საზოგადოება ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებს კარგავს

გამჭვირვალობის იდეას ამოფარებული „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მისი კონტროლის შესაძლებლობას საზოგადოებას ართმევს.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ გასული წლის 29 მაისს გადადგეს, როდესაც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანეს.

ცვლილების შეტანამდე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ, ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე. პარლამენტმა ეს წესი შეცვალა და შესაძლებელი გახადა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს.

ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ. კანონი ბიუროს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს, საჯარო მოხელეს შენიშვნების შესახებ 30-ე დღეს აცნობოს, თანამდებობის პირს კი ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვს.

დამატებით, პარლამენტმა კანონში ჩაწერა, რომ ხარვეზის აღმოჩენისა და გამოსწორების პერიოდში, რაც შეიძლება ორი თვეც კი გაგრძელდეს, „დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი, რომელზეც საჯარო მოხელეების დეკლარაციები ქვეყნდება, ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. იქ ქვეყნდება მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლები.

დღეის მდგომარეობით, ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან ანტიკორუფციული ბიუროს საიტზე declaration.acb.gov.ge ავტორიზაციის არ მქონე პირებისთვის თანამდებობის პირების დეკლარაციების ნახვა შეუძლებელია, ახალი ავტორიზაციის შესაძლებლობას კი ამ დროისთვის ვებგვერდი არ იძლევა.

ხელისუფლების მაკონტროლებელ მედიას და კორუფციის წინააღმდეგ მომუშავეებს, ხელიდან გამოეცალა კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ცესკოს ვებგვერდს უკავშირდება. ცესკოს ამომრჩევლების სიის ველი, ქმნიდა შესაძლებლობა გადაგვემოწმებინა თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების და ბიზნესის კავშირები. მარტივად, რომ ვთქვათ, საქართველოს რეალობაში ხშირად გვხვდებოდა ქონების ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრაცია, ასევე თანამდებობის პირების ნათესავების აქტიური მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში.

ამომრჩეველთა სიის ინსტრუმენტი კი საგამოძიებო ჟურნალისტიკას ამ საქმე უადვილებდა და ამით მოგებული რჩებოდა საზოგადოება, რომელსაც შეეძლო ეკონტროლებინა ხელისუფლება და საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვის კეთილსინდისიერება.

QvemoQartli.ge