საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა, წილად ხვდათ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული მათში საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს.

ლეილა ალიბეგაშვილი, პარტია „ევროპული საქართველო“- ს რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატია. ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კამპანიაში, ცესკოს მიერ, დროებით წევრებად არჩეული არიან საჯარო მოხელეები.

„ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ცესკოს მიერ წარგზავნილი არის ორი კომისიის წევრი, რომლებიც მუშაობენ  რუსთავის მერიაში. ესენი არიან ხათუნა მამულაშვილი და სოფო მაჭარაშვილი. ასევე, ცესკოს მხრიდან წარგზავნილია წევრად მარიამ ლაცაბიძე, რომლის მამაც, ერეკლე ლაცაბიძე, მუშაობს რუსთავის ცურტაველის სახელობის ტერიტორიულ ორგანოში და არის ხელმძღვანელი აღნიშნული ერთეულის“,- საუბრობს ლეილა ალიბეგაშვილი.

QvemoQartli.ge დაინტერესდა აღნიშნული კანდიდატებით და მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ხათუნა გოშაძეს ესაუბრა.

გოშაძის განცხადებით სამივე წევრი წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლში. აქვთ მუშაობის გამოცდილება, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე საოლქო კომისიაში. საუბრობს, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ.

„ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება აქვთ ხათუნა მამულაშვილს და სოფო მაჭარაშვილი-რამიშვილს. სიმართლე გითხრათ, გამოკვლევები არ ჩაგვიტარებია მათ პოზიციებთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში.

მუშაობს ეს ხალხი საჯარო სამსახურში, როგორც მოგეხსენებათ ოლქში ეს სამუშაო დროებითია“,- ხათუნა გოშაძე.

მარიამ ლაცაბიძესთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ იგი გასულ  წლებში გახლდათ, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ასევე თავმჯდომარე და ერთ-ერთი წარმატებული და პასუხისმგებლიანი თავმჯდომარე იყო.

თავად მარიამ ლაცაბიძე ამბობს, რომ მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია. სწავლის დასრულების შემდეგ კი დასაქმებული იყო სამოქალაქო სექტორში, ასევე როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სხვადასხვა არჩევნების დროს მუშაობდა. მარიამთან დაკავშირებით ვაზუსტებ სხვა დეტალსაც. მარიამის მამა, ერეკლე ლაცაბიძე, გახლავთ “ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.

„ დიახ, მამაჩემი ერეკლე ლაცაბიძე არის პარტიულ სიაში, რის შესახებაც როგორც არსებული კანონმდებლობით მევალებოდა დავწერე განცხადება, 6 სექტემბერს და მივმართე ოლქს. აღნიშნული განცხადება დავწერე მას შემდეგ, რაც პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა. მსგავს ვითარებაში, კანონით სხვა პროცედურების გავლა არ გვევალება, უბრალოდ, იმისთვის რომ არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი აუცილებელია განცხადებით მიმართვა, რათა მოხდეს აღნიშნულის გათვალისწინება“,- რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, მარიამ ლაცაბიძე.

საკითხზე კომენტარს აკეთებს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ხათუნა მამულაშვილიც. ამბობს რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის საფუძველზე მისი არჩევა, საარჩევნო ადმინისტრაციაში წლობით მუშაობის გამოცდილების შედეგია. ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან აფელირებული.

„ საჯარო სამსახურში რომ ვმუშაობდი ეს ახალი ამბავი არ იყო. ცესკოში გასაუბრებაც გავიარე და ეს თემა არსად არ იყო დაფარული. საჯარო სამსახურში მუშაობა მე არაფერში შემიშლის ხელს. ჩემი კომპეტენციის და გამოცდილების გამო დავინიშნე აქ. შედეგიც დაიდება და საბოლოოდ, ალბათ, ყველა ნახავს ვინ როგორი მიკერძოებული არის.. მე მაგის პრობლემა არ გამაჩნია და ისეთი სამსახურიც არაფერი მაქვს.. ვარ ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის უმცროსი სპეციალისტი. ახლა ვიმყოფები ფასიან შვებულებაში და ხვალიდან უფასოში გავალ. [ჩვენი საუბარი 9 სექტემბერს შედგა]

არაფერი არ არის დამალული. ყოველთვის ვიღაცა სადღაც მუშაობს, აბა უმუშევარი ხომ არ უნდა იყოს?! ისეთი სამსახური არა მაქვს, რომ რაღაც დამსახურების გამო მოეზღოთ“, – რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ხათუნა მამულაშვილი.

კომისიის მეორე წევრი, რომლის მიმართაც გაკეთდა განცხადება სოფო მაჭარაშვილი-რამიშვილი აცხადებს, რომ მუშაობს რუსთავის მუნიციპალიტეტში და არის კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

„ საჯარო სამსახურში მუშაობა ნამდვილად არ მიკრძალავს ვიყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. დაწერილი მქონდა ჯერ ფასიანი შვებულება და ახლა უკვე დაწერილი მაქვს უფასო შვებულება. ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. გამოცდილება მაქვს ოთხწლიანი. ვიყავი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და შემდეგ უკვე მთელი სამი წელი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ოლქიდან ვიყავი არჩეული“, – რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი სოფო მაჭარაშვილი-რამიშვილი.

სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს, ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის საკითხს.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად,  საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში, 370 პირი მონაწილეობდა, საიდანაც ცესკომ პირველადად 218 დროებითი წევრი აირჩია, ხოლო შემდეგ ერთი დამატებით. ცესკოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის 98 დროებითი წევრი (44.95%), ხოლო სრული შემადგენლობის უმრავლესობით − 120 წევრი (55.05%). კონკურსში მონაწილე 370 კანდიდატიდან გასაუბრება გაიარა 180-მა პირმა. საარჩევნო ოლქების 16.4%-ში კონკურენცია არ ყოფილა – 3 ვაკანსიაზე 3 განცხადება იყო წარდგენილი.

„ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებად შერჩეულ პირთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არიან დასაქმებულები. რამდენიმე შემთხვევაში გამოიკვეთა პროფესიულ წევრებად შერჩეული პირების აფილიაცია/კავშირი მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი ან/და ოჯახის წევრების ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით“- ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით