სარგებლობს თუ არა ადამიანების გასაჭირით მმართველი პარტია – მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების დაკანონების იმედით

მოგეხსენებათ, სამართლიანი არჩევნები თავის თავში მოიცავს, როგორც არჩევნების დღესთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მოვლენების სამართლიანობას. ოქროს წესების სივრცე მოიცავს: თანაბარ პირობებს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, ადმინისტრაციული რესურსის არ გამოყენებას და სხვა მრავალი.

რაც უფრო ღარიბი და სოციალურად მოწყვლადია ქვეყნის მოსახლეობა, მით უფრო მეტად საჭიროებს ყურადღებას საკითხი, ხომ არ ხდება ადამიანების გაჭირვების, რთულ სიტუაციაში აღმოჩენის – საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, აკვირდება საარჩევნო სუბიექტების მუშაობას საზოგადოების ამ ნაწილთან.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო, რუსთაველთა მცირე ნაწილისთვის ფართების დაკანონების ფაქტმა. მაშინ, ეს სასიხარულო ამბავი მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად ამცნო. მართალია, მაშინ ლაცაბიძე „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილი არ იყო, თუმცა მედია არა ერთ ნამუშევარში მას უკვე მოიხსენიებდა როგორც კანდიდატს და ცხადია, საზოგადოებაშიც მისი გამოჩენაც შესაბამის ასოციაციას იწვევდა.

ცოტა უფრო შორიდან რომ დავიწყოთ, გეტყვით, რუსთავში, წლებია, სოციალურად დაუცველი ადამიანები მიტოვებულ შენობებში შედიან. შემდეგ მათ საკუთარი ძალებით აწესრიგებენ და ცხოვრებას იწყებენ. მართალია, ყოველივე ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ალბათ, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ ზოგჯერ ადამიანური სამართლიანობა და დაწერილი კანონი ერთმანეთთან არ მეგობრობს.

10 სექტემბერს რუსთავის საკრებულომ ერთ-ერთ ასეთ, წარსულში მიტოვებულ შენობაში, დავით გარეჯის 2ა-ში, მცხოვრებთა ბედზე იმსჯელა. საკრებულომ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, რათა მასში მაცხოვრებლებს ფართები შემდეგ უკვე სახელმწიფომ დაუკანონოს.

ოჯახები დავით გარეჯის 2ა-ში, 6-7 წელია ცხოვრობენ. ალბათ, ზუსტად ამდენივე წელია, ითხოვენ მათ სარგებლობაში არსებული ფართების დაკანონებას.

აქამდე რატომ არავინ მოხედა ამ ხალხს? დაკანონებას ხმების სანაცვლოდ ხომ არ მოითხოვენ მათგან?

სანამ აღნიშნულ შენობაში ოჯახები საცხოვრებლად შევიდოდნენ, მანამდე ეს ობიექტი ერთი მიტოვებული, სამშენებლო ნარჩენებით სავსე ადგილი იყო. შენობა თავისი დანიშნულებით საცხოვრებელი ობიექტი არასდროს ყოფილა. ამიტომ როდესაც ოჯახები შესახლდნენ, მათ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს, რაც ადგილზე ყველა კომუნიკაციის მისაყვანად ნებართვების მოპოვებასაც მოიცავდა. ერთი კი, რომელ თემასაც ვერ მოერივნენ, ფართების დაკანონება და  3 000 ლარიანი ჯარიმებისგან თავის დახსნა იყო.

3 000 ლარით ისინი, ობიექტზე უკანონოდ შესვლისთვის, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა.

დავით გარეჯის 2ა-ში მცხოვრებ სამი ოჯახის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ამ ჯარიმის გამო, განვადებით ვერაფერს ყიდულობენ. ასევე ვერ აიღეს გასულ წელს სკოლის მოსწავლეებისთვის ჩარიცხული 200-200 ლარიანი დახმარებაც.

აი, რას გვიყვებიან ეს ადამიანები:

რესპონდენტი 1 –  ფართების დაკანონებისთვის გასულ წელს ნახაზები გავაკეთეთ და განცხადებები შევიტანეთ. სულ 12 ოჯახს აქვს შეტანილი ეს დოკუმენტები, სხვებმა ჯერ ვერ მოახერხეს აზომვითი ნახაზების გაკეთება. ჩვენ აქ ისეთი წვალება გამოვიარეთ, სამი წელი „გარშოკებით“ ვცხოვრობდით. აქ შემოსვლიდან სამი წლის შემდეგ მოგვცეს კანალიზაცია. დაკანონების თაობაზე ბოლო დღეებში არავინ შეგვხმიანებია. მარტო იმაზე შეგვეხმიანენ, რომ არჩევნებზე მოდით და ხმები მოგვეცითო. ჩვენ ვეუბნებით, ისედაც თქვენი მომხრეები ვართ, თქვენმა მთავრობამ არ გაგვაგდო აქედან, წყალზე, დენზე და გაზზე ნებართვები მოგვცა.

ასე იყო გასულ წელსაც, – არჩევებამდე შეგვატანინეს საბუთები და დაკანონებას მაშინაც გვპირდებოდნენ. არ ვიცი, ახლა რა იქნება. ვწვალობთ ხალხი ამის გამო. არ ვიცით, რატომ არ დაგვადგა საშველი“.

რესპონდენტი 2 –  „3 000 ლარიან ჯარიმას ვერ ვიშორებთ. დაკანონებას რაც შეეხება, გასულ წელს წინასაარჩევნოდ დაფაცურდნენ, დაგვიბარეს მეზობლები, ხელი მოგვაწერინეს. იმედი მოგვეცა, მაგრამ – არაფერი. გვეუბნებიან, 400 ოჯახი ელის კიდევ დაკანონებასო და ამიტომ არისო ასე. მე არ ვიცი, მთელი წელი თუ არაფერი გააკეთეს, ახლა ორ დღეში დამიკანონებენ?!

ჩვენ აქ გაჭირვების გამო შემოვედით და ყველაფერი წვალებ-წვალებით გავაკეთე. ჩვენი ჯანმრთელობისა და შრომის შედეგია, აქ რასაც ხედავთ“.

რესპონდენტებმა საკუთარი სახელი და გვარი ჩაგვაწერინეს, ოჯახებში მიგვიღეს და წლების განმავლობაში სახურავიდან ჩამოსული წყლის კვალიც გვანახეს.

მათი სახელები და გვარები, რედაქციის გადაწყვეტილებით არ გაგიზიარეთ, რომ მათთვის ფართების დაკანონების პროცესი, ამ კომენტარებს არ შეეფერხებინა..

ამ თემაზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო ქავთარაძეს  ვესაუბრეთ. ქავთარაძე ასევე არის „ქართული ოცნების“ რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი.

ის ამბობს, 2017 წელს, როდესაც საკრებულოში აირჩიეს, ერთ-ერთი პირველი პრობლემა რაც დახვდა, ფართების დაკანონების საკითხი იყო. გვიყვება, რომ, ბოლო სამი წელია, ამ თემაზე მუშაობს და ეტაპობრივად მიმდინარეობს, კანონით განსაზღვრული წესებით, ფართების დაკანონება. საუბრობს, რომ თავადაც არის ნამყოფი დავით გარეჯის 2ა-ს მისამართზე და მისთვის ამ ადამიანების თხოვნა, დაკანონების თაობაზე, ლეგიტიმურია.

რაც შეეხება საარჩევნო ბენეფიტებსა და ფართების დაკანონებას საკითხს, გვპასუხობს:

„შესაძლოა, ერთი შეხედვით ეს ჰგავდეს წინასაარჩევნო აქტივობას, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს.

მუნიციპალიტეტი თავის საქმიანობას ვერ გააჩერებს იმის გამო, რომ არჩევნებია“, – ამბობს ნინო ქავთარაძე.

ცოტა რამ „დაკანონების“ პერიპეტიებსა და ამომრჩეველთა ხმებზე

ჩვენი რესპონდენტები ორ საყურადღებო საკითხზე საუბრობენ.

პირველი, ასახელებენ გასული წლის სექტემბერს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს. ამბობენ, რომ სწორედ მაშინ მოუხშირეს კეთილის მსურველმა, მმართველი პარტიისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა სტუმრობას. ხმების სანაცვლოდ, დაკანონებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ.

დაკანონებისთვის მომზადებული ფართის ერთ-ერთი ნახაზი, რომელიც ადგილობრივმა გაგვაცნო, მომზადებულია 2020 წლის სექტემბერში. მანვე განმარტა, რომ ეს ნახაზი განცხადებასთან ერთად შეიტანეს თვითმმართველობაში, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. გვიხსნის, რომ მაშინაც წინასაარჩევნოდ აიმედებდნენ და ახლაც იგივე მეორდება.

მეორე საკითხი კი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, ასეთია: რესპონდენტი ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ რუსთავის მუნიციპალიტეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ ზვიად გავაშელთან. ამ უკანასკნელმა, მათი თქმით, შეატყობინა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა „ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და შეხვედრაზე მისვლა, ასევე, ფართების დაკანონების საკითხზე, მასთან საუბარი ურჩიათ.

რატომ ეპატიჟება მოქმედი საჯარო მოხელე მოქალაქეებს პარტიულ აქტივობაზე?

შეკითხვებით, რუსთვის მერის მრჩეველს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ხატია ფოცხვერაშვილს მივმართეთ. ფოცხვერაშვილმა განაცხადა, რომ გავაშელი შვებულებაში იმყოფება; ხოლო კითხვებზე – როდის გავიდა შვებულებაში და სარგებლობს თუ არა ანაზღაურებადი შვებულებით, გვპასუხობს, რომ  ამ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალურად უნდა მივწეროთ.

თავად ზვიად გავაშელმა  კი ჩვენს არც სატელეფონო ზარს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

და ბოლო აკორდი, ვუბრუნდებით თემას

რუსთავის დავით გარეჯის 2ა-ში მცხოვრებ ადამიანებს, მათი გასაჭირის თაობაზე, როგორც შევიტყვეთ, დაპირება ოპოზიციამაც მისცა. როგორც რესპონდენტები განმარტავენ, მათთან „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ მოსულები და დაჰპირდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სამ თვეში, საცხოვრებელ ფართებსაც დაუკანონებენ და 3 000 ლარიან ჯარიმებსაც მოუხსნიან.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ საიტის მითითებით.