„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგთა ქსელი შეიქმნა
დღეს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის შეხვედრა გაიმართა რუსთავში.
შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში ჩართვის ინტერესი გამოხატეს. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი და პროექტის სამართლებრივი ექსპერტი, ანა შალამბერიძე, ასევე – მოწვეული სპიკერი, ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი, გვანცა წულუკიძე, რომელმაც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ქსელის წევრებს.
როგორც საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, აღნიშნა, ორგანიზაცია რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს ქსელის წევრებისთვის და ასევე – ერთობლივ ადვოკატირებას სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლის ძიების თაობაზე.
სასამართლოს გუშაგების ქსელი პროექტის „აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობით, მონიტორინგითა და ადვოკატირებით. შესაბამისად, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შექმნა აქტიური მოქალაქეების ქსელი ქუთაისსა და რუსთავში.
QvemoQartli.ge