სარწყავი წყლის უქონლობა, მოუწესრიგებელი ცენტრალური და შიდა გზები – მთის ძირის უძირო პრობლემები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის “მთის ძირი”-ს დასახლება ემეზობლება, როგორც რუსთავს ასევე თბილისს. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც სოფელს ციხეებთან, რადგან #6 და #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სიახლოვეს მდებარეობს.

QvemoQartli.ge დაინტერესდა როგორი საცხოვრებელი პირობებია „მთის ძირის“ დასახლებაში და რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება ადგილობრივ ქალებს.

„ გვაქვს სასმელი წყალი, ელექტროენერგია და განათებები. სამწუხაროდ, არ გვაქვს სარწყავი წყალი და კანალიზაციის სისტემა. სარწყავი წყლის პრობლემის გამო, ბევრი მცენარე გაგვიხმა ბაღში“, – საუბრობს ადგილობრივი ციური თაქთაქიშვილი. გვიხსნის, რომ სოფელს ასევე არ აქვს საძოვრები, რაც საქონლის მოვლა-შენახვას ართულებს. ამ და სხვა პრობლემებზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც.

მაია შახნაზაროვა ამბობს, რომ აქ ყველანი უკვე შეწუხებულები არიან წყლის მილების, ხშირი დაზიანებით. საუბრობს, რომ სასმელი წყლის მილები დასახლებაში შეცვალეს უხარისხო მილებით, რომელიც ყოველ კვირა ზიანდები. ერთი, რომ მათ ამის გამო გაეზარდათ სასმელი წყლის გადასახადი და მეორე, სისტემატიურად უწევთ, საკუთარი ფინანსებით, ხელოსნის დაქირავება.

სხვა ადგილობრივებისგან კი ვისმენთ, სოფლის შიდა გზებთან დაკავშირებით წუხილს. გვიხსნიან, რომ შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაატარეს.

„ შიდა გზები ცხადია არის პრობლემა, მაგრამ ასევე პრობლემა არის ცენტრალური გზა, რომელიც ორ მონაკვეთზე არის ძალიან დაზიანებული. ასევე არ აქვს დასახლებას საბავშვო ბაღი, არადა გაიზარდა აქ მოსახლეობის რაოდენობა, გვყავს ბავშვები და ვერ დაგვყავს გიგანტის დასახლებაში. იქ, არის ბაღიც და სკოლაც.

ყურადღებაა მისაქცევი ავტობუსის მოსაცდელებისთვის, ვსველდებით! პრაქტიკულად არ გვაქვს ნორმალური გაჩერება, სადაც დავდგებით და დაველოდებით ავტობუსს“, –  ადგილობრივები „მთის ძირის“ დასახლებიდან.

“მთის ძირი”-ს პრობლემებზე კომენტარისთვის გარდაბნის თვითმმართველობას, 20 სექტემბერს, მივმართეთ. კონკრეტულად კი საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს, მარიამ სოლოღაშვილს. ჩამოვუთვალეთ თითოეული პრობლემა, რომელზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, რა ხედვა და გეგმა აქვს მუნიციპალიტეტს ამ გამოწვევების საპასუხოდ. თვითმმართველობისგან პასუხის ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით