სარეზერვო ფონდის ხარჯვა პანდემიის დროს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საქართველოს‌ ‌მთავრობის‌ ‌სარეზერვო‌ ‌ფონდის‌ ‌ხარჯვა‌ ‌პანდემიის‌ ‌დროს. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ‌ ‌სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში როგორც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებთან, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებთან,  რაც ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაფინანსებას გულისხმობს.  მაგალითად,  ქვეყანაში Covid-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ამ პერიოდში სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მაგალითად, ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაფინასნება, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება  და სხვა.

კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ხარჯების გაწევის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს არასათანადო საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ ზღუდავს სარეზერვო ფონდის არაფორსმაჟორული სიტუაციებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.

„ მნიშნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს ცალკეული უწყებების მიერ სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება. მსგავსი ინფორმაციის დაფარვა, განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც სარეზერვო ფონდიდან მიღებულ დაფინანსებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოქმედება  და  არსებობს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის მაღალი რისკი“- ვკითხულობთ,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევით პუბლიკაციაში.

ტოპ-4 კომპანიის ჩამონათვალი, რომელთანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში ყველაზე დიდი ოდენობის შესყიდვები განახორციელა:

 

კვლევის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 12 განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ ჯამში 56 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ –  54.6 მილიონი ლარი.  2021 წლის პირველ და მეორე კვარტალში, საქართველოს მთავრობის  9 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11 მილიონი ლარი, რომლის საკასო შესრულებამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, 2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი (61.8 მილიონი ლარი). მათ შორის, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 13% – (7.9 მილიონი ლარი). მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა – 37% (22.7 მილიონი ლარი) – დაიხარჯა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვის პროცესებზე. 10% (6.5 მილიონი ლარი) დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, 9% (5.6 მილიონი ლარი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 23% (14.4 მილიონი ლარი) დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში. დანარჩენი 7% (4.2 მილიონი ლარი) მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით