საწარმოების პირისპირ – რუსთავში ქარხნების სიახლოვეს მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია რუსთავში საწარმოთა საქმიანობის ზეგავლენა ქალების ცხოვრებაზე. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლებისა და მსხვილი საწარმოების მიმართ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
დოკუმენტი მოამზადა ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიამ“ პროექტის – „რუსთავში, მსხვილი საწარმოების სიახლოვეს მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევის“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.
კვლევის ავტორების მიერ წარმოდგენილი ხედვა და მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.
კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ „ქვემო ქართლის მედია“.
კვლევის ავტორები: ქეთევან მურღულია, მანონ ბოკუჩავა
თარგმანი: ნათია დავითაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: სოფია ბერიძე-სტავროგინა
დაკაბადონება: ირაკლი კორძახია
კვლევის მიგნებები:
საწარმოთა საქმიანობის უარყოფითი გავლენა გარემოზე – რესპონდენტები ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ქალაქში არსებულ საწარმოებს ასახელებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ საწარმოები უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ ღამით, როდესაც შედარებით რთული შესამჩნევია გამონაბოლქვი; ამიტომ მოითხოვენ საწარმოების მუშაობის მონიტორინგს ღამითაც, რაც, მათი აზრით, უფრო ნათლად წარმოაჩენს მავნე ზემოქმედებას გარემოზე.
საწარმოთა საქმიანობის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე – რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ აწუხებთ საწარმოო მტვერი-გამონაბოლქვი, რაც საწარმოების მუშაობის შედეგია და მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე. აღნიშნავენ, რომ ხშირად აწუხებთ თვალების წვა, მშრალი ხველა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ასევე, შიშობენ გახშირებული ონკოლოგიური დაავადებების გამო, რასაც, აგრეთვე, უკავშირებენ საწარმოთა საქმიანობას. რესპონდენტთა უმრავლესობა უჩივის სუსტ იმუნიტეტსა და შეძენილ ალერგიულ დაავადებებს.
გენდერული ნიშნით მოწყვლადობა – საწარმოებისგან მიყენებული ზიანი მძიმედ აისახება ქალების ცხოვრებაზე. მათთვის განსაკუთრებით რთულია მავნე გარემო პირობებთან გამკლავება, საჭირო ფინანსების უქონლობა კი ხელს უშლის, პერიოდულად გადაიმოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააკონტროლონ, საწარმოების ქიმიური გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი როგორ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
საწარმოთა სოციალური ზემოქმედების ნეგატიური ასპექტები – როგორც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, ხშირ შემთხვევაში საწარმოები დასაქმების ერთადერთ სფეროს წარმოადგენენ, ალტერნატივის არარსებობა კი ერთგვარი დემოტივაციაა მოსახლებისთვის ეკოაქტივიზმში ჩართვის კუთხით. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში საწარმოთა დასაქმების პოლიტიკაში იკვეთება ისეთი მძიმე სოციალური პრობლემები,როგორიცაა: არასათანადო სამუშაო სივრცე, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევა, პროფესიული დაავადებების მაღალი რისკი და სამუშაო ადგილების დაკარგვით მუდმივი მანიპულირება, დამსაქმებელთა მხრიდან პროტესტის ჩახშობის მიზნით.
სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობა და კონტროლის მექანიზმი – რესპონდენტები მოითხოვენ, სახელმწიფომ გაამკაცროს კონტროლი საწარმოების მიმართ და შეიმუშაოს მონიტორინგისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი.
ეკოაქტივისტების რეკომენდაციები:
უფრო მკაცრი და მოქნილი გახდეს საწარმოების საქმიანობის კონტროლი;
- მოწესრიგდეს საწარმოების ფილტრების სისტემა;
- აღმოიფხვრას ე.წ უკონტროლო გაფრქვევა – პროცესი, როდესაც გამონაბოლქვი მილების/ფილტრების ნაცვლად საწარმოების შენობების კედლებიდან გამოდის;
- ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდეს ქალაქის ქუჩები, სველი წესით;
- პარლამენტმა შეიმუშაოს საწარმოების მხრიდან დარღვევების გამოვლენისა და აღმოფხვრის ეფექტიანი მექანიზმი;
- სამოქალაქო აქტივისტებმა მოსახლეობისთვის გაააქტიურონ შემეცნებითი და საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოლოგიის მიმართულებით;
- საწარმოებმა აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობისა და ქალაქის წინაშე;
- ადგილობრივმა მთავრობამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და გადადგას კონკრეტული/ქმედითი ნაბიჯი, პრობლემის გადასაჭრელად.
იხილეთ კვლევა სრულად ქართულ და ინგლისურ ენებზე: