სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ინსტრუმენტი

თვითმმართველობის მუშაობის ძირეული პრინციპიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ჩართულობას, მუნიციპალიტეტების მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. საბჭო, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით კომპლექტდება.  მის წევრებს, მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ვკითხულობთ:

„ მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.“

მერის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირებას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების კრიტერიუმებშიც. ინდექსის მიხედვით, ფასდება როგორც მათ მიერ, საკუთარი ინიციატივებით წარმოდგენილი რეკომენდაციები და საკითხები, ასევე, სავალდებულო საკითხებისა და დოკუმენტების წარდგენა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის ინდექსის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მრჩეველთა საბჭოსთან დაკავშირებული კრიტერიუმების შეფასება, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა – 100%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა – 0%;

ამჟამად, რუსთავს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს და იგი 51 წევრისგან შედგება.  წევრები კი არიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე რუსთაველები.

მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირებასა და მნიშვნელობაზე, რუსთავის საბჭოს თავმჯდომარეს, ნოდარ ღვამბერიას ვესაუბრეთ.

აღნიშნავს, რომ საბჭოს მუშაობა ქალაქისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

„ საბჭოში ვართ 51 კაცი, აქედან გენდერული თანასწორობით გაყოფილები, 2/3 მამაკაცი და 1/3 მანდილოსნები. ყველა სპეციალობის ადამიანები ვართ შეკრებილი. უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფები, 50 ადამიანის შეკრება ცოტა რთულია. თითო ჯგუფში არის 10-10 კაცი, სულ ხუთი მიმართულებით ვმუშაობ: განათლება / სოციალური მიმართულება; მედიცინა / სპორტი; ინფრასტრუქტურა; ურბანული განვითარება; მრეწველობა / ეკონომიკა.

ყველას თავისი კოორდინატორი ჰყავს. ჩვენ გვქონდა ამ ჯგუფების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, გავიარეთ საკითხები და ახლა დაიწყება მუშაობა ამ ჯგუფების, იმ პრობლემების გარშემო, რაც რუსთავშია და რასაც ჩვენ ვხედავთ.

საბჭოს არსებობას მივესალმები, აქედან ჩანს რომ ხალხის აზრი საინტერესოა. მაგრამ აქ შეიძლება მეორენაირად შევხედოთ საკითხს,  ქალაქში არის ყუთები, სადაც მოქალაქეების აზრები გროვდება. მერსაც აქვს მიღებები, ასევე საკრებულოს. მაგრამ, როგორც მე მესმის, ქალბატონ მერს, ჩვენი საბჭოდან სურს, რომ გაიგოს – ხომ, არ არის ისეთ საკითხი, რასაც სხვა გამოცდილი თვალი სხვანაირად შეხედავს და გააჟღერებს.

საკითხის გადაწყვეტა როგორც ჩვენი მრჩეველთა საბჭოსი, შეიძლება ორნაირად განვიხილოთ. ერთი, რომ მერი რაღაც წინადადებებით შემოდის და გვეკითხება აზრს. ხოლო მეორე, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რაღაც საკითხების წამოწევას, ყველა მიმართულების მიხედვით და შევდივართ მერთან ინიციატივებით”, – ნოდარ ღვამბერია

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ ფუნქცია, ქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობაა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად,  ბიუჯეტის პროექტი, საბჭოს წევრებს ქალაქის მერმა უნდა წარუდგინოს. საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მათ მიერ, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა, დროის სიმცირის გამო, ვერ მოხდა.

„ ჩვენთან შემოვიდა ბიუჯეტი, რომ გითხრათ რომ კარგად მოვასწარით მისი განხილვა დეტალურად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მცირე დრო იყო. გადავხედეთ ბიუჯეტს, მზარდია ქალაქში, ეს ძალიან მისასალმებელია და პრიორიტეტები, რაც აქვს ქალაქის მერს ვეთანხმებით და ვნახოთ, როგორ იქნება მომავალში”, – ნოდარ ღვამბერია.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით