საქართველოში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინია

საქართველოში ეკონომისტები ლარის გაუფასურების საფრთხეებზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი მომავალში ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზეც აისახება.

საპარლამენტო არჩევნების ფონზე ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ქვეყნის რეზერვებს ყიდდა, რაც ეკონომისტების აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურებამდე და ინფლაციამდე მიგვიყვანს.

,,სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყნის რეზერვებიდან 700 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამის მიზეზი ,,ქართული ოცნების” დანაშაულებრივი საარჩევნო კამპანია იყო. ასეთი რამ პანდემიის დროსაც არ მომხდარა. 2020 წლის ოქტომბერში გაიყიდა 200 მილიონი დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, ამ წლის ოქტომბერში კი გაიყიდა სამჯერ მეტი,” – აცხადებს ეკონომისტი და პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.

27 ნოემბერს ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის რანგში ,,ქართულ ოცნების’’ დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. დავითაშვილის თქმით, საქართველოში ეკონომიკის ზრდის პარალელურად დაბალია ინფლაციის მაჩვენებელიც. „იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 9.9% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი – მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3%. უმუშევრობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის სამ კვარტალში და საშუალოდ 13.8% შეადგინა. რაც შეეხება სიღარიბეს – გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. თუმცა, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რისი შედეგია ეკონომიკური ზრდა? ამ კითხვაზე ეკონომისტების პასუხი ერთია. ისინი ამბობენ, რომ ეს მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შედეგია.

,,რადიო თავისუფლებასთან” საუბარში კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი ეგნატე შამუგია ამბობს, რომ „ეკონომიკური ზრდა და განვითარება შენელდება. შესაძლოა, ეს არ იყოს უარყოფითი ზრდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპი თუ 2-3%-მდე შენელდა, განვითარებადი ეკონომიკისთვის ეს, ფაქტობრივად, რეცესიას ნიშნავს.”

გამოდის, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ინფლაციის არიდებას ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული რეზერვების ფონზე ხერხდება. ქვეყნის სავალუტო რეზერვები კი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე მიმდინარე წელს დაეცა.

,,საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. ნოემბერში კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში,’’ – წერს ბიზნესმედია.