სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენის მრავალშვილიანი ოჯახები კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე
მრავალშვილიანი დედობა – ბედნიერებასთან ერთად უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ შრომასაც ნიშნავს. საქართველოში ბევრი შვილის ყოლა, თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გაქვს (და არც ესაა მნიშვნელოვანი დახმარება) დიდ მხარდაჭერას ნამდვილად არ გიქადის. ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონები, სადაც მრავალშვილიანი ოჯახები, გარკვეული სიკეთეებით სარგებლობენ.
ვითარება არ იცვლება მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული გამოწვევები სიახლე არავისთვისაა. არამხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკა, არამედ ზოგადად საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება მრავალშვილიანთა მიმართ, ხშირად კრიტიკას იმსახურებს.
„თუ არ შეუძლიათ რჩენა, რატომ აჩენენ?!“ – ამ სიტყვებს, მრავალშვილიანი ოჯახები, თანამოქალაქეების მხრიდან, პირდაპირ თუ ირიბად, ხშირად ისმენენ.
ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები რუსთავში და რა სირთულეების წინაშე დგანან ისინი.
ჩვენი ერთ-ერთი პირველი რესპონდენტი, 48 წლის ეკატერინე ჯაჭვაძეა. მას, ექვსი შვილი ჰყავს. ეკატერინე აღნიშნავს, რომ ძირითადი პრობლემა მიდგომაშია და საშუალო ფენის მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, თითქმის არანაირი დახმარება არ არსებობს.
„ მრავალშვილიანი დედობა, დიდი ბედნიერებაა და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა. რამდენი შვილიც გყავს, იმდენჯერ მეტი პასუხისმგებლობა გაგაჩნია. ზოგადად, მიდგომას რაც შეეხება, თუ სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არის მრავალშვილიანი ოჯახი, მას დახმარებები არ ეკუთვნის.
ორი წელია, რაც სტატუსი გვაქვს მრავალშვილიანის, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგიის შეღავათს მოიცავს. კიდევ, არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან თანხობრივი დახმარება.
კარგი იქნებოდა, რომ მრავალშვილიანებს არის თუ არა, ის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ყველას ერთნაირად, ეძლეოდეს დახმარება, თუნდაც განათლების მხრივ, რომ სხვადასხვა წრეზე უფასოდ თუ არა, შეღავათით შეეძლოთ ბავშვებს სარგებლობა“, – საუბრობს ეკატერინე ჯაჭვაძე.
ჩვენი მომდევნო რესპონდენტი, შორენა სამხარაძე 44 წლისაა, მას ოთხი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბევრი შვილის გაზრდა, მაშინ როდესაც მათ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა, რთული საქმეა.
„ როდესაც ბავშვები მიყოლებულები არიან და შუალედი არ აქვთ, ძალიან რთულია.
ახლა, უკვე გაზრდილები არიან და შედარებით მარტივია. ალბათ, თავის დროზე უნდა იფიქროს დედამ იმაზე, რომ შუალედი იყოს დიდი ბავშვებს შორის. რაოდენობას რაც შეეხება, ეს უკვე პირადია, ვისაც როგორ უნდა ისე წყვეტს.“
შორენა აღნიშნავს, რომ ბავშვების აღზრდის პარალელურად, რთულია ქალისთვის განათლების მიღება და კარიერული წინსვლა.
„ დეკრეტული შვებულების მერე, როდესაც მომიწია სამსახურში გასვლა და ჩავაბარე მასწავლებლის გამოცდები, მქონდა სრული დატვირთვა. მაშინ, სასწავლო ნაწილმა მითხრა -ამდენ საათს რომ იღებ, ბავშვი რომ ცუდად გაგიხდეს მერე სად მიდიხარ-ო?! მეოთხე შვილის შეძენის შემდეგ, ვეღარ შევძელი, მივხდი რომ შეუძლებელი იყო ასეთ რეჟიმში ცხოვრება და მომიწია არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, ოჯახის სასარგებლოდ“, – აღნიშნავს შორენა სამხარაძე
კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ოთხი შვილის დედაა. დაოჯახება ნაადრევ ასაკში გადაწყვიტა. მას, მხოლოდ საშუალო განათლება აქვს მიღებული. სწავლის გაგრძელება, ოჯახის შექმნისა და ბავშვების გაჩენის შემდეგ ვეღარ შეძლო.
„ ბევრი შვილის ყოლა, სირთულეებთან ერთად, დიდ სიხარულს და ბედნიერებას წარმოადგენს. მყავს ოთხი გოგო, უფროსი უკვე 14 წლის არის, უმცროსი კი 5 წლის. რთულია ყველას გაუნაწილო თანაბრად ყველაფერი, ძირითადად ერთმანეთის ტანსაცმლით გავზარდე, მატერიალურად არ ვართ ძლიერი ოჯახი, მაგრამ ღვთის წყალობით ჯანმრთელები ვართ. მცირე დახმარებას კი ვიღებთ, მაგრამ ეგ მინიმალურია იმასთან, რაც ოთხი შვილის გაზრდას სჭირდება. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება და მოგვცემს სტიმულს.
მე პირადად ჩემი შვილებისთვის, უარი ვთქვი კარიერაზე და სამსახურზე, არასდროს მიფიქრია, რომ მრავალშვილიანი დედა გავხდებოდი, თუმცა ასე მოხდა. ამ გადმოსახედიდან, ჩემს უფროს გოგოს სულ ვეუბნები, რომ პირველ რიგში თავი უნდა დაიმკვიდროს, ისწავლოს, მუშაობა დაიწყოს და მერე შექმნას ოჯახი, ვფიქრობ, ასე უფრო ადვილი იქნება ცხოვრება.“
7 შვილის დედაა იზა ცაგარელი. მან თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია „მტევანი“ დააფუძნა, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად. გვიყვება, რომ ორგანიზაციის მთავარი ამოცანა, მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალურად და მორალურად დახმარებაა.
„ ჩვენ ქვეყანაში შესაბამისი პოლიტიკა არ არსებობს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ეს ოჯახები არიან მორალური და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე. მრავალშვილიანობა არის ერთგვარი მდგომარეობა.
საკმაოდ მძიმე დემოგრაფიულ ორმოშია საქართველო.
ჩვენი ორგანიზაცია, 320 ოჯახს აერთიანებს. საერთოდ, მრავალშვილიან ოჯახებს უჭირთ, ბავშვების განათლება, ასევე საკუთარი განათლებაც, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ფართები. ჩვენი ორგანიზაცია, სხვადასხვა სახის დახმარებას ვთავაზობთ მათ. ერთმანეთს ვეხმარებით, როგორც მატერიალურად ასევე მორალურად.
ხელს ვუწყობთ ასევე საგანმანათლებლო კუთხითაც სხვადასხვა შეხვედრებით, რაც მათი განვითარებისთვისაა.
მე თვითონ 7 შვილის დედა ვარ, ორი სტუდენტია, უმცროსი 9 წლისაა. ჩემთვის არ შეუშლიათ შვილებს ხელი, კარიერული წინსვლისთვის ან სწავლისთვის, იმიტომ რომ მქონდა ხელშეწყობა. თუმცა, ვხედავ რომ სხვა მრავალშვილიანი დედები ხშირად ვერ უმკლავდებიან ამ მდგომარეობას“, – აღნიშნავს ორგანიზაცია „მტევანის“ დამფუძნებელი იზა ცაგარელი.
აღსანიშნავია, რომ IDFI-ის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში – „ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ საუბარია, მრავალწილად ოჯახების დახმარებების სტანდარტებზე, რეგიონების მიხედვით, სადაც მნიშვნელოვნად განსხვავებული სტანდარტები არსებობს.
დოკუმენტის თანახმად, მთელ რიგ ადგილობრივ თვითმმართველობებში (მაგალითად: დმანისი, საგარეჯო, ქარელი, ჭიათურა, თერჯოლა, ბაღდათი, თიანეთი, მცხეთა, გარდაბანი) 2015 წლის მდგომარეობით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ცალკეული პროგრამა საერთოდ არ არსებობს.
რაც შეეხება, იმ თვითმმართველ ერთეულებს, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, მნიშვნელოვანი განსხვავებები ფიქსირდება, როგორც პროგრამით სარგებლობისათვის დაწესებული პირობების, აგრეთვე გათვალისწინებული სოციალური დახმარებების ოდენობით და შინაარსით.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობაზე დაწესებული განსხვავებული შეზღუდვები, დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილობრივ თვითმმართველობაში, სავარაუდო ბენეფიციართა რაოდენობასა და პროგრამის ბიუჯეტის ოდენობაზე.
ნინო ბერიძე
მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით