსწრებს მათ. ამისი მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკის შედარებით დაბალი დონის მიუხედავად, ქვეყანა გაცილებით მეტ რესურსს ხარჯავს სოციალურ საჭიროებებზე.
დანიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექთნები დედებს აწვდიან უფასოდ რჩევებსა და დახმარებას კვების თუ საცხოვრებელი პირობების მიმართულებით. ჯანდაცვის ხარჯებს ადამიანებს ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლება და დამსაქმებლები უხდიან.
დანიაში მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ პირველადი ჯანდაცვის ორი ვარიანტი. დანიელების უმეტესობა ირჩევს სრულიად უფასო სამედიცინო სერვისს, რომელსაც მათ უწევს ზოგადი პრაქტიკოსი, სამედიცინო სფეროდან. ხოლო, მოსახლეობის ნაწილს ურჩევნია სამედიცინო გადასახადების ნაწილი თავად გადაიხადოს და ოჯახის ექიმი ან სპეციალისტი თავად აირჩიოს.
დანიის სოციალური კეთილდღეობის სისტემა მოქალაქეებს სთავაზობს უმუშევრობის, შეზღუდული უნარების, ხანდაზმულობის და სხვა მიმართულებით მხარდაჭერის უფასო სერვისებს. დანიის კონსტიტუციის თანახმად: „ნებისმიერ პირს, რომელსაც არ შეუძლია უზრუნველყოს/შეინახოს საკუთარი თავი, უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დახმარება.“
საქართველოს რეალობას, რომ დავუბრუნდეთ, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის გარკვეული სოციალური სერვისები ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს. მაგალითად:
- 24 საათიანი პანსიონატი, ცალკეულ ქალაქებში;
- 24 საათიანი სათემო მომსახურება (რუსთავი, ლაგოდეხი, ყვარელი, წნორი, მცხეთა, თბილისი, გორი, ქარელი, ზუგდიდი, ხონი, ოზურგეთი)
- შინ მოვლის საპილოტე პროგრამა;
სოციალური სერვისების სიმცირეზე და არსებულის დახვეწის საჭიროებაზე, დღეს მეტ-წილად არავინ დავობს. შესაბამისად, ამ თემის გარშემო სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობა, შესაძლებელი ხდება. პროცესში აქტიურად ერთვებიან ორგანიზაციები, რომლებსაც თავისი უნიკალური გამოცდილება აქვთ სოციალური სერვისების შესწავლის კუთხით ერთ-ერთი მათგანი „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრია.“
ორგანიზაცია, CENN-ის მიერ შექმნილი მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, აქტიურადაა ჩართული.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“-ს სოციალური მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი ზურაბ ტატანაშვილი:
„ ექვს მუნიციპალიტეტში შევაფასეთ სოციალური პროგრამები. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს უპირატესად აქვს ერთჯერადი გაცემები, რომლებიც მიზნობრიობას ხშირად ვერ აღწევს. მაგალითად, წელიწადში 150 ლარი ადამიანთა მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს. სერვისების ხელმისაწვდომობა არის ძალიან დაბალი. ასევე მნიშვნელოვანია, სერვისის მიმწოდებლის გაჩენა ადგილზე. ამას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება.
ჩვენი ძირითადი მიზანია, შეიქმნას ისეთი პროგრამა, რომელიც ერთ კონკრეტულ ჯგუფს გაუუმჯობესებს სოციალურ ფუნქციონირებას. გვინდა, რომ ამას ყველა მუნიციპალიტეტმა მიაღწიოს.“
სოციალური პოლიტიკა თითოეული ადამიანის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. მისი მიზნები ძირითადად სამი ელემენტისგან შედგება:
- შევამციროთ ტანჯვა, შიმშილი, წყურვილი, სიკვდილიანობა, ავადმყოფობა, დანაშაული, დისკრიმინაცია, გარიყულობა, უსახლკარობა, სიღარიბე და ა.შ
- გავზარდოთ კეთილდღეობა, რაც ნიშნავს ადამიანების კარგად ყოფნას (გავზარდოთ ხარისხი ცხოვრებისა, თავდაჯერებულობისა, ბედნიერებისა, უნარებისა, ცოდნისა, ფიზიკური და ფსიქიკური ძლიერებისა, სოციალური მხარდაჭერის ქსელებისა, კულტურული და სოციალური მონაწილეობისა და ა.შ.);
- მივაღწიოთ, გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ მთლიანი სოციალური განვითარება;
პროექტში „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ჩართულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე. ამბობს, რომ პროგრამების შემუშავებისას ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
„ პროგრამების შემუშავებისას ჩვენ ვახორციელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. გვაქვს პრეზენტაციები იმ პროგრამებთან დაკავშირებით რასაც ვაკეთებთ და ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რაც კი შესაძლოა წამოიჭრას ვცდილობთ მათ პროგრამებში ასახვას და გათვალისწინებას.
ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ერთჯერად დახმარებებზე მიმართული სოციალური პროგრამები, მივეცით თანხა და მორჩა – ეს მიდგომა არ გვაქვს. ვცდილობთ, ყველა სოციალურად დაუცველებს, ასევე გაჭირვებულ ოჯახებს, შშმ პირებს, არასრულწლოვანებს და ზოგადად, ყველას ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება მაქსიმალურად ვეხმარებით“, – ჯაბა დვალიძე. საუბრობს, რომ მიესალმება მრავალაქტორული ჯგუფის საქმიანობას და მზადაა აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ამ ფორმატით, რიგი მიმართულების და ინიციატივების შექმნისა და დახვეწისთვის.
პროექტში ასევე, აქტიურად არის ჩართული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.
ლელა კვირიკაშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, საუბრობს იმ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, რაც მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკის წარმოებისას დგას:
„ ბოლნისში სოციალური პოლიტიკის წარმოებისას არსებული გამოწვევებია უპირველეს ყოვლისა, – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში სახელმწიფო ენის არ ცოდნა, ასევე, ადამიანთა უმუშევრობის დონე და ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობა. ჩვენ ვცდილობთ, ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.
ჩვენს პრიორიტეტს მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებისა და ადამიანთა ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს, რათა გაიზარდოს მათი ზოგადი კეთილდღეობა და შეძლონ ამ გამოწვევებთან გამკლავება.”
ლელა კვირიკაშვილი გვიხსნის, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა პრობლემებზე საუბრის, რის შემდეგაც მერიაში ცდილობენ მათზე მორგებული პროგრამების შექმნას. ასევე, საუბრობს სამუშაო ჯგუფზე, რომელიც CENN-ის პროექტის ფარგლებში, სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის შეიქმნა.
„ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათთან ერთად ჩართული ვართ სოციალური პროექტების განხორციელებაში, იმ სოციალური ჯგუფებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მზრუნველობა.
ამ მიმართულებით მერიაში CENN-ის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობაში, გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული და საჭიროებიდან გამომდინარე, შევქმნით ახალ სოციალურ პროგრამას/სერვისს ან დავაკორექტირებთ არსებულ პროგრამებს, რომელიც ასახული იქნება 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში” – ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის სოციალური სამსახური.
პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ოთხწლიანია. ის მუშაობს ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში.
ავტორი: გურანდა ფუტკარაია
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.