საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები

ევროკავშირი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში, საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით. ეს მოიცავდა ევროკავშირის საკანონმდელო სტანდარტებთან თანხვედრაში დახმარებას.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. ეს რეჟიმი ზრდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბაზარზე წვდომას უკეთესად მორგებული რეგულაციების საფუძველზე. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.

2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება. ამ პერიოდისთვის, საქართველო უკვე სარგებლობდა შეღავათების ზოგადი სისტემით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან, დაასრულა ამ პროგრამით სარგებლობა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა. DCFTA აღრმავებდა საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები.

ევროკავშირი ხელს უწყობდა მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერაში ხარისხის მართვის სისტემების და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების ჩამოყალიბების გზით, რითაც სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა

ევროკავშირი მხარს უჭერდა საქართველოს კონკრეტული ინვესტიციებით, რათა  პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. უახლოეს წლებში ევროკავშირი ინვესტირებას  გეგმავდა შემდეგ ფლაგმანურ პროექტებში:

– სანდო ინტერნეტი შავი ზღვის ინტერნეტ – კაბელის და ელექტრო კაბელის საშუალებით

– ბორანით მიმოსვლა შავ ზღვაში

– 80000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

– მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 1000 სოფლის თემებში

– სუფთა ჰაერი და ენერგოეფექტიანობა 1 მილიონი ადამიანისთვის

ვაჭრობა ციფრებში

ევროკავშირის ქვეყნები ამ დროისთვის კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორებია: მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20.5%-იანი წილი უკავია. 2022 წლისთვის საქართველოს მთლიან ექსპორტში წამყვანი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია (15,4%), შემდეგ არიან ჩინეთი (13,2%), აზერბაიჯანი (12%), რუსეთი (11 , 5%) და თურქეთი (7,8%) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი).

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ვაჭრობა საქართველოსთან (რომელიც 75 – ე ადგილზეა) 2022 წლისთვის 0,1% –ს შეადგენდა, 4,256 მილიარდი ევროს ღირებულებით (EUROSTAT).

2022 წელს ევროკავშირის ექსპორტმა საქართველოში 3.23 მილიარდი ევრო შეადგინა. ძირითადი საექსპორტო საქონელი უმთავრესად არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა, როგორიცაა მინერალური პროდუქცია, მექანიზმები,  ხელსაწყოები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.

ევროკავშირის ძირითადი იმპორტი საქართველოდან მოიცავდა ძირითადად სამრეწველო პროდუქციას, როგორიცაა მინერალური პროდუქცია. გარდა ამისა, ქიმიური ან მომიჯნავე მრეწველობის პროდუქცია, ტექსტილის ნაწარმი და ბოსტნეული.

2022 წელს ევროკავშირმა საქართველოდან 1,026 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შემოიტანა (EUROSTAT).

QvemoQartli.ge