” ბავშვთა სიცოცხლის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი”
სახალხო დამცველის ეხმაურება გუშინ ბათუმში, „ოცნების ქალაქში” ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში შედეგად დაღუპვას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.
„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:
- უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
- შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით”.
15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები არიან 5 და 7 წლის ბავშვები.
გამოცემა წერს, რომ პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩაცვივდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათი ეძებდნენ.
„ბათუმელებისცე“ ინფორმაციით, ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
„ოცნების ქალაქი” უბანია ბათუმში, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობენ. 2000-მდე ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს.
2020 წლიდან „ქართულმა ოცნებამ” ადგილზე მშენებლობები დაიწყო.
2025 წლის 8 თებერვალს კი „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იწყება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი. მან მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში „ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„რადიო თავისუფლების” მოკვლევის თანახმად, ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა. მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებულ კაფსულაზე 1770-ლარი დაიხარჯა.