სამოქალაქო სექტორი ქვემო ქართლში სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს

CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისის, გარდაბნის, ბოლნისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მრავალაქტორული სამუშაო ჯგუფები დააარსა.

ჯგუფები შედგება ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელი პროვაიდერებისგან. ჯგუფების მიზანია, მუნიციპალური სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის, შეისწავლოს მოქმედი მუნიციპალური სერვისების შემუშავებისა და მიწოდების კუთხით არსებული პრობლემები, გამოკვეთოს სამიზნე ჯგუფების საჭიროებები და შესთავაზოს მერიას სოციალური სერვისების გაუმჯობესების ალტერნატივები.

მრავალაქტორულმა ჯგუფმა, დღეს მარნეულში, ექსპერტების ჩართულობით, განიხილა არსებული სოციალური სერვისები, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, გამოწვევები და გამოწვევების დაკმაყოფილების შესაძლებლობები. მრავალაქტორულ ჯგუფებს  ექსპერტულ მხარდაჭერას ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, CSRDG უწევს.

ორგანიზაციის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ზურაბ ტატანაშვილი შეხვედრაზე ყურადღებას ამახვილებდა ისეთ საკითხებზე, რომელიც სოციალური პროგრამების მიზნობრიობას და ეფექტურობას განსაზღვრავს. კერძოდ: როგორ დგინდება ამა თუ იმ პროგრამის საჭიროება; როგორც ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა; არის თუ არა პროგრამების შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის; ქართულთან ერთად, რა ენებზე არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია; რა საუკეთესო პრაქტიკები არსებობს ახალი სოციალური პროგრამების შექმნის.

CSRDG-ის სოციალური მომსახურების პროგრამის კოორდინატორი საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი სოციალური პროგრამების შექმნა, რომლებსაც მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება შეუძლიათ. ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების ამ ნაწილის სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან ერთად, შეცვლის არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, ადამიანები წლიდან-წლამდე არიან დამოკიდებულები სოციალურ დახმარებებზე.

„ საუბარია ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებულ პროგრამებზე. ყველა ადამიანს და ყველა ოჯახს აქვს თავისი განსხვავებული საჭიროა და შესაბამისი, მიდგომა/შეფასება არის საჭირო. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებზე, აქ ვხედავთ რომ ზოგადად რეგიონებში დეფიციტური არის მათთვის განკუთვნილი მომსახურებები. იგივე ეხება, ხანდაზმულთა პროგრამებს. ეს ადამიანები განიცდიან მარტოობას და ზოგადად, ასაკობრივი კრიზისი, სწორედ, ამით არის გამოწვეული. ასეთ დროს კარგად მუშაობს „აქტიური დაბარების ცენტრები.“  მათი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება ასეთი ცენტრების დახმარებით,“ – CSRDG, ზურაბ ტატანაშვილი.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის მერიის სოციალური განყოფილების სპეციალისტი, თათია ანდრიაშვილი. საუბრობს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ხდება მათთვის გამოცდილების გაზიარება.

„ ჩვენ ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ სოციალური პროგრამები. ამასთან ერთად, ვიღებთ რეკომენდაციებს, თუ რა საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ახალი პროგრამების შექმნისას. ყველა რეკომენდაციას ვეცნობით ყურადღებით“ , – თათია ანდრიაშვილი, მარნეულის მერია.

პროექტის შესახებ

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4 წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022  წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია: „პირველ ევროპელთან“ ერთად (FE).

პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და მხარს უჭერს სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარ მიმწოდებელს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და მათი ჩართულობით სოციალური სერვისების გაუმჯობესებას.

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონებში.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.