სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და შენობის გარეთ, მდებარე მამა-პაპურ საპირფარეშოს.

ზემო თელეთში მდებარე,  სასწრაფოს შენობაში არ არის გამდინარე წყალი, შესაბამისად, არც ონკანია და არც საკანალიზაციო სისტემა.

პირად საუბრებში თანამშრომლები ამბობენ, რომ რაც ჯანდაცვის სამინისტროს ევალებოდა ყველაფერი გააკეთეს. კერძოდ კი ჰყავთ ერთი გამართული სასწრაფო დახმარების მანქანა, თავისი სამედიცინო აღჭურვილობით და აქვთ კორონავირუსისგან დაცვის ეკიპირება.

დღეში დაახლოებით 10-12 გამოძახებაა – ემსახურებიან მოსახლეობას კრწანისიდან დაწყებული კუმისამდე. მუშაობენ ოთხ ცვლაში. გამოძახებაზე გადის ექიმი, ექთანი და თავისთავად სასწრაფოს მძღოლი.

გამოძახებიდან მოსულები კი დიდი ალბათობით, წყალს ფოტოზე ასახულ წითელ პლასტმასის ჭურჭელში ასხამენ და ხელებს რეგულაციების თანახმად იბანენ, ოღონდ რეგულაციებს რამდენად ჰყოფნის ამ მოცულობის წყალი, რთული სათქმელია.

თელეთის სასწრაფოს თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ჰქონდათ გამოძახებები „ცხელების“ ჩივილით და არაერთხელ დაეხმარნენ, სავარაუდოდ, ინფიცირებულ ადამიანებს. პირად საუბარში ვერც იმას უარყოფენ, რომ მათი ანაზღაურება ნაკლებია თბილისში მომუშავე სასწრაფოს მედპერსონალისაზე. კითხვაზე ეს რატომ ხდება, პასუხი არ აქვთ.

ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, დღეს თელეთის თემის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ორ ოთახშია განთავსებული. ორიც პატარა დამხმარე ოთახი აქვთ. ამავე შენობის მეორე სართულზე არის გამგეობა. გვერდით კი ახალი ამბულატორია, შესაშური ვიზუალით და შიდა კეთილმოწყობილი გარემოთი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი გურულიშვილი აცხადებს, რომ თემში შემავალი სოფლების წყლით მომარაგებისთვის მასშტაბური პროექტი დაიწყო. გვიხსნის, რომ წყალთან დაკავშირებული პრობლემა 2022 წელს სრულად მოგვარდება. [ზემო თელეთში, ჩვენც ვხედავთ, სოფლის ცენტრში მოგროვილ წყლის ახალ მილებს, თუმცა ჩვენი ადგილზე ყოფნის დროს, აქტიურ სამუშაო პროცესს ვერ შევესწარით]

ვუბრუნდებით სასწრაფოს თემას.

ვცდილობთ გარდაბნის მერიისგან გავიგოთ, რას უპირებენ ზემო თელეთში მდებარე  სასწრაფოს?!

გარდაბნის მერია გვპასუხობს, რომ იგეგმება, თელეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მოწყობა, თუმცა შეკითხვაზე, როდის?! მერიაში პასუხს ვერ გვცემენ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის #385-ე დადგენილება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიასა და  სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს არეგულირებს. 2012 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებში აუცილებელია უწყვეტი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება. აქ, აღარ დავამატებთ იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველივეს, პანდემიის დროს.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თინათინ მოსიაშვილი

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით